როგორ გამდიდრდა NVIDIA?

როგორ გამდიდრდა NVIDIA?

NVIDIA მსოფლიოში რიგით მე-3 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.7 ტრილიონი აშშ დოლარია და ის მხოლოდ „მაიკროსოფტს“ და „ეპლს“ ჩამორჩება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ერთი წლის წინ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2-ჯერ ნაკლები იყო, ორი წლის წინ კი 7-ჯერ. NVIDIA-ს საქმიანობის მთავარი სფერო გრაფიკული პროცესორების და კომპიუტერის ჩიპების წარმოებაა. ის ასევე აწარმოებს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო პროგრამებსა და ტექნოლოგიებს.

2023 წელს NVIDIA-ს შემოსავალმა 61 მილიარდ დოლარს მიაღწია, მოგებამ კი 29 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 43 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 30 ათასამდე ადამიანი.

NVIDIA 1993 წელს ტაივანური წარმოშობის ამერიკელმა ელექტროინჟინერმა ჯენსენ ჰუანგმა დააარსა ორ ელექტროინჟინერთან, კერტის პრიმთან და კრის მალაჩოვსკისთან ერთად. ჯენსენ ჰუანგი დღემდე კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია (CEO). მისი ქონება 96 მილიარდი დოლარია და ის სიმდიდრით მსოფლიოში მე-17 ადგილს იკავებს. სამივე დამაარსებელს პროგრამული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ისინი წამყვან ამერიკულ კომპანიებში მუშაობდნენ. ახალი კომპანიის დაარსების იდეა კალიფორნიაში, რესტორან „დენისში“ ერთად სადილობის დროს გაუჩნდათ და აქედან გამომდინარე, სადილი ხუთ საათს გაუგრძელდათ.

კომპანიამ არსებობა 40 ათასი დოლარით დაიწყო. თავიდან ვიდეოთამაშების კონსოლებისთვის დაიწყეს ტექნოლოგიების წარმოება და მალე ვენჩურული კაპიტალის ფონდიდან, Sequoia Capital-დან 20 მილიონი დოლარი მოიზიდეს. კომპანიის სახელის ინსპირაცია დამფუძნებლების მიერ სამუშაო ფაილებისთვის დარქმეული სახელი NV (Next Version) გახდა.

NVIDIA-ს პირველი გრაფიკული აქსელერატორი იყო NV1. პირველი მსხვილი კონტრაქტი ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანიასთან, „სეგასთან“ გააფორმა, რომელსაც გრაფიკულ ჩიპებს აწვდიდა.

კომპანიის პირველი მნიშვნელოვანი ინოვაცია – GPU (graphics processing unit) 1996 წელს გამოვიდა, რომელმაც გამოთვლითი ტექნოლოგიების ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალა.

1999 წელს NVIDIA საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციები გაყიდა. თუმცა მნიშვნელოვანი თანხა არ მოუზიდია. 1990-იანი წლების მეორე ნახევარი ჯამში კომპანიისთვის რთული იყო.

2000 წელს მოიგო „მაიკროსოფტის“ ტენდერი „Microsoft’s Xbox“ კონსოლებისთვის გრაფიკული ტექნოლოგიების მიწოდებაში. ტენდერის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო. 2021 წელს Standard & Poor’s-მა NVIDIA S&P 500-ის აქციების ინდექსში შეიყვანა. კომპანიის აქციების ფასი 16-დან 67 დოლარამდე გაიზარდა. 2000-2022 წლებში NVIDIA-მ რამდენიმე მცირე კომპანიაც შეისყიდა კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. 2004 წელს კომპანია „სონისთან“ დაიწყო თანამშრომლობა.

2007 წელს ამერიკულმა „ფორბსმა“ NVIDIA წლის კომპანიად დაასახელა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული.

2011 წელს NVIDIA-მ „ინტელთან“ 1.5-მილიარდდოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომპანიისთვის რევოლუციური იყო 2012 წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე დაიწყო მუშაობა. ბოლო ათწლეულში და განსაკუთრებით ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიის ფანტასტიკური შედეგები სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და სხვადასხვა ტექნიკაში ჩიპების სულ უფრო ინტენსიურად გამოყენებას უკავშირდება, მათ შორის ელექტრომობილების წარმოების ზრდას. 2019 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 144 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი თითქმის 20-ჯერ მეტი, 2.7 ტრილიონი დოლარია. კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს ერთი წლის წინ, 2023 წლის ივნისში მიაღწია. 2015 წელს კომპანიის შემოსავალი 5 მილიარდი დოლარი იყო, 2023 წელს კი – 61 მილიარდი დოლარი.

კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი The Vanguard Group-ია, რომელიც 8.3%-ს ფლობს. შემდეგ მოდის BlackRock 5.6%-ით. კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს აქციების მხოლოდ 3.5%-ს ფლობს, რაც 81 მილიარდი დოლარის ქონებაა.