როგორია საქართველოს ავტოპარკი? | საინტერესო მაჩვენებლები

როგორია საქართველოს ავტოპარკი? | საინტერესო მაჩვენებლები

ფოტო: Kevin Carter/Getty Images

 

საქართველოს მთავრობის მიერ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის წარდგენის შემდეგ, საზოგადოებაში საავტომობილო პარკის შესახებ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა.

მოგეხსენებათ, მთავრობამ 12 თებერვალს დადგენილება გამოსცა, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ტექნიკურ რეგლამენტს განსაზღვრავს. აღნიშნული რეგულაცია 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება და ის M1 კატეგორიაში შემავალი მსუბუქი ავტომობილების როგორც პირველად, ისე დროებით რეგისტრაციას ეხება.

M1 კატეგორია მოიცავს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.

გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1-ელ აპრილამდე.

გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1-ელ აპრილამდე. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, კონოსამენტში ან გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1-ელ აპრილამდე. საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1-ელ აპრილამდე.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გამონაკლისი არ ვრცელდება.

ოფიციალური პირების განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის მიზანს ავტოპარკის გაახალგაზრდავება და, შესაბამისად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ საქართველოში არსებული ავტოპარკის ტექნიკური მახასიათებლების (გამოშვების წელი, ძრავის ტიპის, ბრენდი) შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,914,908-ს შეადგენს. 

ავტომობილების საერთო განაწილება საქართველოში:

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 124,321-ით, ანუ 6.9%-ით გაიზარდა. ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 80.4% კი 10 წელზე მეტი წლოვანებისაა. 2024 წლის მონაცემებით, ყოველ ათას კაცზე 490 ავტომობილი მოდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველი მეორე ადამიანი ავტომობილის მფლობელია.

ბუნებრივია, მთლიან ავტოპარკში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია. 2024 წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 1,555,600-ს შეადგენდა, რაც სრული ავტოპარკის 85%-ია.

2025 წელს ყველაზე პოპულარული ბრენდი Toyota იყო. გასული წლის განმავლობაში საქართველოში 26,853 ერთეული Toyota-ს მარკის ავტომობილი დარეგისტრირდა.

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 2013 წლის შემდეგ გაორმაგდა. 2013-ის ბოლოსთვის რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 999,100-ს შეადგენდა.

საერთო ჯამში 2024 წელს საქართველოში 231,476 ერთეული ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, თუმცა მათი ნაწილი რეექსპორტის დანიშნულებით ქვეყნიდან გავიდა (111,335). ამ პერიოდში იმპორტირებული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 3.92 მილიარდი ლარი შეადგინა. ექსპორტის ღირებულება კი 2.50 მილიარდი ლარი იყო.

წარმოგიდგენთ საქართველოში ყველაზე პოპულარულ საავტომობილო მოდელებს:

რეიტინგიმოდელირაოდენობა (2025 წლის ბოლოსთვის)
1FORD TRANSIT57532
2TOYOTA PRIUS51127
3OPEL ASTRA37152
4HONDA FIT26642
5VAZ 2106322869
6TOYOTA CAMRY22808
7VOLKSWAGEN JETTA20728
8HYUNDAI ELANTRA18258
9MERCEDES-BENZ C 18017935
10SUBARU FORESTER17419

წყარო: საქსტატი

ავტომობილების წლოვანების მიხედვით, მთლიანობაში, საქართველოში არსებულ ავტოპარკში ყველაზე დიდი რაოდენობით 1999 წელს გამოშვებული ავტომობილები ჭარბობს და მათი წილი 8.6%-ია. შემდეგ მოდის 1998 წელს გამოშვებული ავტომობილები 8%-იანი წილით, მესამე ყველაზე პოპულარული წლოვანება კი 2000 წელია (7.4%).

სრული ავტოპარკის წლოვანების განაწილება ასეთია:

რეიტინგიგამოშვების წელიწილი სრულ ავტოპარკში
119998.6%
219988.0%
320007.4%
420016.6%
520026.4%
620035.9%
719975.8%
820075.4%
920085.2%
1020055.1%

წყარო: საქსტატი

საინტერესოა, რომ ძარის ტიპის მიხედვით, საქართველოში სედანის ტიპის მოდელები ჭარბობს და მათი რაოდენობა 623,880-ია. შემდეგ მოდის ჰეტჩბეკის ტიპის ავტომობილები (352,119), მესამე ადგილზე კი მაღალი გამავლობის ავტომობილებია (345,326). სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 147,327-ია და ის რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს. მეხუთე ადგილი კი სპეციალიზებული ძარის ტიპის ავტოომობილებს უკავია (108,729).

ასაკის მიხედვით, საქართველოს ავტოპარკში არსებული ავტომობილები შემდეგნაირად ნაწილდება:

წყარო: საქსტატი

ძრავის მოცულობის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობის ავტომობილები 0-დან 2 ლიტრამდე მოცულობის კატეგორიაში ხვდება და მათი წილი 44.1%-ია. შემდეგი ყველაზე პოპულარული კატეგორია კი 2-დან 3 ლიტრამდე მოცულობის ძრავიანი ავტომობილებია (24.6%).

საწვავის ტიპის მიხედვით, ყველაზე პოპულარული ბენზინის ტიპის ძრავებია და მათი წილი 41.6%-ს შეადგენს. ბუნებრივია, მეორე ყველაზე გავრცელებული საწვავის მქონე ავტომობილები საქართველოში დიზელის ტიპის ძრავიანი მანქანებია (19.5%). მესამე ადგილზე მოხვდა ჰიბრიდული ავტომობილები (9.9%), რომლებიც შიდაწვის ძრავასთან ერთად, ელექტრომოტორსაც ფლობენ. მეოთხე პოზიციაზეა ერთდროულად ბენზინსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები (9.8%). ყველაზე მწირი რაოდენობით კი ჩვენს ავტოპარკში სწორედ ელექტრომობილებია (0.8%).

წყარო: საქსტატი

საქართველოს ავტოპარკში, 2025 წლის მდგომარეობით რუხი ფერის ავტომობილები ჭარბობს (517,669). მეორე ყველაზე პოპულარული ფერი თეთრია (438,566), შავი ფერის ავტომობილები კი მესამე ადგილზეა და მათი რაოდენობა 289,142-ს შეადგენს. მეოთხე ყველაზე პოპულარული ფერი ლურჯია (241,016), მეხუთე ადგილზე კი  წითელია (144,723).

საქართველოში ყველაზე პოპულარული მსუბუქი ავტომობილი Toyota Prius-ია და მათი რაოდენობა 51,112-ს შეადგენს. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ 2012 წლის მოდელები ჭარბობს (6,363).

საბოლოო ჯამში, ყველა ზემოთ განხილული კრიტერიუმის მიხედვით და, შესაბამისად, მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, საქართველოში პოპულარული ის ავტომობილებია, რომელთა წლოვანება 6 წელს, ხშირ შემთხვევაში კი 10 წელსაც აღემატება და რომლებიც ბიუჯეტურ მოდელს წარმოადგენს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.