როგორ გამდიდრდა კომპანია „პორშე“?

როგორ გამდიდრდა კომპანია „პორშე“?

კომპანია „პორშემ“ 2022 წელს 321 ათასი ავტომობილი გამოუშვა და 38 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 5 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის აქტივები – 48 მილიარდი ევრო, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 41 მილიარდი ევროა. დასაქმებული ჰყავს 39 ათასზე მეტი ადამიანი. დღეს „პორშეს“ ავტომობილები გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩინეთსა და მალაიზიაში იწარმოება.

„პორშე“ 1931 წელს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ფერდინანდ პორშემ, ადოლფ როზენბერგერმა და ფერდინანდ პიეხმა დააარსეს. კომპანიას სახელი მისი დამაარსებლის, ფერდინანდ პორშეს გამო ეწოდა, რომელიც ავტოინჟინერიის პროფესორი იყო და მთავარი როლი ეკავა კომპანიის დაარსებასა და განვითარებაში. ადოლფ როზენბერგერი ბიზნესმენი იყო, ხოლო ფერდინანდ პიეხი – იურისტი. კომპანიის დაარსების დროს ფერდინანდ პორშე 56 წლის იყო და ამ დროისთვის უკვე ტექნოლოგიებსა და ავტოინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მუშაობდა „დაიმლერსა“ და „მერსედესში“ მაღალ თანამდებობებზე.

საწყის წლებში კომპანია „პორშე“ ავტომობილების წარმოების განვითარების კონსალტინგით იყო დაკავებული, საკუთარ ავტომობილებს არ უშვებდა. პირველი სერიოზული შეკვეთა გერმანიის მთავრობისგან მიიღეს, „ფოლკსვაგენისთვის“ უნდა შეექმნათ ახალი დიზაინის ავტომობილი. ამ დაკვეთის შედეგად შეიქმნა „ფოლკსვაგენის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოდელი „ხოჭო“ (Der Käfer) .

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ავტოინდუსტრია იარაღისა და სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტის წარმოებაზე გადაერთო. „პორშე“ ტანკების დიზაინის შექმნით იყო დაკავებული. თავად ფერდინანდ პორშე გერმანიის ნაცისტური პარტიის წევრი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პორშე გაასამართლეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სანამ ფერდინანდი ციხეში იყო, მისი საქმე შვილმა ფერი პორშემ გადაიბარა და 1947 წელს პირველი მოდელი „პორშე 356“ გამოუშვა, რომელიც „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ მსგავსი იყო. ამ დროს „პორშეს“ აშშ-ის მთავრობისგან შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული და სერიულ წარმოებას ვერ ახერხებდა. თუმცა „ფოლკსვაგენთან“ თანამშრომლობით შეძლო, წლიურად რამდენიმე ათასი ავტომობილი გამოეშვა და გაეყიდა.

ფერდინანდ პორშე 1951 წელს გარდაიცვალა და კომპანიის მართვა მისმა შვილმა სრულად გადაიბარა. კომპანიისთვის რევოლუციური იყო 1964 წელი, როდესაც ცნობილი სპორტული მოდელი „პორშე 911“ გამოუშვა. ეს მოდელი დღემდე გამოდის და კომპანიას დიდი შემოსავალიც მოუტანა.

კომპანია „ფოლკსვაგენთან“ თანამშრომლობას აგრძელებდა და 1969 წელს ერთობლივი მოდელი „ფოლკსვაგენ-პორშე 914“ გამოუშვეს.

„პორშემ“ 911-ის განახლებული მოდელი – მეორე თაობა 1975 წელს გამოუშვა, მესამე თაობა კი – 1988 წელს. წინა მოდელების მსგავსად ესენიც წარმატებით იყიდებოდა.

1990 წლიდან „პორშემ“ „ტოიოტასთან“ დაიწყო თანამშრომლობა, რომლის მიზანი წარმოების ტემპების დაჩქარება და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე მუშაობა იყო.

1996 წელს გამოუშვა „ბოქსტერის“ მოდელი, ხოლო 2002 წლიდან „Cayenne“-ის კროსოვერები. 2002 წელს ააშენა ახალი ქარხანა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში. ამავე წელს კომპანიის შემოსავალმა 5 მილიარდ ევროს მიაღწია.

2011 წელს კომპანიის შემოსავალი 10 მილიარდ ევროს გადასცდა. 2013 წელს პირველი ელექტრომანქანა „918 Spyder“-ი გამოუშვა, რომელმაც 21 კილომეტრი 7 წუთში გაიარა.

2011 წლიდან 10 წელიწადში კომპანიის შემოსავალი გასამმაგდა და 30 მილიარდ ევროს გადასცდა.

გარდა თანამშრომლობისა, „ფოლკსვაგენი“ „პორშეს“ შესყიდვითაც იყო დაინტერესებული და თანდათან კომპანიის წილებს ყიდულობდა. დღეს „ფოლკსვაგენს“ „პორშეს“ 75% ეკუთვნის.

2023 წლის მონაცემებით, „პორშე“ ყველაზე მეტ ავტომობილს აშშ-სა და კანადაში ყიდის, თითქმის მესამეს. შემდეგ მოდის ჩინეთი, რომელიც ევროპის ბაზარსაც კი უსწრებს.

2024 წელს პორშე 6 მოდელს ყიდის მსოფლიო ბაზარზე, ესენია: Porsche 911, Porsche 718, Taycan, Panamera, Cayenne და Macan.