კრეიგ ვენტერი – კაცი, რომელმაც ადამიანის გენომის რუკა შეადგინა – ასპარეზზე $25,000-იანი სამედიცინო გამოკვლევით ბრუნდება და იმედოვნებს, რომ ეს გამოკვლევა თქვენს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს, თავად მას კი მილიარდერად აქცევს.
მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალური სამედიცინო გამოკვლევა მსოფლიოში ყველაზე კომფორტულ ლაბორატორიაში იწყება. სხვა რამეებთან ერთად, აქ ტახტსაც ნახავთ, პირად სააბაზანოსაც და ხილით სავსე თეფშსაც. დღეს აქაურობა ჩემი სახლი იქნება. ჯერ სისხლის ანალიზებს ვიკეთებ – ზედიზედ რამდენიმეს. ამას მოსდევს 35-წუთიანი სეანსები MRI-ში; მანამ ეს დანადგარი მთელ ჩემს სხეულს სურათებს უღებს, ხმაურის დახშობას REM-ი და U2 ცდილობენ. გულზე ულტრაბგერით სონოგრამას მიკეთებენ. ლანჩისთვის ნისუაზის სალათს მივირთმევ. განავლის ანალიზის ჯერია. შემდეგია კოგნიტიური ტესტი, რომლის დროსაც კომპიუტერის ეკრანზე თავბრუდამხვევი სიჩქარით ჩნდებიან და ქრებიან ასოები. მერე კომპიუტერულ ტომოგრაფიას მიკეთებენ გულზე, ეს ჩემი გული კი, თავდაპირველად, ჩემი ასაკის ადამიანისთვის ისე შეუფერებლად გამოიყურებოდა, ტომოგრაფიისგან თავის დაღწევა განვიზრახე.
“ვიეტნამში 18-დან 22-წლამდელების აუტოფსიებს ვაკეთებდი და ბევრ მათგანს სწორედ გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა“, – მხრების ჩეჩით ამბობს მთელი ამ პროცესის არქიტექტორი ჯ. კრეიგ ვენტერი და ცოტა ხანში ავბედითად ამატებს: „ჩვენი საქმე პრობლემების აღმოჩენაა. მთავარია, თქვენ რას უზამთ ამ აღმოჩენებს”.
დიახ, ეს ის კრეიგ ვენტერია – კაცი, რომელმაც, მთავრობის მიერ დაფინანსებული Human Genome Project-ის ნელი ტემპებით ფრუსტრირებულმა, 1990-იანების მიწურულს ახალი პროექტი წამოიწყო, ამ პროექტმა კი დაგეგმილზე ორი წლით ადრე შეძლო ადამიანის დნმ-ის სეკვენირება (ის პირველი ადამიანიც იყო, ვისი დნმ-ის სრული სეკვენირება მოხდა). მას მერე ტემპი არ დაუგდია. დარვინის Beagle-ის მოგზაურობით შთაგონებულმა, მანაც შემოუარა გემით მთელ მსოფლიოს და გზადაგზა ათასობით ახალი სახეობა აღმოაჩინა. შექმნა სინთეზური სიცოცხლე, სამი კომპანია წამოიწყო და ცოტაღა უკლდა მილიარდერობამდე, რომ ერთ-ერთი ამ კომპანიიდან, ყველაზე პერსპექტიული Celera Genomics-იდან გამოაგდეს.
ახლა ის დაბრუნდა ასპარეზზე და ხელთ ამბიციური პროექტი უპყრია, მეტიც, ასეთი ამბიციური პროექტი პირველად აქვს მას მერე, რაც 17 წლის წინ ისტორიული გარღვევა შესთავაზა სამყაროს. ახალი ფირმისთვის, Human Longevity-სთვის, $300 მილიონი მოიზიდა; ფირმა დნმ-ის იმ ინფორმაციის ამოღებას ცდილობს, რომელიც ვენტერის წყალობით გახდა ხელმისაწვდომი; სწორედ ვენტერი მიხვდა, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ინფორმაცია ისე, რომ წლების ან თუნდაც ათწლეულების მანძილზე სიკვდილის გაბითურება გახდეს შესაძლებელი.
