1994 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული სტარტაპი „ამაზონი“ რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია გახდებოდა, ბეზოსი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. „ამაზონის“ გზა დღეს უკვე ბევრმა უმსხვილესმა კომპანიამ გაიარა. წარმატებული სტარტაპები და სტარტაპერები გვყავს საქართველოშიც, მათ შორის, Pulsar AI, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გლობალურმა კომპანია SpinCar-მა იყიდა, Payze-რომელიც Y Combinator-ში მოხვდა, Cargon და Stack-ი, რომლებმაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა გაიარეს და შემდგომ სან-ფრანცისკოში განაგრძეს შეხვედრები.
როგორ ყალიბდება და ძლიერდება სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში – ამასთან დაკავშირებით „Forbes Georgia“-ს საკუთარ მოსაზრებას „სტარტაპ ბიუროს“ დამფუძნებელი გური ქოიავა უზიარებს.
„სტარტაპ ეკოსისტემას ქმნიან ადამიანები, სხვადასხვა ეტაპზე მყოფი სტარტაპები და ორგანიზაციები, რომლებიც არსებობენ კონკრეტულ სივრცეში ან ქალაქში, სადაც ისინი ურთიერთქმედებენ ერთიანი სისტემის სახით ახალი სტარტაპ-კომპანიების დასაფუძნებლად. განვითარებული ეკოსისტემის მაგალითად მოვიყვანდი ისრაელს, ესტონეთს, შვედეთს, ირლანდიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. შთამბეჭდავია ამ მიმართულებით მათ სამთავრობო და კერძო სექტორის დაფინასების მასშტაბი და მოცულობა. მაგრამ თავდაპირველი და უმთავრესი კომპონენტი სტარტაპის წარმატებისათვის ინოვაციაა. ინოვაცია ყველაფერში – დაწყებული სოფლის მეურნეობის სფეროდან, გაგრძელებული საჯარო მმართველობით, მართლმსაჯულებითა და თავდაცვით – ყველა ერთად უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული და სახელმწიფო პოლიტიკაც ამაზე უნდა იყოს აწყობილი. აქვე ვიტყოდი, რომ ქრაუდფანდინგის კანონი აუცილებლად არის მისაღები, რათა სტარტაპებს საშუალება ჰქონდეთ ალტერნატიული დაფინანსების გზებით ისარგებლონ და ასევე, დასანერგია სტარტაპებისთვის საჯარო დაფინასების მექანიზმები.
პროცესი, რომლებიც ამ ეკოსისტემას ქმნის და აძლიერებს, მრავალწახნაგოვანია და მასში მონაწილეობენ უშუალოდ ეკოსისტემის მშენებლობაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინკუბატორები, აქსელერატორები, საერთო სამუშაო სივრცეები, სტარტაპ ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა. ამ პროცესში იკვეთება ახალი იდეები, გამოგონებები, კვლევები, რაც ნიშნავს ახალი სტარტაპ-გუნდების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერების პროცესში დიდ როლს თამაშობენ უკვე წარმატებული მეწარმეები, რომლებიც სტარტაპ-მენტორები გახდნენ, ანგელოზი ინვესტორები, რომლებიც ინტერესდებიან ახალი პროექტებით, ინვესტორთა კლუბები, ვენჩურული კაპიტალის ფონდები, ქრაუნდფანდინგის პლატფორმები, სესხის თუ გრანტის გამცემი ორგანიზაციები, საიდანაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები იქმნება.
სტარტაპების განვითარებას უფრო მეტად ეხმარება სტარტაპ-ბლოგები, პოდკასტები, ბიზნეს-მედია, უშუალოდ ეკოსისტემის მშენებლობაზე ორიენტირებული ორგანიზაციები თუ სხვა ფასილიტატორები.
სტარტაპ-მოძრაობას მუდმივად სჭირდება მხარდამჭერებისა და მოკავშირეების არსებობა, როგორც საფინანსო, ისე დონორი და სახელმწიფო ორგანიზაციების სახით, რომლებიც თავიანთ რესურსებს ამ სფეროსკენ მიმართავენ. შედეგად, სტარტაპ-ეკოსისტემა ვითარდება და ძლიერდება.
რა უნდა გაკეთდეს უფრო სწრაფად განვითარებისთვის?
