ჰოლანდიური კომპანია „ფილიპსი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის. ყველა დარგის კომპანიებს შორის კი მე-8 ადგილზეა. 2022 წელს „ფილიპსმა“ 20 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 35 მილიარდ დოლარამდე, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 19 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 75 ათასამდე ადამიანი.
„ფილიპსი“ 1891 წელს ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში ჯერარდ ფილიპსმა და მისმა მამამ ფრედერიკ ფილიპსმა დააარსეს. ფრედერიკი ბანკირი იყო და პირადი ფინანსებით შეიძინა ქარხნის ცარიელი შენობა ეინდჰოვენში. აღნიშნულ შენობაში ახლა კომპანიის მუზეუმია. თავიდან კარბონის ძაფზე მომუშავე ლამპების დამზადება დაიწყეს. პირველი წლები რთული იყო, კომპანია გაკოტრების ზღვარზე მუშაობდა. 1985 წელს კომპანიას შეუერთდა ფრედერიკის უმცროსი შვილი ანტონ ფილიპსი, რომელიც განათლებით ინჟინერი იყო. მას ბიზნესის კეთების და ახალი იდეების გენერირების დიდი ნიჭი აღმოაჩნდა და ფილიპსების ბიზნესმა ზრდა დაიწყო. კომპანიის სლოგანი იყო „რიცხვები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები უფრო მეტად მნიშვნელოვანია“.
1908 წელს ახალი ქარხანა გახსნეს Philips Metaalgloeilampfabriek N.V, სადაც განახლებულ მეტალის ლამპებს აწარმოებდნენ. 1912 წელს კი მეორე ქარხანა Philips Gloeilampenfabrieken N.V. გახსნეს, სადაც ელექტრონათურები იწარმოებოდა. ამ ორი საწარმოს გაერთიანებით კი მიიღეს „ფილიპსის“ კორპორაცია. ამ პერიოდში „ფილიპსი“ ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი იყო ნიდერლანდებში – 2,000 ადამიანს ასაქმებდა.
1914 წელს კომპანიამ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია გახსნა (Philips Nat Lab), რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და კომპანიის წარმოებულ პროდუქციაში დანერგილი სიახლეების მთავარი წყაროა.
პირველი აღიარებს „ფილიპსს“ ელექტრონათურებმა მოუტანა, რომლებიც ეკონომიური და გამძლე იყო.
1916 წლისთვის კომპანიას უკვე იმდენად ჰქონდა სახელი განთქმული, რომ ნიდერლანდების დედოფალმა უფლება მისცა, კომპანიის სახელში სიტყვა „სამეფო“ გამოეყენებინა და ასე დაერქვა Royal Philips.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო 1927 წელი, როდესაც რადიომიმღებების წარმოება დაიწყო. 1939 წელს გამოუშვა წვერის ელექტროსაპარსი, რომლის ბაზარზეც „ფილიპსი“ დღესაც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანია ჰოლანდიაში შეიჭრა, ანტონ ფილიპსმა, მისმა ოჯახმა და კომპანიის სხვა წევრებმა ჰოლანდია დატოვეს და კაპიტალი აშშ-ში გადაიტანეს. იქ დააარსეს „ჩრდილოეთ ამერიკის ფილიპსის კომპანია“ და ომის წლებშიც არ შეუჩერებიათ მუშაობა. კომპანია ნიდერლანდების სამეფოში შემავალ ანტილის კუნძულებზე დაარეგისტრირეს, ანუ ისევ ნიდერლანდურ კომპანიად დარჩა. ანტილის კუნძულები კარიბის ზღვაში მდებარეობს და მათ ნაცისტური გერმანიისგან საფრთხე არ ემუქრებოდა.
1942 წელს ეინდჰოვენში არსებული „ფილიპსის“ ქარხნები ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელთ. ამ დროს ქარხნებს ანტონ ფილიპსის შვილი ფრიც ფილიპსი მართავდა, რომელიც არ წავიდა ოჯახთან ერთად აშშ-ში. ფრიც ფილიპსმა 400-მდე ებრაელი გადაარჩინა ნაცისტებისგან სიკვდილს, დაარწმუნა რა ისინი, რომ მათ გარეშე ქარხნები გაჩერდებოდა.
ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს ფილიპსები ნიდერლანდებში დაბრუნდნენ და პრიორიტეტად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაძლიერება დაისახეს. 1950-იანი წლებიდან „ფილიპსმა“ ბაზარზე ბევრი სიახლე შემოიტანა, მაგრამ მთავარი იყო ტელევიზორების წარმოების დაწყება. 1960-იანი წლებიდან კი კასეტებზე მომუშავე აუდიომაგნიტოფონების წარმოება დაიწყო. პირველი ვიდეოჩამწერი და გამშვები კი 1970-ან წლებში გამოუშვა. 1980-იან წლებში კომპანიამ „სონისთან“ თანამშრომლობით პირველი კომპაქტური დისკი (CD) გამოუშვა.
1990-იანი წლებიდან დაიწყო სამედიცინო ტექნოლოგიების წარმოება, რომლითაც დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა.
მილიარდი დოლარის წლიურ შემოსავალს კომპანიამ 2001 წელს მიაღწია.
სამედიცინო ტექნიკის წარმოების გასაუმჯობესებლად 2006 წელს „ფილიპსმა“ კომპანია Lifeline Systems-ი შეისყიდა 750 მლნ დოლარად. 2007 წლის მსხვილი ამერიკული კომპანია Respironics, Inc.-ი შეისყიდა, რომელიც ასევე სამედიცინო ტექნოლოგიებს აწარმოებდა. კომპანიების შესყიდვები „ფილიპსმა“ 2010-იან წლებშიც გააგრძელა.
2010 წელ კომპანიის წლიური შემოსავალი 20 მილიარდი ევრო იყო, ხოლო მაქსიმუმს – 23 მილიარდს 2013 წელს მიაღწია. ამის შემდეგ, ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო, „ფილიპსის“ წლიურ შემოსავალს 20 მილიარდ ევროსთვის აღარ მიუღწევია, მაგრამ ის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად რჩება ტექნოლოგიების ბაზარზე, განსაკუთრებით ელექტრონათურებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ბაზარზე.