პროექტის მთავარი ღირსება $25,000-იანი დეტალური სამედიცინო გამოკვლევაა (ცნობისათვის: გამოკვლევა მე უფასოდ ჩამიტარდა). მართლაც მეტად საფუძვლიანი გამოკვლევა გვაქვს მხედველობაში, თუმცა არაერთი ექიმის აზრით ეს ზედმიწევნით არასწორი მიდგომაა და უამრავ მცდარ დადებით პასუხს იძლევა. „სკრინინგის სხვადასხვა ზომის შესწავლამ გვაჩვენა, რომ მათ უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სიკეთე, – ამბობს Cleveland Clinic-ის კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი სტივენ ნისენი. _ მთელი სხეულის MRI-ს იტარებ და ძალიან უნდა გაგიმართლოს, რამე რომ არ აღმოგაჩნდეს. არა მგონია, ეს კარგი მიდგომა იყოს“.
ვენტერს ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. „ჩვენ ჯანმრთელ ადამიანებს ვამოწმებთ, ბევრ ექიმს კი ეს არ მოსწონს, – აღიარებს ის. – ჩემი პასუხი ასეთია: საიდან იცი, რომ ჯანმრთელი ხარ? დღემდე ჯანმრთელობის შუასაუკუნეობრივი განმარტებით ვხელმძღვანელობთ: თუ ნორმალურად გამოიყურები და ნორმალურად გრძნობ თავს, მაშინ ჯანმრთელი უნდა იყო. მაგრამ ჩვენ განსხვავებულად ვუდგებით ადამიანებს“.
აწ უკვე 70 წლის ვენტერს პირადი მაგალითი მოჰყავს. შარშან თავადაც გაიარა კლინიკური შემოწმება და, როგორც ამბობს, პროსტატის კიბო დაუდგინდა, რომელიც გასულ ნოემბერს ამოჰკვეთეს. ხოლო კაცს, რომელსაც თავის „სამეცნიერო მუზას“ უწოდებს, ნობელის ლაურეატს, 85 წლის ჰემილტონ სმიტს ფილტვში მომაკვდინებელი ლიმფომა აღმოაჩნდა. მასაც უმკურნალეს და, სმიტის თქმით, კარგი პროგნოზები აქვს.
უკმეხი მანერებით განთქმული ვენტერისთვის ისტებლიშმენტის განაწყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, თანაც, სულერთია, რომელ ისტებლიშმენტზეა ლაპარაკი და ეს გრძნობა ორმხრივია. მისი გარღვევა დნმ-ის სფეროში მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეცნიერო მიღწევად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ნობელის პრემია არასდროს მიუღია. აკადემიკოსები მას ისეთ ადამიანად აღიქვამენ, ვისთვისაც მოგება მეცნიერებაზე მნიშვნელოვანია. „ძალიან არათავდაჯერებული პიროვნებაა, რის კომპენსირებასაც ქედმაღლური და აგრესიული მანერებით ახდენს“, – ამბობს მისი ერთი ყოფილი თანამშრომელი. ვენტერის აღმოჩენებს ინდუსტრიები თავდაყირა დაუყენებია. და კვლავაც, მიუხედავად ამისა, მისი ბიზნესმიღწევები, მათ შორის, ხანმოკლე ფლირტი მილიარდერობასთან, არასტაბილურობითაა გაჯერებული, ეს კი იმიტომ, რომ კავშირები ყოფილ სპონსორებსა და ბოსებთან მუდამ ცუდად სრულდებოდა. „უამრავი ადამიანი გაუღიზიანებია, – ამბობს ჰარვარდის გენეტიკის პროფესორი და ვენტერის გულშემატკივარი, ჯორჯ ჩერჩი. – დასანანია”.
ამდენად, Human Longevity ვენტერის ბოლო შანსია, საკუთარი სამეცნიერო მემკვიდრეობის საკითხი მოაგვაროს, საგონებელში ჩააგდოს მეცნიერები, პროცესში მილიარდებიც აკეთოს და პარალელურად, საფუძველი შეურყიოს საკითხს, რომელიც ჰომო საპიენსის ზუსტად 100%-ს საოცრად აინტერესებს: როდის მოვკვდებით.
