აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და 2024 წლის ნოემბრის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ მომხდარი საპრეზიდენტო კამპანიების მიმდინარეობასაც შეცვლის. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელმა ფაქტმა საპრეზიდენტო რბოლაზე გავლენა უკვე მოახდინა. დემოკრატებმა თავიანთი კამპანია დროებით შეაჩერეს, სპეცსამსახურები კი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.
ტრამპზე თავდასხმამ მისი ამომრჩევლები განსაკუთრებით გააბრაზა. მეტიც, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრებაც, რომ პოლიტიკური კამპანია უფრო ძალადობრივი გახდება და შესაძლებელია მსგავსი მცდელობები ორივე კანდიდატის წინააღმდეგ კვლავ განმეორდეს.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსები მომხდარს პრეზიდენტ ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ნარატივს უკავშირებენ. მაგალითად, სენატორი ვანსი მიიჩნევს, რომ გუშინდელი შემთხვევა არ არის მხოლოდ ერთი, იზოლირებული ინციდენტი. მისი მოსაზრებით, ტრამპზე თავდასხმა ბაიდენის კამპანიის რიტორიკის შედეგია, რომელიც ტრამპს ავტორიტარ ფაშისტად ნათლავს.
სიტუაციის განმუხტვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი განცხადებით სცადა და პოლიტიკურ ძალადობას მიუღებელი უწოდა. „მსგავსი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის“, – განაცხადა მან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იყო 20 წლის თავდამსხმელის მოტივი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის რეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩეველი გახლდათ. თუმცა ბოლო პერიოდში დემოკრატი პოლიტიკოსების მხარდამჭერ კომიტეტში $15-დოლარიანი დონაციაც განახორციელა.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ტრამპზე თავდასხმა, სავარაუდოდ, მის მხარდაჭერას გააძლიერებს. ტრამპი მილუოკიში რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციასაც დაესწრება, სადაც ის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება. პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომხდარი ინციდენტი ტრამპის მხარდამჭერებს შორის პოლიტიკური კლასის მიმართ გაუცხოებას გააძლიერებს. თავდასხმიდან რამდენიმე საათში ტრამპის კამპანია ამომრჩევლებთან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გზავნიდა და ფინანსურ კონტრიბუციას მოითხოვდა. ყოფილ პრეზიდენტს მხარდაჭერა ამერიკელმა მილიარდერებმა ილონ მასკმა და ბილ აკმენმაც გამოუცხადეს.
პოლიტიკის მკვლევრების შეფასებით, ამჟამად აშშ 1970-იანი წლების შემდეგ პოლიტიკური ძალადობის ყველაზე აქტიურ ფაზაშია. საინტერესოა, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ 14 ფატალური პოლიტიკური თავდასხმიდან 13-ის შემთხვევაში თავდამსხმელი მემარჯვენე იდეოლოგიას, ერთი კი მემარცხენე იდეოლოგიას იზიარებდა.