სწრაფი კვების რესტორანთა ქსელში გაყიდვების მიხედვით KFC-ს მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს, ის მხოლოდ McDonald’s-ს ჩამორჩება. 2023 წელს KFC-მ 3 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 250 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 4 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 30 ათასი ადამიანი. კომპანიის მფლობელი ამერიკული კორპორაცია Yum! Brands-ია, რომელიც ასევე ფლობს Pizza Hut-ს, Taco Bell-ს და რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ბრენდს.
KFC 1930 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ჰარლანდ სანდერსმა დააარსა კენტუკის შტატის ქალაქ ჩრდილოეთ კორბინში. ჰარლანდ სანდერსი ის ადამიანია, რომელიც დღემდეა გამოსახული KFC-ის ლოგოზე. ის 1890 წელს დაიბადა. ხუთი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ბავშვობიდანვე დედის დახმარება უწევდა, რომელიც საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. შვიდი წლის ასაკში უკვე რამდენიმე კერძის მომზადება იცოდა, რადგან მასზე უმცროს დედმამიშვილებზე ზრუნვა უწევდა. 13 წლისამ სახლი დატოვა და სხვადასხვა პროფესიით უწევდა მუშაობა. 1930 წელს სახლში შემწვარი ქათმის და სხვა კერძების დამზადება დაიწყო, რომელთაც ძირითადად მოგზაურებს მიჰყიდდა. ოთხი წელი სახლის სამზარეულო იყო მისი ბიზნესის ადგილი, 1934 წელს კი მცირე რესტორანი გახსნა, სადაც ექვსი მაგიდა იდგა. 1937 წელს უკვე 142-ადგილიანი რესტორანი და პატარა სასტუმრო ჰქონდა, რომელსაც Sanders Court & Cafe ერქვა.
სანდერსის რესტორანში მთავარი კერძი შემწვარი ქათამი იყო. 1939 წელს შეიმუშავა 11 სანელებელი, რომელსაც კომპანია დღემდე იყენებს და რეცეპტს საიდუმლოდ ინახავს.
1950 წელს ჰარლანდ სანდერსმა პოლკოვნიკის წოდება მიიღო და მას შემდეგ ყველა პოლკოვნიკ სანდერსად მოიხსენიებდა. წოდებასთან ერთად თეთრი პიჯაკის ტარება დაიწყო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა და KFC-ისთვის დამახასიათებელი სიმბოლო გახდა.
KFC-ის პირველი ფრენჩაიზი 1952 წელს გაიხსნა სოლტ-ლეიკ-სიტიში. 1955 წელს პოლკოვნიკმა სანდერსმა Sanders Court & Cafe ფრენჩაიზები გაყიდა იმ პირობით, რომ ვინც მის ბრენდს და საიდუმლოს გამოიყენებდა, ყველა გაყიდული ქათმიდან 5 ცენტს გადაუხდიდა.
კომპანიამ 1957 წლიდან დაიწყო ქათმის ყუთების გაყიდვა და სახელიც შეიცვალა, გახდა KFC, რაც ვრცლად Kentucky Fried Chicken-ს ნიშნავს. 1963 წელს აშშ-ში უკვე 600 KFC-ის რესტორანი იყო. იმ დროისთვის ამერიკის ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი იყო. 1964 წელს KFC ბრიტანეთში გამოჩნდა, მალე კი დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
1964 წელს პოლკოვნიკმა KFC ინვესტორებს მიჰყიდა 2 მლნ დოლარად. ამასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ხელფასი შეინარჩუნა და კომპანიის ხარისხის მაკონტროლებელ და სავაჭრო სახედ დარჩა. 1970 წელს კომპანიას უკვე 3,000 რესტორანი ჰქონდა 48 ქვეყანაში. პოლკოვნიკი სანდერსი 1980 წელს გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკვე KFC-ის 6,000 რესტორანი და 2 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავალი ჰქონდა.
1986 წელს KFC კომპანია PepsiCo-მ იყიდა 840 მლნ დოლარად. PepsiCo ამ დროს უკვე ფლობდა Pizza Hut-ისა და Taco Bell-ის რესტორნების ქსელებს. 1987 წელს KFC ჩინეთში შევიდა.
1997 წელს PepsiCo-მ KFC-ის აქციები საფონდო ბირჟაზე გაიტანა, რომელიც 4.5 მილიარდ დოლარად Tricon Global-მა იყიდა. 2002 წელს Tricon Global-ს სახელი შეეცვალა და დღემდე Yum! Brands-ი ჰქვია, რომელიც McDonald’s-ის შემდეგ ყველაზე დიდი კომპანია სწრაფი კვების რესტორნების სფეროში.
2013 წელს KFC-ის რესტორნების რაოდენობამ 19 ათასს მიაღწია 118 ქვეყანაში. დღეს კი კომპანიას 23 ათასამდე რესტორანი აქვს 135 ქვეყანაში. KFC საქართველოში 2014 წელს შემოვიდა.