ვენტერი თავის პოტენციალს – როგორც რეალიზებულს, ისე არარეალიზებულს – ლამის დაბადებიდან ავლენს. ის მილბრეიში (კალიფორნია) გაიზარდა, იმ ადგილთან ახლო, რომელმაც მოგვიანებით სილიკონის ხეობად დაიმკვიდრა თავი. იმდენად ცუდი ნიშნები ჰქონდა, რომ მაღალ კლასებში მყოფს, შეშფოთებული დედა მკლავებზე ნანემსარებს უმოწმებდა. მისი მომავალი წარმატების პირველი გაელვება ცურვაში აისახა. თავიდან საშუალო დონეზე ცურავდა, მაგრამ როცა მწვრთნელმა ზაფხულის არდადეგებზე შინ გარკვეული რჩევებით მომარაგებული გაგზავნა, მასში შეჯიბრის ჟინმა იჩინა თავი და სამი თვე გამალებულ ვარჯიშში გაატარა. ამის შემდეგ შეჯიბრი აღარასდროს წაუგია. „ცოტა სხვაგვარად რომ განვითარებულიყო მოვლენები, ოლიმპიადაში მივიღებდი მონაწილეობას, – ამბობს ვენტერი. – მაგრამ ლინდონ ჯონსონმა გეგმები შემიცვალა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ამოვყავი თავი“.
ცურვამ მისი პოტენციალი გახსნა, მაგრამ სწორედ ვიეტნამმა აქცია ის იმად, ვინც დღეს არის. 20 წლის ასაკში საზღვაო ძალების ჰოსპიტლის სამედიცინო მუშაკად მსახურობდა – ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ ჯარებს, მათ შორის, Tet Offensive-ის ჯარებს, ამოწმებდა და ჯარისკაცების დაზიანებათა სიმწვავეს ადგენდა. გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ უნდა მომკვდარიყო და ვის უნდა ეცოცხლა, იმდენად ტრავმული გამოცდილება იყო, რომ, მისივე თქმით, თვითმკვლელობაც კი განიზრახა და დახრჩობის მიზნით ზღვაში ღრმად შეცურა. როგორც ამბობს, როცა ერთი მილის სიღრმეში ზვიგენი შეეხო, ფირფიტა გადაატრიალა. ასე იყო თუ ისე, ვიეტნამის გამოცდილებასთან გამკლავება კიდევ მოუხდა. „ამ ყველაფრის შედეგი რომ მცოდნოდა და ის, თუ რას მოიტანდა ეს ჩემი პირადი ზრდისთვის, არჩევანი რომც მქონოდა, მაინც დავაძალებდი საკუთარ თავს“, – ამბობს ვენტერი.
შტატებში დაბრუნებულმა, ორწლიან კოლეჯში ჩააბარა, მერე კი კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-დიეგოში; თავიდან ექიმობა უნდოდა, მაგრამ შემდეგ მეცნიერება აღმოაჩინა. საბოლოოდ ხარისხი სადოქტორო ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში დაიცვა და 1976 წელს, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბუფალოში, პროფესორი გახდა, ხოლო 1984-ში, National Institutes of Health-ს (NIH) შეუერთდა.
NIH-ში უხვად იყო წარმოდგენილი ის თემები, შემდეგ რომ მის კარიერას განსაზღვრავდა: ნაყოფიერება, სიხარბეში ბრალდებები, კონფლიქტები წმინდა მეცნიერებასა და ინდუსტრიის ფულს შორის. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, მან ადამიანის ასობით გენი აღმოაჩინა. NIH-მა მათი დაპატენტება გადაწყვიტა, რითაც უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ კოლეგებმა ვენტერის დადანაშაულება დაიწყეს და მას სიხარბე დასწამეს. ნობელის ლაურეატის, ჯეიმს უოტსონის თქმით, მას „თავზარი“ დაეცა. ვენტერის მტკიცებით, ის პატენტების წინააღმდეგი იყო, მაგრამ NIH-მა თავისი მაინც არ დაიშალა.
ფრუსტრირებულმა, 1992 წელს, უნიკალური მოდელის მქონე არაკომერციული ინსტიტუტი დააფუძნა. ფული ვენჩურული კაპიტალისტებისგან მოიზიდა იმ პირობით, რომ თავის მონაცემებს, გამოქვეყნებამდე, მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიას, Human Genome Sciences-ს გაუზიარებდა. ეს ურთიერთობა 1997 წელს ცუდად დამთავრდა. განხეთქილების მიზეზი მონაცემთა გამჟღავნებას უკავშირდებოდა. ვენტერმა $40–მილიონიანი კვლევითი ფონდი დატოვა. „უამრავი ფული დავხარჯე, [Human Genome Sciences-ი] რომ მომეცილებინა თავიდან“, – ამბობს ის.