რა თქმა უნდა, ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სტარტაპ მოძრაობა და მეტად იაქტიურონ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო თუ დონორმა ორგანიზაციებმა. საჭიროა მეტი ურთიერთთანამშრომლობა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების მხარდაჭერა-გაძლიერება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც სამთავრობო, ის კერძო სექტორის მეტი ჩართულობა აუცილებელია. სწორედ ესაა ის აუცილებელი პირობაც და ფორმატიც, რომლის გარეშეც მსოფლიოში ვერცერთი ეკოსისტემა ვერ განვითარდა და რომლის გარეშეც, დიდი ალბათობით, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასაც გაუჭირდება.
რას იტყოდით სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რომელ ქვეყანას აქვს წარმატების ისტორია?
მახსენდება ჩვენი მოძმე და მეგობარი ქვეყანა სომხეთი, რომლის ტექ-ეკოსისტემაში სასწაულები ხდება, მაგალითად, პირველმა უნიკორნმა “picart“-მა არც ისე დიდი ხნის წინ 130 მილიონის, ხოლო DISQO-მ 85 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს, ასევე წლის დასაწყისში მოახერხეს რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა SuperAnnotate, ServiceTiTan, Krisp და სხვა სტარტაპებმა. ჩვენთან პროცესები გაცილებით ნელა ვითარდება, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მალე დადგება პირველი უნიკორნის გამოჩენის დღეც.
რა პროექტებს ახორციელებს თქვენი ორგანიზაცია?
სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით ქვეყანაში წარმატებით დაინერგოს, დაფუძნდეს და განხორციელდეს ჰაკათონები, ბიზნეს-ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ნოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
ჰაკათონები და ბიზნეს ბანაკები
საუკეთესო იდეები გუნდური მუშაობისას იბადება. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვატარებთ ჰაკათონებსა და ვაწყობთ ბიზნეს-ბანაკებს, საჯარო უწყებებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო დონორებთან და კერძო სექტორთან პარტნიორობით.
პრეაქსელერაცია და აქსელერაცია
იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე გრძელი გზაა. ამ გზის გავლაში ინოვატორებს ჩვენი პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები ეხმარება. ამ პროგრამებით სარგებლობა სტარტაპებს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ.
სტარტაპების სკაუტინგი და გარიგებები
ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როცა სწორი გამოწვევისთვის სწორი ადამიანია შერჩეული. ჩვენი დიდი პროფესიული ქსელის დახმარებით ვპოულობთ ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს და ვაკავშირებთ მათ ინვესტორებთან და პარტნიორებთან.
ფორუმები და კონფერენციები
ახალ ადამიანებთან შეხვედრა და იდეების გაზიარება უმნიშვნელოვანესია ინოვაციის ხელშესაწყობისათვის. მეწარმეობისა და ტექნოლოგიების თემებზე გამართული ჩვენი ფორუმები და კონფერენციები იდეების გაცვლისა და გაზიარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. ზემოაღნიშნული ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა ფორმატით: ფიზიკურ სივრცეში, ვირტუალურად და ჰიბრიდულად.
ტრენინგები და ვორქშოპები
მნიშვნელოვანია, გამოცდილმა ინოვატორებმა თავიანთი ცოდნა დამწყებ მეწარმეებს გაუზიარონ. ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ ტრენინგებსა და ვორქშოპებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ბიზნეს-მოდელის დიზაინი, ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა, ბრენდინგი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ.
პრეზენტაციის დიზაინი და წარდგენა
იდეის წარმატების განმსაზღვრელი ხშირად სწორედ ისაა, თუ როგორ წარვადგენთ მას სხვების წინაშე. ჩვენ სტარტაპებს ინვესტორებთან შეხვედრამდე თავიანთი პროექტებისთვის საუკეთესო პრეზენტაციების მომზადებაში ვეხმარებით“.
ყველა ეს მიმართულება და მეთოდოლოგია ჩვენს ეკოსისტემას ბევრად სწრაფ ტემპში წასწევს წინ, ხოლო პროცესი წარიმართება ჩვენს ახლანდელ და მომავალ პარტნიორებთან ერთად. თუმცა ვისურვებდი, რომ როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი თუ დონორი ორგანიზაციები უფრო აქტიურად ჩაერთოს ყველა ზემოხსენებულ პროგრამაში.