როგორია აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა?

როგორია აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მაღალი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა, რაც გრენლანდიის ირგვლივ წამოჭრილ დავას უკავშირდება. ევროკავშირმა კი საგანგებო სამიტი გამართა და, გავრცელებული ინფორმაციით, €93 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების პაკეტს ამზადებს.

ამ პოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება კითხვა, როგორია დღეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობა? ამ შეკითხვაზე პასუხი Statista-მ Eurostat-ის მონაცემების გამოყენებით გასცა.

Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირთან საქონლით ვაჭრობაში დეფიციტი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აშშ-ში უფრო მეტ პროდუქტს ყიდის, ვიდრე მისგან ყიდულობს. აღნიშნული ტენდენცია არ ვრცელდება სერვისებზე, სადაც აშშ-ს ევროკავშირთან სავაჭრო პროფიციტი აქვს, თუმცა ეს მონაცემები მოცემულ სტატისტიკაში არ არის ასახული.

ტრამპი ამ დისბალანსს ხშირად აკრიტიკებს და მაგალითად ავტომობილების სექტორს ასახელებს. Eurostat-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ევროკავშირმა აშშ-ში დაახლოებით $32 მილიარდის ღირებულების ავტომობილები და ავტონაწილები გაიტანა, მაშინ როცა აშშ-დან ევროკავშირში იმპორტი მხოლოდ $8.1 მილიარდს შეადგენდა.

ეს სხვაობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთი მხრივ, ამერიკული ავტოკომპანიები, მაგალითად Ford-ი, General Motors-ი (Chevrolet, Cadillac, GMC) და Stellantis-ი (Chrysler, Jeep, Dodge), ძირითადად აშშ-ის ბაზარზეა ორიენტირებული და ნაკლებად აწარმოებს მოდელებს, რომლებიც ევროპული მოთხოვნებზეა მორგებული. მეორე მხრივ, კი ევროკავშირი დომინირებს პრემიუმ და ლუქს-სეგმენტში, რაც ავტომობილების საშუალო ღირებულებას ზრდის. ამას ემატება ტექნიკური სავაჭრო ბარიერები, მათ შორის უსაფრთხოებისა და ემისიების განსხვავებული სტანდარტები, რაც ამერიკული ავტომობილებისთვის ევროპულ ბაზარზე შესვლას ართულებს.

ავტომობილების გარდა, ევროკავშირის უმსხვილეს საექსპორტო კატეგორიებს აშშ-ის მიმართულებით წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქცია, მანქანა-დანადგარები და ორგანული ქიმიური პროდუქტები.

ევროკავშირის ექსპორტი აშშ-ში (Q1-Q3 2025, მლრდ ევრო)

პროდუქციის კატეგორიამოცულობა
ფარმაცევტული პროდუქტები84.4
მანქანა-დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები68.3
ორგანული ქიმიური პროდუქტები66.3
ავტომობილები და ავტონაწილები32.2
ელექტრომოწყობილობები და აპარატურა31.0
ოპტიკური და სამედიცინო ინსტრუმენტები27.0
ავიაცია და კოსმოსური ტექნიკა9.0
პლასტმასა და პლასტმასის ნაწარმი7.8

ევროკავშირის იმპორტი აშშ-დან (Q1-Q3 2025, მლრდ ევრო)

პროდუქციის კატეგორიამოცულობა
მინერალური საწვავი და ნავთობი53.7
მანქანა-დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები43.0
ფარმაცევტული პროდუქტები33.2
ოპტიკური და სამედიცინო ინსტრუმენტები21.1
ორგანული ქიმიური პროდუქტები19.0
ავიაცია და კოსმოსური ტექნიკა17.3
ელექტრომოწყობილობები და აპარატურა13.4
ავტომობილები და ავტონაწილები8.1