მაგრამ 1995 წელს ვენტერის ინსტიტუტმა ნამდვილი გარღვევა გააკეთა: პირველი გენომი, გნებავთ, ორგანიზმის გენეტიკური კოდის რუკა, ამ შემთხვევაში, ბაქტერიის ტიპისა. ეს ჰემ სმიტის რჩევა იყო. 1993-ში, ესპანეთში, სმიტი და ვენტერი ერთმანეთს სამეცნიერო კონფერენციაზე შეხვდნენ და საღამოს დასალევად გავიდნენ. სწორედ აქ დაიწყო მათი ოც წელზე მეტხნიანი თანამშრომლობა.
Human Genome Project-თან თავის შემდგომ რბოლას თითქოს წინასწარ გრძნობდაო, ვენტერისა და სმიტის ბაქტერიული გენომის რუკა აკადემიის სფეროს არაერთ მსგავს პროექტს მრავალი თვის მანძილზე ჯაბნიდა.
სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ლაბორატორიის დანადგარების კალიფორნიური მწარმოებლის, Perkin-Elmer-ის, ერთი განყოფილება (რომელიც დნმ-ის სეკვენსერებს ამზადებდა) ვენტერით დაინტერესდა. თუ ამ უკანასკნელს ბაქტერიული გენომის სეკვენირება შეეძლო, მაშინ იქნებ კომპანიის უახლესი აპარატებით ადამიანის გენომის სეკვენირება ეცადა?
ამ წინადადებაზე ვენტერმა უარი ვერ თქვა, რასაც 1998 წელს Celera Genomics-ის დაფუძნება მოჰყვა. Celera Genomics-ი არა მხოლოდ $3-მილიარდიან Human Genome Project-ს დაეპატრონა – საერთაშორისო კონსორციუმს, რომელსაც დიდწილად აშშ-ის მთავრობა აფინანსებდა, – არამედ მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მწერებისა და ცხოველების, დროზოფილასა და თაგვის, გენომების რუკის შედგენაც შეძლო. პროცესში ვენტერმა საერთაშორისო მასშტაბით მეცნიერთა გულისწყრომა გამოიწვია; ეს უკანასკნელნი შეძრწუნებულნი იყვნენ, რომ ამგვარი კვლევის მოტივაცია უფრო მოგება იყო, ვიდრე ცოდნა. იმ პერიოდში, გავრცელებული ცნობებით, ჯეიმს უოტსონი ისე გაცეცხლებულა, რომ ვენტერი ჰიტლერისთვის შეუდარებია და კოლეგებისთვის უკითხავს, ვინ გირჩევნიათ, იყოთ – ჩემბერლენი თუ ჩერჩილიო.
მაგრამ კერძო საწარმოს წნეხმა, საბოლოო ჯამში, ნაყოფი გამოიღო როგორც Celera-ში, ისე საჯარო ჯგუფში, რამაც გააუმჯობესა მათი მეთოდები და კვლევის ტემპებიც დააჩქარა. შედეგად, 2000 წლის 26 ივნისს, თეთრ სახლში, ორმა ჯგუფმა ერთობლივად განაცხადა, რომ ადამიანის მთელი გენომის რუკა შეედგინათ – მიღწევა, რის შესახებაც ჩვენი შვილიშვილები წაიკითხავენ სახელმძღვანელოებში.
დოტ-კომ ბუმის ეპოქაში Celera მძლავრი პოტენციალის მქონე ორგანიზაციად იქცა, რომელმაც 2000 წლის თებერვალში, აქციების შეთავაზების რაუნდზე, $855 მილიონი მოიზიდა, ხოლო მარტში, სულ ცოტა ხნით ადრე, სანამ მთელი ბაზარი ვარდნას დაიწყებდა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $14 მილიარდს მიაღწია. ვენტერის წილმა მცირედით გადააჭარბა $700 მილიონს. მისი თქმით, მან თავისი წილების ნახევარი არაკომერციულ ფონდს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მიღებული წილების ნახევარი გაყიდა, და $150 მილიონზე მეტი დააგროვა, რითაც მას მერე ვენტერის კვლევები ფინანსდება.
