ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, სიმდიდრის გადანაწილების მიხედვით, შესამჩნევი უთანასწორობაა. ზრდასრულ პირთა სიმდიდრე, ბლოკის წევრ ყველაზე მაღალი დონის ქვეყნებში, ყველაზე დაბალი დონის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს ათჯერ აღემატება.
უთანასწორობა ევროკავშირის მოქალაქეების მთავარ პრობლემად იქცა. Eurobarometer-ის 2021 წლის კვლევით, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური განვითარების უმთავრეს პრიორიტეტად თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა დასახელდა. ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებად თანაბარი შესაძლებლობები, მათ შორის შრომის ბაზარზე, სამართლიანი სამუშაო პირობები და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა რჩება.
Credit Suisse-ისა და UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2023 წლის ანგარიშში, ევროპის ქვეყნებში სიმდიდრე ერთ ზრდასრულ პირზე განისაზღვრება როგორც საშუალო, ისე მედიანური თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს ეკონომიკურ უთანასწორობას. წმინდა ღირებულება ან „სიმდიდრე“ განისაზღვრება როგორც ფინანსური აქტივების ღირებულებას დამატებული უძრავი ქონება (ძირითადად საცხოვრებლები), მათი დავალიანების გამოკლებით.
რეიტინგს შვეიცარია და ლუქსემბურგი ლიდერობენ. ამ ქვეყნებში ზრდასრულთა სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი, შესაბამისად, €650,737-სა და €556,458-ს უდრის, რაც მათ ევროპის უმდიდრეს სახელმწიფოებად აქცევს. ამ ქვეყნების ფინანსური სიმტკიცე ძლიერი საბანკო სექტორის, შემოსავლების მაღალი დონისა და ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების დამსახურებაა.
რეიტინგის სათავეშივე ვხვდებით ისლანდიას, დანიასა და ნორვეგიას. ამ ქვეყნებში ერთ ზრდასრულზე საშუალო სიმდიდრე €473,210-ს, €389,320-სა და €365,943-ს უტოლდება. ეს სკანდინავიური ქვეყნები ცხოვრების მაღალი სტანდარტებითა და სოციალური კეთილდღეობის სისტემებით გამოირჩევიან. რაც შეეხება ევროპის ტოპ-5 ეკონომიკას, ამ შემთხვევაში ზრდასრულთა სიმდიდრე €210,228-დან €296,5190-ს შორის მერყეობს.
ბევრად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ერთ სულ ზრდასრულზე სიმდიდრე ლიეტუვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში, შესაბამისად, €66,041-ს, €58,998-სა და €56,361-ს უტოლდება. რეიტინგის დასასრულს, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ბოსნია და ჰერცეგოვინასა და თურქეთშია – €31,902 და €16,693
მოხსენების თანახმად, მედიანური სიმდიდრე ტიპური ადამიანის ცხოვრების მაჩვენებელს ბევრად უფრო ზუსტად განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, ერთ ზრდასრულზე მედიანური სიმდიდრით – €392,396, ისლანდია ლიდერობს, შემდეგ მოდის ლუქსემბურგი – €342,559. ამის პარალელურად, რეიტინგის ბოლოში ისევ თურქეთია – €5,212. აქვეა სერბეთი (€15,633) და ბოსნია და ჰერცეგოვინა (€15,654).
ევროპის უდიდეს ეკონომიკაში ყოველ ზრდასრულზე სიმდიდრის მედიანური მაჩვენებელი €63,376-ს აღწევს. ამ მონაცემით გერმანია ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა დიდ ნაწილს ჩამორჩება. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში, სადაც იგივე მაჩვენებლები €144,183-სა და €126,436-ს უტოლდება.
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო სიმდიდრის დეტალური შედარება ეროვნულ დონეზე განსხვავებებსაც ნათლად წარმოაჩენს. მაგალითად, შვეიცარიაში ერთ სულ ზრდასრულ მოსახლეზე საშუალო სიმდიდრე €650,737-ია, მაშინ როდესაც მედიანური სიმდიდრე €158,930-ზე დაბალია. ეს მაჩვენებელი თვითონ ქვეყანაში სიმდიდრის არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, სადაც ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მოსახლეობის მცირე ჯგუფის საკუთრებაშია.
მაგალითისთვის, გერმანიაში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 10% ფლობს €9,497-ზე ნაკლების სიმდიდრეს, €9,497-€94,970-ის დიაპაზონში სიმდიდრის ღირებულებით, მოსახლეობის 46%, ხოლო $100,000-$1 მილიონამდე სიმდიდრე მოსახლეობის 40%-ზე მოდის. შედარებისთვის, თურქეთში €9,497-ზე ნაკლების ღირებულების სიმდიდრეს ზრდასრული მოსახლეობის 70%-ზე მეტი ფლობს.
ერთ სულ მოსახლეზე, სიმდიდრის საშუალო მაჩვენებლით, ქვეყნების ათეული:
- შვეიცარია – $650,737
- ლუქსემბურგი – $556,458
- ისლანდია – $473,210
- დანია – $389,320
- ნორვეგია – $365,943
- ნიდერლანდები – $340,204
- ბელგია -$335,056
- საფრანგეთი – $296,519
- გაერთიანებული სამეფო – $287,543
- შვედეთი – $281,861