იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის, „ჯორჯო არმანის“ შემოსავალმა 2022 წელს 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ – 100 მლნ დოლარამდე. „ჯორჯო არმანის“ ბრენდის საბაზრო ღირებულება 7 მილიარდ ევრომდეა და იტალიური ტანსაცმლის ბრენდებიდან მხოლოდ „პრადას“ და „გუჩის“ ჩამორჩება. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 7 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანია „ჯორჯო არმანი“ 1975 წელს იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ და მისმა მეგობარმა, არქიტექტორმა სერჯო გალეტიმ დააარსეს. გალეტის კომპანიის ფინანსური და ადმინისტრაციული მხარე ებარა, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, ჯორჯო არმანია, რომელიც დღემდე მართავს კომპანიას და ყველა დროის გამორჩეული და აღიარებული დიზაინერია.
ჯორჯო არმანი 1934 წელს იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ მილანის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. მე-3 კურსის შემდეგ ჯარში წავიდა. ჯარის შემდეგ სამედიცინო განათლებას აღარ დაუბრუნდა და მილანში ტანსაცმლის ცნობილ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა ვიტრინების გამფორმებლად. შემდეგ მამაკაცის ტანსაცმლის სექციაში მუშაობდა მენეჯერად, საიდანაც დიზაინერ ნინო ჩერუტის კომპანიაში გადავიდა მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინზე სამუშაოდ. სწორედ აქ გამოვლინდა მისი დიდი ნიჭი დიზაინში და 1973 წელს მან დიზაინის ოფისი გახსნა მილანში. ის თანამშრომლობდა ცნობილ მოდის სახლებთან. ორ წელიწადში კი საკუთარი კომპანია „ჯორჯო არმანი“ გახსნა. გახსნიდან ერთ წელიწადში ახალი კოლექციის პირველი ჩვენება მოაწყო, რამაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა.
1980 წელს არმანიმ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ გიგანტ „ლორეალთან“, რის საფუძველზეც დაიწყო პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოშვება. 1982 წელს გამოუშვა „ემპირიო არმანის“ და „არმანი ჯინსის“ კოლექციები. 1980-იანების დასაწყისში გახსნა პირველი ბუტიკი ნიუ იორკში, რამაც აშშ-შიც მოუტანა ცნობადობა.
კომპანიის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ფილმ „ამერიკელი ჟიგოლოსთვის“ შექმნილმა კოსტიუმებმა, რის შემდეგაც „არმანი“ ჰოლივუდში გაიცნეს და მასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს.
1987 წლიდან „არმანი“ იაპონიაშიც შევიდა, ხოლო ერთ წელიწადში მის პროდუქციას მზის სათვალეები შეემატა.
1990 წლიდან „ჯორჯო არმანიმ“ ლიცენზიები გააუქმა მიმწოდებელ კომპანიებთან და თავად დაიწყო საკუთარი პროდუქციის წარმოება. ამისათვის რამდენიმე საწარმო შეიძინა.
1991 წელს ნიუ-იორკში Armani Exchange-ის (A/X) ხაზი გამოუშვა. 1997 წლიდან „არმანის“ საათების გაყიდვა დაიწყო. 2023 წლიდან კი – არმანის სამკაულების.
2000-იანების დასაწყისში „არმანი“ მსოფლიოში აღიარებული კომპანიაა არა მარტო პროდუქციით, არამედ ქველმოქმედებითაც, რის გამოც ჯორჯო არმანის 2002 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.
2004 წელს „არმანის“ მაღაზიები ჩინეთშიც გამოჩნდა. 2010 წელს კი „არმანის“ პირველი სასტუმრო გაიხსნა დუბაიში, რასაც ერთ წელიწადში მეორეც მოჰყვა, ამჯერად – მილანში.
2010-იანი წლებიდან „არმანის“ მაღაზიები კიდევ უფრო განსაკუთრებული დიზაინით იხსნება. ამასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება მისი „ერთი ღამის“ ჩვენებები. ბევრმა გიგანტმა კომპანიამ სცადა არმანის კომპანიის შესყიდვა, მაგრამ ჯორჯო წინააღმდეგი იყო. მათ შორის იყვნენ „ლუი ვიტონი“ და „კერინგი“ („გუჩის“, „ივ სენ ლორანის“ და „ბალენსიაგას“ მფლობელი).
დღეს „არმანის“ მსოფლიოში 200-ზე მეტი მაღაზია აქვს. ერთ მხრივ, მისი მაღაზიები და შოუები მდიდრულობით გამოირჩევა, მაგრამ მეორე მხრივ ჯორჯო არმანი და მისი კომპანია მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ ქველმოქმედებაში.