ეს აუცილებელი სამეცნიერო ფულადი რეზერვი იყო. Celera, თავის ნოვატორულ კვლევაზე დაყრდნობით, წამლებისა და დიაგნოსტიკური ტესტების გამოგონებას ცდილობდა, ვენტერი კი გამუდმებით კინკლაობდა საბჭოსთან. საბჭოს უნდოდა, Celera ფარმაცევტული გიგანტი გამხდარიყო და მედიკამენტები გარე დახმარების გარეშე გამოეგონებინა. ხოლო ვენტერს მარტივი სურვილი ჰქონდა: ყოფილიყო მეცნიერი და თავისი მონაცემები სხვა კომპანიებისთვის მიეყიდა. 2002 წლის იანვარში ვენტერი გაათავისუფლეს – რამდენიმე დღით ადრე, სანამ თავისი საფონდო ოფციონის მეოთხედი მიენიჭებოდა. „ძალიან უსინდისო ფორმით მოხდა განთავისუფლება“, – ამბობს ვენტერი. Celera-მ 2011 წლამდე როგორღაც გაიტანა თავი, 2011-ში კი $344 მილიონად Quest Diagnostic-ს მიეყიდა (Forbes-ის შეფასებით, ვენტერის ამჟამინდელი ქონება, მის ორ სტარტაპში არსებული წილებიდან გამომდინარე, $300 მილიონს შეადგენს). ვენტერის ნალოლიავები კომპანია, ფაქტობრივად, ნაწილებად გაიყიდა.
HUMAN LONGEVITY-თ, ვენტერი იმედოვნებს, რომ გადაჭრის პრობლემას, რომელიც, საბოლოო ჯამში, Celera-სა და Human Genome Project-ის ეფექტიანობას ზღუდავდა. ამ ორმა ჯგუფა დნმ-ის „საშუალო“ სეკვენირება შეძლო. სამეცნიერო სახელმძღვანელოსთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ ინდივიდებისთვის მთავარი სხვა რამაა, კერძოდ კი განსხვავებები, ანუ ის, თუ როგორ განსხვავდებიან ერთი ადამიანის გენები მეორის გენებისაგან, რასაც ცხვირის სხვადასხვა ფორმამდე თუ თვალის ფერამდე მივყავართ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დაავადებებამდე.
როგორც ვენტერი ამბობს, ახალი ტექნოლოგიის წყალობით მას შეუძლია, მიიღოს მონაცემები, რომლებიც სწორედ ამ სხვაობებს დაადგენს. Celera-ში ყოფნისას, ვენტერი სიხარულით იწონებდა თავს დნმ-ის სეკვენირების აპარატებით სავსე 25,000 კვადრატული ფუტის ოთახებით, მაგრამ დღეს უკვე ერთი თანამედროვე დესკტოპ-სეკვენერი ათასობით იმ ოთახის სიმძლავრეს უდრის და შეუძლია, დაახლებით $1,000-ად ადამიანის გენომის რუკა შეადგინოს. Human Genome Project-ს, თავიდან, ათ წელზე მეტი და, სულ ცოტა, $500 მილიონი დასჭირდა, იგივე შედეგი რომ დაედო (სან–დიეგოში დაფუძნებული ფირმა Illumina, რომელიც დესკტოპ-სეკვენსერებს აკეთებს, Human Longevity-ს მსხვილი ინვესტორია).
თავდაპირველად Human Longevity-მ იმ 40,000 ადამიანის დნმ-ის სეკვენირება მოახდინა, რომლებიც ისეთი ფარმაცევტული კომპანიების კლინიკურ ცდებში მონაწილეობდნენ, როგორიცაა Roche-ი და AstraZeneca. ვენტერის თქმით, ამ სამუშაომ საშუალება მისცა, ისეთი გენეტიკური ვარიაციები აღმოეჩინა, რომლებიც გვხვდება ახალგაზრდებში და არ გვხვდება უფრო ასაკოვნებში, რაც ნიშნავდა, რომ ამ ახალგაზრდებს ხნიერ ასაკთან შეუთავსებელი გენები ჰქონდათ. იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებენ ეს გენები, იმგვარი გარღვევა იქნება, რომელიც გენომის სეკვენირებას სიცოცხლის შემანარჩუნებელ პერსპექტივად გადააქცევს.
