გუშინ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები მმართველი პარტიის დეპუტატებმა არ გაიზიარეს და კენჭი მის საწინააღმდეგოდ უყარეს. კანონპროექტი ხელმოსაწერად კვლავ საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს კვლავ არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საერთაშორისო პარტნიორები, ორგანიზაციები და სახელმწიფო ლიდერები გამოეხმაურნენ.
ვეტოს დაძლევიდან მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მთავარმა აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ. ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, უგულებელეყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. კომისია აცხადებს, რომ კანონის მიღება კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ გაცემული 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ სამს ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოვლენებზე რეაგირებისათვის ყველა ვარიანტს განიხილავს.
ვეტოს დაძლევას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიღებული კანონი ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე უარყოფითად აისახება.
საკუთარი განცხადება ვეტოს დაძლევაზე „ჰელსინკის კომისიამაც“ გააკეთა. კომისია განმარტავს, რომ კანონი დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ჰელსინკის კომისია“ აღნიშნავს, რომ რუსული სტილის კანონი კრემლის დიდხნიანი სტრატეგიის შედეგია.
ვეტოს დაძლევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც და განმარტა, რომ პარლამენტში მიერ დაძლეული ვეტო უკან გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში დაამატებენ.
განვითარებულ პროცესებს ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერიც. მილერის განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაშორდა. სახდეპის პრესსპიკერის განმარტებით, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას და აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
ვეტოს დაძლევის პროცედურას ევროკავშირის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოს, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამოეხმაურა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კანონმა შესაძლოა საფრთხე სამართლიანი არჩევნების ჩატარებასაც შეუქმნას.
განვითარებული პროცესების შესახებ განცხადებები ბალტიისპირული ქვეყნების ლიდერებმა, ასევე ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ ქვეყანა არსებული საგარეო კურსით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ვერ გაწევრიანდება.