როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა ევროპის ქვეყნების ეკონომიკასა და შრომის პროდუქტიულობაზე?

როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა ევროპის ქვეყნების ეკონომიკასა და შრომის პროდუქტიულობაზე?

გასული 2024 წელი რეკორდულად ცხელი იყო როგორც ევროპის რეგიონში, ასევე გლობალურად. ტემპერატურამ 1850 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც მისი აღრიცხვა ოფიციალურად დაიწყო, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამასთან ერთად კი, გლობალურად, უკანასკნელი 10 წელი ყველაზე ცხელ ათწლეულადაა შეფასებული.

„ევროპის კლიმატის მდგომარეობის“ ანგარიშის თანახმად, კონტინენტებს შორის ტემპერატურის ყველაზე სწრაფი ზრდა სწორედ ევროპაში შეინიშნება. რეგიონში 1980-იანი წლებიდან მოყოლებული საშუალო ტემპერატურა გაორმაგებულია. რიგი კვლევების თანახმად კი, სიცხის ტალღების მზარდი სიხშირე მნიშვნელოვან გავლენას უკვე ევროპის კონტინენტზეც ახდენს და მშპ-სა და შრომის პროდუქტიულობის დანაკარგებს იწვევს. ექსპერტების გაფრთხილებით, ეკონომიკური ზემოქმედება მომდევნო ათწლეულებში მკვეთრი მატების ტენდენციას შეინარჩუნებს.

Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც დევიდ გარსია-ლეონსა და მის კოლეგებს ეკუთვნით, ოთხი განსაკუთრებით ცხელი წლის განმავლობაში – 2003, 2010, 2015 და 2018 წლებში –  სიცხის ტალღები შეისწავლეს და მათი გავლენა 981-2010 წლების ისტორიულ საბაზისო პერიოდს შეადარეს. შერჩეულ წლებში, სიცხის ტალღებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის ჯამური ღირებულება ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-დან 0.5%-მდე მერყეობდა. ეს მოიცავს ევროკავშირის 27 ქვეყანას, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებს.

შედარებისთვის, 1981-2010 წლების პერიოდში უკიდურესი სიცხით გამოწვეული საშუალო წლიური ეკონომიკური დანაკარგი მშპ-ის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენდა, რაც ზემოთ მოცემული წლების მაჩვენებელზე 1.5-დან 2.5-ჯერ მეტია. კვლევის პროგნოზით, ტალღებით გამოწვეული საშუალო ეკონომიკური დანაკარგები, მშპ-ის ისტორიული საშუალო მაჩვენებლიდან (1981–2010), შესაბამისად 0.21%-დან, 2035–2045 წლებში 0.77%-მდე, 2045–2055 წლებში 0.96%-მდე, ხოლო 2060-იანი წლებისთვის 1.14%-მდე გაიზრდება.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, Euronews-ის ანალიზით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური დანაკარგები კვიპროსში, ხორვატიაში, პორტუგალიაში, მალტაში, ესპანეთსა და რუმინეთში დაფიქსირდება. ამ ქვეყნების შემთხვევაში 2055-2064 წლების პერიოდისთვის დანაკარგი მშპ-ის -2.5%-ს შეადგენს. 2060-იანი წლებისთვის ეკონომიკური დანაკარგები მოსალოდნელია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საბერძნეთსა და იტალიაში (ორივე ქვეყნისთვის პროგნოზირებადი -2.17%) და საფრანგეთში (-1.46%).

გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, დანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში სიცხის ტალღების ზეგავლენა მშპ-ზე შედარებით დაბალი იქნება და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც -0.5%-ზე დაბლა რჩება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიში ალია კოსტას და მის კოლეგებს ეკუთვნით. კვლევა 23 ქვეყანას – მათ შორის 21 ქვეყანას ევროპაში, პლუს იაპონია და სამხრეთი კორეა – მოიცავს და მაღალი ტემპერატურის შრომის პროდუქტიულობაზე გავლენას შეისწავლის. კვლევა ეფუძნება 2000-დან 2021 წლამდე მეტეოროლოგიური მდგომარეობის დეტალურ მონაცემებსა და 2.7 მილიონზე მეტი ფირმის ფინანსურ ინფორმაციას.

ანგარიშის დასკვნით, შრომის პროდუქტიულობა მაღალი ტემპერატურის დღეების რაოდენობის ზრდისა და სიცხის ტალღების წარმოქმნის პარალელურად, მნიშვნელოვნად ეცემა. კვლევის საბაზისო შეფასებით, წლის განმავლობაში 10 დამატებითი დღე, როდესაც  ტემპერატურა 35°C-ს აღემატება ფირმების წლიური შრომის პროდუქტიულობის 0.3%-ით შემცირებას იწვევს. 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ეს 0.2%-იან ვარდნას გულისხმობს.

ზემოქმედება მკვეთრად იზრდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს. ამ დროს პროდუქტიულობა 1.5%-ზე მეტით მცირდება და 1.9%-ს აღწევს. ექსტრემალურ სცენარში დანაკარგებმა შესაძლოა 2.5%-ს გადააჭარბოს.

OECD-ის სიმულაციით, სითბური სტრესის დღეების რაოდენობის ზრდის გამო, შრომის პროდუქტიულობის ყველაზე მაღალი ცვლილება ესპანეთში დაფიქსირდა. ქვეყანაში 2000–2004 და 2017–2021 პერიოდებს შორის შრომის პროდუქტიულობის 0.22%-იანი კლება მივიღეთ. შემდეგ მოდის საფრანგეთი და უნგრეთი, თითოეულის შემთხვევაში 0.13%-იანი დანაკარგით. დარჩენილ ქვეყნებს შორის, სადაც დანაკარგები 0.1%-ს ან მეტს შეადგენს, არის სლოვაკეთი, ბულგარეთი, სლოვენია, იტალია, პოლონეთი და რუმინეთი. ამის საპირისპიროდ, ჩრდილოეთის ქვეყნები, როგორიცაა დანია და ფინეთი, ყველაზე მცირე დანაკარგებს განიცდიან.