ვენტერმა გადაწყვიტა, რომ ისეთი ხალხის შესწავლაც სჭირდებოდა, რომელთაგანაც უფრო მეტ მონაცემს მოაგროვებდა, ვიდრე მხოლოდ კლინიკური ცდების მონაწილენი იყვნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს $25,000-იანი გამოკვლევა. და რადგან ხალხი ამაში ფულს იხდის, ეს არა მხოლოდ მონაცემების, არამედ შემოსავლის წყაროც არის. ამ მომენტისთვის თითქმის 500 ადამიანს აქვს ეს გამოკვლევა გავლილი. ვენტერი იმედოვნებს, რომ წელიწადში 2,000 კაცს მოემსახურება (და ამას წელსვე აპირებს), რაც, შემოსავლების სახით, $50 მილიონს მოიტანს. სამედიცინო დაზღვევა ამას სრულად არ ფარავს. ბაზარი, ამ ეტაპზე, მდიდრების იმედზე იქნება და იმ რომელიმე კომპანიისა, რომელიც თავის წამყვან აღმასრულებლებზე ზრუნავს; მოკლედ, ჯანმრთელობის დანაპირები ფუფუნების უმაღლესი რანგის საგნად მოგვევლინება.
ექიმებს ეს სძულთ. „სრულიად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, – ამბობს პიტსბურგის უნივერსიტეტის უროლოგი, ბენჯამინ დევისი. – ჯანმრთელი პაციენტების გამოკვლევა ჩვენთვის უკვე გავლილი ეტაპია, და მეტად უპატიოსნო ეტაპიც“. მაგალითის სახით ერთ-ერთი ბოლო კვლევა მოჰყავს, რომელიც ფილტვის კიბოს სკრინინგისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიას იყენებდა: პაციენტების 60%-ს განმეორებითი ტესტები დასჭირდა, თუმცა მხოლოდ 1.5%-ს ჰქონდა კიბო. American Cancer Society-ს სამედიცინო დირექტორის, ოტის ბროულის თქმით, ვენტერის საქმიანობა „დამაინტრიგებელ მეცნიერებად“ გამოიყურებოდა, ოღონდ იქამდე, სანამ გამოკვლევებზე გასული ხალხი არ მიხვდებოდა, რომ ეს კვლევა იყო და არა მედიცინა.
ვენტერი დარწმუნებულია, რომ პირველი ეტაპის სკრინინგ-ტესტების პრობლემა ისაა, რომ არასაკმარის მონაცემებს იძლევიან, ყოველ შემთხვევაში, საკმარისად ბევრს არა. ის თავადაა თავისი სიტყვების ილუსტრაცია. პირველი სწორედ მისი დნმ-ის სეკვენირება მოხდა, შედეგებმა კი აფიქრებინა, რომ კიბოთა უმეტესობის მიმართ დაბალი რისკები ჰქონდა. როცა პროსტატის კიბო დაუდგინდა, თავის მკვლევრებს მიზეზი ჰკითხა. მათ აღმოაჩინეს ის, რასაც თავად „სავარაუდო დამნაშავეს“ უწოდებს.
ესაა ცვლილება იმაში, თუ როგორ რეაგირებს მისი სხეული ჰორმონ ტესტოსტერონზე. ტესტოსტერონი უჯრედის რეცეპტორის (წარმოიდგენეთ ელექტროჩამრთველი) აქტივირების გზით მუშაობს. ამ რეცეპტორის გენი უფრო ეფექტიანია, თუ ნაკლები „დუპლიკაცია“ აქვს (განმეორებადი, ქაოსურად განახლებადი გენეტიკური კოდის გამოვლინებები). ტესტოსტერონი პროსტატის კიბოს ზრდის, ამდენად, კაცს 22 დუპლიკაციითა და არაეფექტიანი რეცეპტორით, დაავადებების უფრო დაბალი რისკები აქვს. ვენტერის ანდროგენურ რეცეპტორს მხოლოდ ექვსი დუპლიკაცია ჰქონდა.
„სხვაგვარად რომ ვთქვა, ტესტოსტერონის სუპერმგრძნობიარე რეცეპტორი მაქვს, – ამბობს ვენტერი. – ყველას ეგონა, ფოლადის კვერცხები მქონდა. არადა, ანდროგენურ რეცეპტორში მარტო ექვსი დუპლიკაცია მაქვს“.
მაგრამ ვენტერის მუდმივმა ძიებამ საკუთარი ბიოლოგიური მონაცემებისა, ამავე დროს, პრობლემა გაამწვავა და $25,000-იანი გამოკვლევის რეალური საფრთხეები გამოააშკარავა. წლების წინ ვენტერმა გაიგო, რომ ტესტოსტერონის დონეები დაბალი ჰქონდა და ტესტოსტერონის დანამატების მიღება დაიწყო (ექიმების უმეტესობა ასეთ რამეს არ აძლევს რეკომენდაციას), რამაც, ლამის უდავოა, მისი სიმსივნის უფრო სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.
