ეკონომიკაში ინფლაცია – ეს გახლავთ ტერმინი, რომელიც განმარტავს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდისა და ვალუტის მსყიდველობითი უნარის კლების მაჩვენებელს. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, ის აღნიშნავს იმ დონეს, რა პროცენტითაც იცვლება ერთი ერთეული ვალუტით შესყიდული კონკრეტული პროდუქტის რაოდენობა.
ეკონომისტების სხვადასხვა სკოლა ინფლაციას როგორც დადებითად, ისე უარყოფითად აფასებს. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ინფლაცია – ეს გარდაუვალი მოვლენაა, რასაც ყოველწლიურად ყველა ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოც კი განიცდის. მთავარი ფაქტორი აქ სტაბილურობაა. სახელმწიფოს მთავარი მიზანი სწორედ ისეთი ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ინფლაციის სტაბილურ მაჩვენებელს განაპირობებს. ასე რისკების შეფასებაც და მოვლენათა პროგნოზირებაც ბევრად უფრო მარტივი იქნება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყოველთვიურად აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტს, რომელიც მრავალ კრიტერიუმს აერთიანებს. კვლევაში მშპ-ის, ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობას ვხვდებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 9.3%-ს უტოლდება.
აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი იმავე პერიოდში 5.9%-ს უტოლდება, რაც ბოლოდროინდელი კოვიდაფეთქების ფონზე, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. საკმაოდ დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენს სამხრეთელ მეზობელ აზერბაიჯანშიც. ინფლაცია აქ 4.4%-ს შეადგენს. სომხეთში იგივე მაჩვენებელი კი 6.9%-ს უტოლდება.
სანაცვლოდ, სავალალო სიტუაციაა ჩვენს კიდევ ერთ მეზობელ თურქეთში. აქ ინფლაციის მაჩვენებელი 17%-ს შეადგენს, რაც თურქეთის ეკონომიკისათვის ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ლირაც, რომელიც ათწლეულების რეკორდულ მინიმუმზე იმყოფება. ჩვენი მსგავსი ვითარებაა უკრაინაში, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი 9.5%-ია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალ წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდება და 5.4%-მდე ჩამოვა, რაც ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური განვითარების პირობებში საკმაოდ მისაღები მაჩვენებელია.