ჯო ბაიდენის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატად დემოკრატი ლიდერები კამალა ჰარისს განიხილავენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთვება და მოსახლეობას საკუთარ პრიორიტეტებს წარუდგენს. ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ერთად, საინტერესოა, თუ როგორი იქნება კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკური დაპირებები.
ბუნებრივია, აშშ-ის მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებების მიუხედავად, საკუთარ საგარეო პოლიტიკის ამოცანებსა და პრიორიტეტებს ნაკლებად ცვლიან. თუმცა კონკრეტული პრეზიდენტის დღის წესრიგი, როგორც წესი, გარკვეული მიმართულებების წინ წამოწევას გულისხმობს ხოლმე.
კამალა ჰარისი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უკრაინასთან, ჩინეთსა და ირანთან ურთიერთობებში ჯო ბაიდენის პოლიტიკას იზიარებს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰარისი უფრო მკაცრი შეიძლება იყოს ისრაელთან მიმართებით ღაზაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, ჰარისის გამოწვევა აშშ-მექსიკის საზღვართან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა და დებატებში ტრამპის არგუმენტების დამარცხება იქნება. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მოსვლიდან მალევე არალეგალური მიგრაციის საკითხების წარმომავლობის მიზეზების დადგენა და შესწავლა სწორედ კამალა ჰარისს დაევალა. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები კი აშშ-მექსიკის საზღვარზე პრობლემების გამწვავებაში სწორედ კამალა ჰარისს ადანაშაულებენ.
დემოკრატი და რესპუბლიკელი ადმინისტრაციების დროს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ყოფილი მომლაპარაკებელი, აარონ დევიდ მილერი კამალა ჰარისისგან უფრო მეტ აქტიურობას ელის. „ის შესაძლოა უფრო ენერგიული ლიდერი იყოს, თუმცა მისგან რაიმე ძირეულ ცვლილებებს ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ კურსში არ უნდა ელოდოთ,“ – განაცხადა აარონ დევიდ მილერმა.
წარსული განცხადებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კამალა ჰარისი ჯერ კანდიდატად დამტკიცების, შემდეგ კი გამარჯვების შემთხვევაში, NATO-ს მხარდაჭერას გააგრძელებს. გარდა ამისა, მისი პოზიცია უცვლელი იქნება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებითაც. აღნიშნულის შესახებ მკაფიო მესიჯები კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააჟღერა, სადაც NATO-ს წესდების მე-5 მუხლის შესახებაც ისაუბრა.
ჩინეთთან მიმართებით, ჰარისი აშშ-ის ორპარტიული პოლიტიკის მომხრეა, რომელიც აზიასა და აშშ-ში ჩინური გავლენების შემცირებას ისახავს მიზნად. პოლიტიკური მიმომხილველების მოსაზრებით, ტრამპისაგან განსხვავებით, კამალა ჰარისი ჩინეთთან გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს მაინც დაიტოვებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საინტერესო იქნება ჰარისის პოზიცია ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებითაც. ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებში ძირითადად ჯო ბაიდენის რიტორიკას იმეორებდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ისრაელის სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ამ მიმართულებით მისგან ძირეულ ცვლილებებს არ ელიან. დარგის ექსპერტები სტატუს-კვოს შენარჩუნებას ვარაუდობენ ირანთან მიმართებითაც.
სხვა მაგალითებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კამალა ჰარისის პოზიცია საქართველოსთან საგარეო პოლიტიკურ ჭრილში თანამშრომლობასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსი იქნება.