ფოტო: Shutterstock
აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში ყოველდღიურად 106 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა. ნავთობის მოპოვების გლობალურ განაწილებას ორი რეგიონი ლიდერობს. ჩრდილოეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ერთად ნავთობის 60% მოიპოვება, რაც ენერგობაზრებზე ამ რეგიონების დიდ გავლენაზე მიუთითებს.
სტატიაში წარმოგიდგენთ ნავთობის გლობალური წარმოების რეგიონული განაწილების ანალიზს აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ალბათ მოულოდნელია, თუმცა ნავთობის გლობალური წარმოების განაწილებაში ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონი დომინირებს. 2025 წლის მონაცემებით, რეგიონზე მოპოვებული ნავთობის 29.9% მოდის, რაც საშუალოდ დღეში 31.8 მილიონ ბარელს შეადგენს.
ჩრდილოეთ ამერიკაში ნავთობის მოპოვების უდიდესი ნაწილი შეერთებულ შტატებზე მოდის, სადაც წარმოებამ 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მთლიანობაში ამ რეგიონში მოპოვება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, რაც ძირითადად შელფური მოპოვების გაფართოებითაა განპირობებული. აშშ-ის მსგავსად, 2025 წელს კანადაშიც რეკორდული მოპოვების მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც დღეში 5 მილიონ ბარელს შეადგენდა.
ნავთობის გლობალური მოპოვების კუთხით მეორე ყველაზე მსხვილი რეგიონი ახლო აღმოსავლეთია. 2025 წლის მონაცემებით, ამ რეგიონში ყოველდღიურად 31 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ. ამ რეგიონზე გლობალურად მოპოვებული ნავთობის 29.1% მოდის, რაც აღემატება აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის აუზში მოპოვებული ნავთობის ჯამურ მოცულობას (აზია-წყნარი ოკეანის აუზის რეგიონში არ შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ისინი ევრაზიულ რეგიონში ერთიანდებიან).
ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მსხვილი მომპოვებელი დღეში 9.6 მილიონი ბარელით საუდის არაბეთია. ამ რეგიონის კიდევ ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა ირანმა კი 2025 წელს 3.1 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა.
აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციას რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთ ქვეჯგუფში, ევრაზიაში ჰყავს გაერთიანებული. შესაბამისად, მესამე ყველაზე მსხვილი რეგიონი ნავთობის გლობალურ მოპოვებაში სწორედ ისაა. 2025 წლის მონაცემებით, ამ რეგიონზე გლობალური მოპოვების 12.8%, დღეში 13.6 მილიონი ბარელი მოდიოდა.
მოგეხსენებათ, ნავთობგადაზიდვებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გლობალური მარშრუტიდან ერთ-ერთი, ჰორმუზის სრუტე, სწორედ ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და მას ირანი აკონტროლებს. აღნიშნული სრუტე ნავთობით გლობალურად ვაჭრობის 20%-ის გადაზიდვაზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნედლი ნავთობის ექსპორტის მხოლოდ 7% გაედინება, აზიის სახელმწიფოები თითქმის სრულად აღნიშნული სრუტიდან მიწოდებულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. მათი იმპორტის 90% სწორედ ჰორმუზის სრუტეზე მოდის.
ზოგადად, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისგან თავის დაზღვევის მიზნით, სახელმწიფოები ნავთობის სტრატეგიულ რეზერვებს ქმნიან. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი სახელმწიფოები, მათ შორის ევროპული იმპორტიორები, იაპონია თუ სამხრეთი კორეა, ვალდებულები არიან, რომ სტრატეგიულ რეზერვში 90 დღის ოდენობის სუფთა იმპორტის მოცულობის ნავთობი ჰქონდეთ. უდიდესი სტრატეგიული რეზერვი აქვთ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებსაც.
| რეიტინგი | რეგიონი | ნედლი ნავთობი და სხვა თხევადი საწვავები (მილიონი ბარელი დღეში, 2025) | გლობალური წილი |
| 1 | ჩრდილოეთი ამერიკა | 31.8 | 29.9% |
| 2 | ახლო აღმოსავლეთი | 31.0 | 29.1% |
| 3 | ევრაზია (რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) | 13.6 | 12.8% |
| 4 | აზია-წყნარი ოკეანეთი | 9.4 | 8.9% |
| 5 | ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა | 8.9 | 8.4% |
| 6 | აფრიკა | 7.6 | 7.2% |
| 7 | ევროპა | 4.0 | 3.7% |
| სულ | 106.3 | 100.0% |
როგორც ხედავთ, ნავთობის გლობალური მოპოვების დიდი წილი მხოლოდ ორ რეგიონშია კონცენტრირებული. შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში კი, ნავთობის მიწოდების ჯაჭვი მარტივად ირღვევა. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია. უკანასკნელი დღეების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება უკვე უარყოფითად აისახა ნავთობის მოპოვებაზე და, შესაბამისად, ფასზეც. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმისა და ამის საპასუხოდ ირანის მიერ ყურის ქვეყნებზე განხორციელებული იერიშის ფონზე, ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა ოპერაციები ან სრულად შეაჩერეს, ან მნიშვნელოვნად შეამცირეს.
საინტერესოა, რომ ნავთობის მარაგების მიხედვით, 2024 წლის მონაცემების თანახმად, ყველა ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოს ვენესუელა უსწრებს. თუმცა, როგორც იცით, ვენესუელა ნავთობის მოპოვების რეიტინგში მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს. ნავთობის მარაგების შესახებ სტატიას გაეცანით აქ.















