ხორვატიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 23 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 45 700 დოლარს უტოლდება. სიმდიდრით მსოფლიოში 42-ე ადგილზეა, უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, ესტონეთი, საბერძნეთი და სხვა. ხორვატია ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა, მისი ფართობი 57 კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობა კი საქართველოზე მეტი ჰყავს -3.9 მლნ ადამიანი.
1918 წლამდე ხორვატია ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. 1918 წლიდან სერბების, სლოვენებისა და ხორვატების სამეფოში გაერთიანდა, რაც 1929 წელს დამოუკიდებლობის სრული დაკარგვით დასრულდა, გაერთიანებას კი იუგოსლავია ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხორვატია სოციალისტური იუგოსლავიის ნაწილად დარჩა. დამოუკიდებლობა იუგოსლავიის დაშლის შედეგად, 1991 წელს მოიპოვა, თუმცა 1995 წლამდე სერბეთთან ომში იყო ჩართული.
იუგოსლავიის დაშლამ, რასაც თან ახლა სოციალისტური ეკონომიკური სისტემის ჩამოშლა და ომები, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ხორვატიის ეკონომიკა ძალიან დააზარალა. 1993 წელს ხორვატიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 13,259 PPP დოლარი (2017 წლის ფასებით) იყო. შედარებისთვის, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ საქართველოზე თითქმის 2-ჯერ ღარიბი იყო.
დამოუკიდებლობისთვის ომმა ხორვატიის ეკონომიკა 25%-ით შეამცირა, ამიტომ ის ჩამორჩა აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებს, რომლებიც 2004 წელს ევროკავშირის წევრები გახდნენ.
ომის დასრულების შემდეგ, 1998 წლამდე, ხორვატიის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. ეს დამსახურება იყო როგორც ომის შემდეგ მოპოვებული მშვიდობის, ასევე ამ წლებში გატარებული რეფორმების, რომლებმაც სოციალისტური მემკვიდრეობის ეკონომიკა თანდათან დასავლურ, საბაზრო ეკონომიკაზე გადააწყო.
1994 წელს ხორვატიამ საკუთარი ვალუტა – ხორვატული კუნა გაუშვა მიმოქცევაში. დასავლეთის ქვეყნებიდან დახმარებები მიიღო, ქვეყნის მაკროეკონომიკური სიტუაცია დაასტაბილურა, თუმცა 1999 წელს მაინც კრიზისში შევიდა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება მოუწია. კერძო სექტორი ეკონომიკის მხოლოდ 60%-ს ქმნიდა, რაც სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით იმ პერიოდში დაბალი მაჩვენებელი იყო.
2000-იანი წლების დასაწყისში ახალმა მთავრობამ სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები გაატარა, დაიწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ბანკების პრივატიზება, რამაც ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდა. პრიორიტეტად გამოცხადდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. შედეგად 2000-2007 წლებში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა წლიურად საშუალოდ 5%-ით.
2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ხორვატიასაც შეეხო, ეკონომიკა 7%-ით შემცირდა. ამავე წელს ხორვატია NATO-ს წევრი გახდა.
2010-2013 წლებში ხორვატიას გაუჭირდა ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაღწევა და ეკონომიკა 4%-ით შემცირდა.
ეკონომიკური სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2013 წლიდან. 2013 წლის 1 ივლისს ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდა. ხორვატიის მთავარი სავაჭრო პარტნიორები იტალია, გერმანია და სლოვენია გახდნენ. 2015-2019 წლებში ხორვატიის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.1%-ით იზრდებოდა. პანდემიის გამო, 2020 წელს ხორვატიის ეკონომიკა 8.6%-ით შემცირდა, თუმცა პოსტპანდემიურ წლებში მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, 2021-2023 წლებში ხორვატიის ეკონომიკა 24%-ით გაიზარდა. უმუშევრობის დონე კი ისტორიულ მინიმუმამდე – 6%-მდე შემცირდა.
2022 წელს ხორვატია ევროზონის წევრი გახდა და 2023 წლის 1 იანვრიდან ეროვნული ვალუტა, კუნა, ევროთი ჩაანაცვლა.
ხორვატიის ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია, რომელზეც მშპ-ის 20%-მდე მოდის. 2019 წელს ხორვატიაში რეკორდული რაოდენობის – 24 მლნ-მდე ტურისტი ჩავიდა.
გრაფიკი 1. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ხორვატიაში, PPP დოლარი 2017 წლის ფასებში
საბოლოო ჯამში, ბოლო 30 წელიწადში ხორვატიის მოსახლეობის საშუალო წლიური რეალური შემოსავალი 3-ჯერ გაიზარდა, რამაც ღარიბი ქვეყანა მდიდარი ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა. დღეს ხორვატია ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით ევროკავშირის 6 ქვეყანას უსწრებს, ესენია: უნგრეთი, ესტონეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.