საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, აზარტული თამაშების ბიზნესს მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან 15%-მდე გაეზრდება, თანხის გატანა კი 2%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვის ზრდა „არ ახარებს“, თუმცა აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გაზრდილი ბრუნვის ხარჯზე აპირებს მთავრობა დამატებით 400 მილიონი ლარით ბიუჯეტის შევსებას.
საქართველოს სტატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ რეკორდულ 52.6 მლრდ ლარს მიაღწია და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.7 მლრდ ლარით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება მთლიანად აზარტული თამაშების სექტორს ეხება, 2021 წელს დაწყებული შეზღუდვები, რომლებიც 25 წლამდე პირებისთვის თამაშისა და ვებგვერდებზე თუ გარე სივრცეში რეკლამის აკრძალვას მოიცავდა, დიდწილად ონლაინ თამაშის რეგულირებას ისახავდა მიზნად.
ამ სექტორის უმსხვილესი კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2021 წლის შემოსავლის მიხედვით, პირველ ადგილზე რეიტინგში „კრისტალბეთია“ („შპს მარსი“) 453.6 მლნ ლარით, მას მოსდევს „აჭარაბეთი“ („შპს ავიატორ“) 381.3 მლნ ლარით და „კროკობეთი“ („შპს ფულ ჰაუსი“) 163 მლნ ლარით.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ ახალმა ინიციატივამაც ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში (GGA) მიაჩნიათ, რომ თანხის გატანის 5%-ით დაბეგვრა ბიზნესზე წნეხს გაზრდის და მომხმარებლების უცხოურ, საქართველოში არალეგალურ პლატფორმებზე გადართვას გამოიწვევს, მოგების გადასახადის ზრდა კი ნეგატიურ ეფექტს გააძლიერებს.
ცნობისთვის, გასულ წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიები ჩვეულებრივი მოგების გადასახადით კი არ დაიბეგრებოდნენ, არამედ GGR-ით, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა. ეს განაკვეთი ამიერიდან 15% იქნება.
GGA-ის თანახმად, 2022 წელს სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის სრული ოდენობა 486.5 მლნ ლარს შეადგენდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი ეს რიცხვი 305.9 მლნ ლარია.
საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, აზარტული თამაშების კომპანიებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 10,067-ია, საშუალო თვიური ანაზღაურება კი 2,874 ლარს შეადგენს.
უნდა ითქვას ისიც, რომ რეკლამის აკრძალვის შემდეგ შემცირდა რადიო- და ტელემაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავალიც და 2022 წელს 79.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 7.6%-ით ნაკლებია.