2025 წელი დონალდ ტრამპისთვის ყველაზე მოგებიანი წელი აღმოჩნდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, პრეზიდენტის ქონება ამჟამად რეკორდულად ნიშნულს აღწევს და $7.3 მილიარდს უტოლდება. 2024 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ იბრძოდა თეთრ სახლში დაბრუნებისთვის, $4.3 მილიარდის ქონებას ფლობდა. სიმდიდრის 3 მილიარდი დოლარით ზრდამ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი Forbes 400-ში 118 ადგილით დააწინაურა და 201-ე პოზიცია მიანიჭა.
როგორც Forbes-ი წერს, აშშ-ის ისტორიაში საკუთარი თანამდებობა ამხელა ფინანსური სარგებლისთვის არცერთ პრეზიდენტს არ გამოუყენებია. ტრამპის კიდევ უფრო გამდიდრების მთავარი წყარო კი გახდა კრიპტოვალუტა — სექტორი, რომელიც ხშირად არის რეგულატორების სამიზნე და აჟიოტაჟის მიზეზი.
2024 წლის სექტემბერში, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ტრამპმა შვილებთან ერთად კრიპტოპროექტი World Liberty Financial-ი შექმნა. თავდაპირველად ინიციატივა სუსტ შედეგს იძლეოდა, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ სკანდალურმა კრიპტო-ანტრეპრენიორმა, ჯასტინ სუნმა პროექტში 75 მილიონი დოლარი ჩადო, საიდანაც დაახლოებით $40 მილიონი თავად ტრამპს და მის ოჯახს გადაეცა. ეს ინვესტიცია იქცა ბიძგად, რომელმაც შემდგომში მრავალმილიარდიანი ბუმი გამოიწვია. იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპმა მემეკოინი გამოუშვა, რითაც თავის ნაღდ ფულს ასობით მილიონი დოლარი შემატა.
ამავდროულად, World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებულმა ტოკენებმა უკვე 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგენერირა. ამ თანხის დაახლოებით 75% ტრამპის ოჯახის კომპანიას ხვდება, რაც $1 მილიარდზე მეტის მოგებას ნიშნავს. გარდა ამისა, ტრამპის მიერ შემოღებულმა, კრიპტოსადმი მეგობრულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, პრეზიდენტის პირადი სარგებელი კიდევ უფრო გაზარდა.
ქონების ზრდის მთავარი წყაროები
Forbes-ის მონაცემებით, ტრამპის ქონება ძირითადად შემდეგმა მიმართულებებმა გაზარდა:
მემეკოინი — +$710 მლნ
ლიკვიდური აქტივები — +$660 მლნ
ლიცენზირება და მენეჯმენტი — +$410 მლნ
იურიდიულ დავაში გამარჯვება — +$470 მლნ
World Liberty Financial-ის ტოკენები — +$340 მლნ
სტეიბლკოინის ბიზნესი — +$240 მლნ
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპს $500-მილიონიანი ჯარიმა გაუუქმა, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა. ტრამპის უძრავი ქონების ლიცენზირების ბიზნესმა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო, 2024 წელს შემოსავლები 580%-ით, 45 მილიონ დოლარამდე გაზარდა. მან ახალი ხელშეკრულებები საუდის არაბეთში, ვიეტნამში, რუმინეთში, ინდოეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააფორმა. ამასთან, გასულ წელს ტრამპის გოლფის მოედნებისა და კლუბების პორტფელის მოგება 30%-ით გაიზარდა, რამაც მილიარდერ პრეზიდენტს 325 მილიონი დოლარი მოუტანა.
ამავე პერიოდში, ტრამპმა მნიშვნელოვანი ვალებიც დაფარა — 114 მილიონი დოლარის სესხი ნიუ-იორკის ცათამბჯენის, 40 Wall Street-ისთვის, ასევე ჯამურად დაახლოებით 15 მილიონი დოლარის სესხები ნიუ-იორკისა და ფლორიდის სასახლეებისთვის.
Forbes-ის შეფასებით, ამჟამად დონალდ ტრამპის აქტივები 8.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 1.1 მილიარდი ლიკვიდურ აქტივებშია, ვალდებულებები კი დაახლოებით იგივე მოცულობისაა — $1.1 მილიარდი.