Health Nucleus-ის პაციენტთა სადღაც 40%-მა აღმოაჩინა, რომ რაღაც სერიოზული სჭირთ. ზოგჯერ, როგორც, მაგალითად, ჰემ სმიტის ფილტვის კიბოს შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა აუცილებელი გახდა. ვენტერის მტკიცებით, სმიტს რომ რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოეჩინა სიმსივნე, მოკვდებოდა. მაგრამ Human Longevity-ს პაციენტთა უმრავლესობის შედეგები როდია ასეთი ცალსახა. მე გამიმართლა: MRI-მ არაფერი აჩვენა, გარდა იმისა, რომ ჩემი ჰიპოკამპუსი – მოგონებების ფორმირებაზე პასუხისმგებელი ტვინის უბანი – მხოლოდ საშუალო ზომისაა (ჩემი დნმ-ის სეკვენირების შედეგები ჯერ არ მოსულა).
ბევრს ვფიქრობდი, რას ვიზამდი, თუ გავიგებდი, რომ კიბო მაქვს ან ანევრიზმა, და რამდენად ცუდი იდეაა, საერთოდ, მთელი ეს ძალისხმევა. მაგრამ მაინც არ ვნანობ. ცოდნა საკუთარი თავის შესახებ მეტად მაცდური წინადადებაა. სწორედ ამ მაცდურობის იმედი აქვს ვენტერს, რომ საკმარის მონაცემებს მოაგროვებს და, ბოლო-ბოლო, გენომის ოპტიმისტურ პერსპექტივას რეალობად აქცევს.
კრეიგ ვენტერი, სეკვენირებული
1946: დაიბადა იუტაში.
1967-68: მსახურობს ვიეტნამში ჰოსპიტლის სამედიცინო მუშაკად და Tet Offensive-ის დროს პაციენტების დაზიანებათა სიმწვავეს, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის ბედს, ადგენს. სცადა თვითმკვლელობა, რისთვისაც ზღვაში შეცურა, მაგრამ ზვიგენთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა.
1972: იღებს UCSD-ს ბაკალავრის დიპლომს ბიოქიმიაში.
1975: იღებს UCSD-ს დოქტორის ხარისხს ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში.
1976: უერთდება SUNY Buffalo-ს სამედიცინო სკოლის ფაკულტეტს.
1984: უერთდება National Institutes of Health-ს.
1992: აარსებს Institute for Genomic Research-ს.
1995: ახდენს პირველი გენეტიკური თანრიგის დეკოდირებას; გენომი უჯრედისაა, ბაქტერია Haemophilus influenzae-სი.
1998: ხდება Celera Genomics-ის თანადამფუძნებელი, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიისა, რომელსაც განზრახული აქვს, ადამიანის გენეტიკური კოდის სეკვენირება სამ წელიწადში შეძლოს. იწყებს შეჯიბრს მთავრობის მიერ დაფინანსებულ Human Genome Project-თან, რომელიც იმავეს გაკეთებას ცდილობს.
2000: Celera და Genome Project-ი აცხადებენ, რომ ადამიანის გენომის სეკვენირების სამუშაო ნაწილი დასრულებულია, ეს ყველაფერი კი თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ხდება, რომელსაც ბილ კლინტონი თავმჯდომარეობს.
2002: ათავისუფლებენ Celera Genomics-იდან.
2004-06: დედამიწას გარს ურტყამს თავისი 100-ფუტიანი გემით, Sorcerer II-ით, და ახალი სიცოცხლის აღმოსაჩენად ზღვის წყლიდან ახდენს დნმ-ის სეკვენირებას. ხდება Synthetic Genomics-ის თანადამფუძნებელი – კომპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური გენომიკის შექმნას. აარსებს J. Craig Venter Institute-ს.
2007: ხდება პირველი ადამიანი, რომლის მთელი გენომის სეკვენირება გაკეთდა. შედეგები PLOS Biology-ში ქვეყნდება.
2010: ქმნის პირველ სინთეზურ ბაქტერიას და ახალ სახეობებს მთლიანად ადამიანის ხელით დამზადებული დნმ-ით.
2013: ხდება Human Longevity-ს თანადამფუძნებელი.
2015: იწყებს Health Nucleus-ს.
2016: უსვამენ პროსტატის კიბოს დიაგნოზს.