როგორია გრენლანდიის იშვიათი მეტალების მარაგების შედარება დანარჩენი მსოფლიოს მარაგებთან?

როგორია გრენლანდიის იშვიათი მეტალების მარაგების შედარება დანარჩენი მსოფლიოს მარაგებთან?

უკანასკნელი თვეების განმავლობაში გრენლანდია და მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რესურსები და პოტენციალი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველდღიური განხილვის საგანია. გრენლანდიასთან დაკავშირებით დებატები განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კუნძულზე კონტროლის დამყარების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

შეერთებული შტატების გაცხადებულ მიზანს გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად მისი სტრატეგიული მდებარეობა და არქტიკის სარტყელში მოქმედების თავისუფლება წარმოადგენს. ამას აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. თუმცა კუნძულის გეოსტრატეგიული მდებარეობის გარდა, გასათვალისწინებელია გრენლანდიის წიაღისეული რესურსის მარაგები და მასზე წვდომის თავისუფლებაც.

გუშინ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან ჩარჩოშეთანხმება მიღწეულია და აშშ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს არქტიკის ტერიტორიაზე განახორციელებს. გუშინ გავრცელებული მონახაზით კი უკვე ღიადაც დადასტურდა, რომ აშშ-ის მიზანს მხოლოდ ტერიტორიის კონტროლი არ წარმოადგენდა. ჩარჩოშეთანხმების თანახმად, აშშ-ს გრენლანდიის მინერალურ რესურსებზე უფლება გაუჩნდება, ეს უფლება კი უვადო იქნება.

სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას, თუ რატომ შეიძლება იყოს გრენლანდიის წიაღისეული რესურსი და კონკრეტულად იშვიათი მეტალების მარაგები აშშ-ისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და როგორია კუნძულის მარაგების შედარება დანარჩენ მსოფლიოსთან. მონაცემები აღებულია აშშ-ის გეოლოგიური კვლევის 2025 წლის ანგარიშიდან.

ანგარიშის თანახმად, იშვიათი მეტალების მარაგების გლობალური ლიდერი კვლავ ჩინეთია. 2024 წელს ჩინეთში 270,000 ტონა იშვიათი მეტალები მოიპოვეს, რაც გლობალური წარმოების ნახევარზე მეტს შეადგენს. გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთი მოპოვებით პირველ ადგილზეა. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ აღნიშნული რესურსების ყველაზე მსხვილ მარაგებსაც სწორედ ჩინეთი ფლობს. ჩინეთის მარაგები 44 მილიონ ტონას შეადგენს. ამ ორი კრიტერიუმის, მარაგებისა და მოპოვების გათვალისწინებით, ჩინეთი აღნიშნულ ინდუსტრიაში სრულად დომინირებს.

ჩინეთთან ერთად იშვიათი მეტალების უმსხვილესი მარაგი, 21 მილიონი ტონა, აქვს ბრაზილიასაც, სადაც მოპოვება თითქმის არ მიმდინარეობს და ყოველწლიურად 20 ტონას აწარმოებენ.

ამ მარაგების ფონზე, ერთი შეხედვით გრენლანდიის რესურსი არც ისე დიდია და 1.5 მილიონ ტონას შეადგენს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მისი მარაგები, მაგალითად, კანადისა და სამხრეთ აფრიკის მარაგებს აღემატება და თითქმის უთანაბრდება აშშ-ისას (1.9 მილიონი ტონა). მიუხედავად ამისა, არქტიკულ კუნძულზე იშვიათი მეტალების კომერციული მოპოვება არასდროს განხორციელებულა. ეს კი რამდენიმე მიზეზით აიხსნება, რომელთა შორისაა გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური წინააღმდეგობის ფაქტორები. თუმცა იშვიათი მეტალების და მათი მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, გრენლანდიის მსგავსი რესურსებით მდიდარი ტერიტორიების მნიშვნელობაც იზრდება.

შესაბამისად, გრენლანდიის ტერიტორაზე ექსკლუზიური უფლებებით, შეერთებული შტატები არა მხოლოდ სამხედრო პლაცდარმს და სტრატეგიულ სარტყელს, არამედ დიდი მოცულობის ბუნებრივ, კრიტიკულ რესურსებზე წვდომასაც იღებს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ იშვიათი მეტალები მოწინავე ტექნოლოგიებისა და სამხედრო შეიარაღების დასამზადებლად აუცილებელი რესურსია.

აშშ-ის მიერ უკრაინასთან იშვიათ მეტალებზე გაფორმებული ხელშეკრულებაც სწორედ ქვეყნის ახალი სტრატეგიის ნაწილია, დააბალანსოს ჩინეთის დომინაცია აღნიშნულ სექტორში.

რეიტინგიქვეყანამარაგი (ტონა)მოპოვება (ტონა)
1ჩინეთი44.0 მილიონი270,000
2ბრაზილია21.0 მილიონი20
3ინდოეთი6.9 მილიონი2,900
4ავსტრალია5.7 მილიონი13,000
5რუსეთი3.8 მილიონი2,500
6ვიეტნამი3.5 მილიონი300
7აშშ1.9 მილიონი45,000
8გრენლანდია1.5მილიონი0
9ტანზანია890,0000
10სამხრეთი აფრიკა860,0000

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.