როგორ გამდიდრდა Lacoste?

როგორ გამდიდრდა Lacoste?

კომპანია Lacoste-ი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტანსაცმლის ბრენდია. 2022 წელს მისმა შემოსავალმა 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგინა, საიდანაც მოგება 0.5 მილიარდ დოლარამდე იყო. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 9 ათასამდე ადამიანი. Lacoste-ის ბრენდს დღეს შვეიცარიული ჰოლდინგური კომპანია Maus Frères-ი ფლობს.

Lacoste-ის დამფუძნებელი რენე ლაკოსტი 1904 წელს პარიზში დაიბადა. რენე ლაკოსტი ცნობილი ჩოგბურთელი იყო. 21 წლის ასაკში საფრანგეთის ღია ჩემპიონატი და უიმბლდონის ტურნირი მოიგო. 1926 წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. დიდი სლემის ტურნირები ინდივიდუალურად 7-ჯერ მოიგო.

2023 წელს 19 წლის რენე ლაკოსტი ბოსტონში, დევისის თასის გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. ქუჩაში სეირნობისას მაღაზიაში ნიანგის ტყავისგან დამზადებული ჩანთა მოეწონა. მისი გუნდის კაპიტანი დაჰპირდა, თუ შემდეგ თამაშს მოიგებდა, ამ ჩანთას აჩუქებდა. რენემ ეს თამაში წააგო, მაგრამ სანაძლეოს და მისი კორტებზე თამაშის სტილის გამო, ამერიკულმა პრესამ მას „ნიანგი“ დაარქვა. მალე მთელი ჩოგბურთის სამყარო მას მეტსახელით – „ნიანგით“ მოიხსენიებდა. ლაკოსტს მოსწონდა ეს მეტსახელი და თავის მეგობარ რობერტ ჯორჯს სთხოვა, თეთრ სათამაშო მაისურზე მწვანე ნიანგის ემბლემა ამოექარგა. ასე დაიწყო დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიანგისემბლემიანი მაისურების ლეგენდა.

რენე ლაკოსტი აქტიურ სპორტს 1933 წელს ჩამოშორდა და ანდრე ჟილესთან ერთად კომპანია Lacoste-ი დააარსა. ანდრე ჟილე დიდი ფრანგული სამკერვალო საწარმოს მფლობელი იყო. Lacoste-მა ნიანგისემბლემიანი ჩოგბურთის თეთრი მაისურების მასიური წარმოება დაიწყო. Lacoste-ის მაისურები იმითაც გამოირჩეოდა, რომ მოსახერხებელი და მსუბუქი იყო. მზადდებოდა ბამბისგან.

რადგან მწვანენიანგიანი თეთრი მაისურის ბრენდი რენე ლაკოსტმა რეალურად თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში დაამკვიდრა, კომპანიას ცნობადობის მოპოვება არ გასჭირვებია. წარმოების ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ამას იმ დროისთვის საფრანგეთში ყველაზე გამოცდილი ფაბრიკა უზრუნველყოფდა, რადგან მისი მფლობელი Lacoste-ის თანადამფუძნებელი იყო.

1930-იანი და 1940-იანი წლები რთული იყო ევროპისთვის და მათ შორის საფრანგეთისთვის ეკონომიკური კრიზისისა და მეორე მსოფლიო ომის გამო. 1950-იანი წლებიდან Lacoste-მა თეთრის გარდა სხვა ფერის მაისურებიც წარმოებაც დაიწყო. ასევე იწყებს ნაწარმის საფრანგეთიდან ექსპორტს და ავითარებს საბავშვო ტანსაცმლის ხაზს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის შემოსავლებს, განსაკუთრებით – ამერიკის ბაზარზე შესვლა.

1960-იანი წლებიდან Lacoste-მა ფრანგ პარფიუმერთან, ჟან პატუსთან თანამშრომლობით სუნამოების გამოშვება დაიწყო. 1971 წელს Lacoste-ი ჩოგბურთის ტურნირის როლან-გაროსის სპონსორი გახდა. 1978 წელს კი კომპანიამ საკუთარი ბრენდის მზის სათვალეები გამოუშვა, რასაც 1981 წელს ჩანთებიც შემატა.

1970-იანი წლებიდან Lacoste-ი მხოლოდ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი აღარაა, კომპანიამ ყოველდღიური ტანსაცმლის წარმოებაც აქტიურად დაიწყო.

კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო 1991 წელი, როდესაც პირველი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა ბრიტანულ კომპანია Pentland-თან თანამშრომლობით. 1994 წელს კი მაჯის საათების გამოშვება დაიწყო. სხვადასხვა აქსესუარის წარმოებამ მნიშვნელოვნად გაზარდა Lacoste-ის შემოსავალი.

2009 წლიდან კომპანიამ ონლაინგაყიდვები დაიწყო.

კომპანია Maus Frères-მა Lacoste-ის ბრენდი 2012 წელს შეიძინა, რომელიც ასევე ფლობს Gant-ს, Aigle-ს, Tecnifibre-სა და The Kooples-ს ბრენდებს.

2017 წელს Lacoste-ის ბრენდის ელჩი ცნობილი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, 2018 წელს კი დანიელ მედვედევი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანია.

დღეს ლაკოსტს 1000-ზე მეტი მაღაზია აქვს მსოფლიოში, სადაც წელიწადში 100 მლნ-ზე მეტი ტანსაცმელი (ცალი) იყიდება.

Lacoste-ის სპორტთან კავშირი მის სლოგანშიც კარგად ჩანს, რომელიც გვეუბნება, რომ „ცხოვრება ლამაზი სპორტია“.