როგორია საშუალო წლიური ხელფასები ევროპის ქვეყნებში?

როგორია საშუალო წლიური ხელფასები ევროპის ქვეყნებში?

Euronews Business-მა ერთმანეთს ევროპის ქვეყნებში არსებული საშუალო წლიური ხელფასები შეადარა. თუმცა, ვიდრე უშუალოდ შედარებაზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა დასაცავად ბოლო პერიოდში ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ. ძირითადი აქცენტი კი კეთდება სამუშაო პირობებსა და შრომით უფლებებზე, მათ შორის ინფორმაციის მიღების უფლებაზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონებსა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში ხელფასებს, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რაც დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის მოთხოვნაზე, ინფლაციაზე და ა.შ.

Statista-ს მონაცემებით, 2022 წელს ევროპის მასშტაბით საშუალო წლიური ხელფასი ყველაზე მაღალი ისლანდიაში იყო და 73,642 ევროს შეადგენდა, ყველაზე დაბალი – საბერძნეთში და 24,067 ევროს უტოლდებოდა.

ცნობისთვის, ისლანდია ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა მისი ურთიერთობა EU-სთან დიდწილად ეფუძნება ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებას (EEA Agreement), რომელიც ძალაში 1994 წელს შევიდა და ისლანდიის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისლანდიის ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორები არიან.

ევროპის ქვეყნების ხუთეულში, სადაც 2022 წელს ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ხელფასები გაიცა, ისლანდიის გარდა მოხვდა ლუქსემბურგი 72,529 ევროთი, შვეიცარია (EU-ის არაწევრი) 67,605 ევროთი, ბელგია 63,758 ევროთი და დანია 59,405 ევროთი. ყველაზე დაბალი საშუალო წლიური ხელფასები კი საბერძნეთთან ერთად შემდეგ ქვეყნებში დასაქმებულებმა მიიღეს: სლოვაკეთი – 24,337 ევრო, უნგრეთი – 26,376 ევრო, პორტუგალია – 29,540 ევრო და ჩეხეთი – 30,967 ევრო.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში საათობრივი შრომის საშუალო ღირებულება 30.5 ევროა. უშვილო, მარტოხელა თანამშრომლების საშუალო წლიური ხელფასი 26,136 ევროს შეადგენს. ორშვილიანი, მომუშავე წყვილები კი წელიწადში საშუალოდ 55,573 ევროს იღებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ გენდერული თვალსაზრისით ანაზღაურების სხვაობა 2021 წელს 12.7% იყო, ყველაზე დიდი სხვაობა ესტონეთში დაფიქსირდა და 20.5% შეადგინა, ყველაზე მცირე კი ლუქსემბურგში და -0.2%-ით განისაზღვრა. თუმცა, ევროკომისიის მონაცემებით, 2023 წელს გენდერული ნიშნით ხელფასებს შორის სხვაობამ 13%-ს მიაღწია.

საინტერესოა, რა განაპირობებს მაღალ ხელფასებს ისლანდიასა და ლუქსემბურგში?

ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა. Euronews-ის მოსაზრებით, გარკვეულწილად, ეს და მუდმივად მაღალი ინფლაციის პირობები დასაქმებულთა მაღალ ხელფასს განაპირობებს. რაც შეეხება ლუქსემბურგს, ამ ქვეყნის მიმზიდველი ხელფასების უკან ფინანსურ და საბანკო სექტორს აღმოვაჩენთ. ბანკების უმეტესობა დაკომპლექტებულია მაღალი დრონის პროფესიონალებით, გამოცდილი და მოთხოვნადი კადრებით, რაც მათ მაღალ ანაზღაურებას განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი ემიგრანტია.

გარდა ამისა, ლუქსემბურგი მინიმალურ სოციალურ ხელფასს, საშუალო ხელფასთან და ფასების ცვლილებასთან მიმართებით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ განიხილავს, რის გამოც ხელფასების სტანდარტები დროსთან შესაბამისობაშია. თუმცა, ანაზღაურება დიდწილად დამოკიდებულია სექტორებზე, ბანკების განყოფილებებზე, სტაჟზე, ასაკზე, განათლებასა და გამოცდილებაზე.

ამის საპირისპიროდ, საინტერესოა, რა განაპირობებს საბერძნეთში მცირე საშუალო წლიურ ხელფასებს?

Euronews-ის მოსაზრებით, საბერძნეთის ეკონომიკა და შრომის ბაზარი კვლავ იბრძვის სუვერენული ვალის კრიზისის გავლენისგან თავის დასაღწევად, რაც განაპირობებს იმას, რომ საშუალო ხელფასები და მინიმალური ხელფასები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია.

სლოვაკეთი, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის საბერძნეთის შემდეგ ყველაზე დაბალი წლიური საშუალო ხელფასებია, ებრძვის შრომის დაბალ პროდუქტიულობასა და დანგრეული საბჭოთა რეჟიმის შედეგებს, რაც ანაზღაურების ზრდას აფერხებს.

დაბალი პროდუქტიულობის პრობლემა ასევე შეექმნა პორტუგალიასაც. ამასთან ერთად კი, ქვეყანაში შეინიშნება მოკლევადიანი სეზონური მუშების დაქირავების მაჩვენებლის ზრდა.

Euronews-ის მოსაზრებით, უნგრეთში ბოლო დროს ხელფასების შემცირებაზე შესაძლოა ტექნიკურმა რეცესიამ მოახდინა გავლენა, რადგან შექმნილ ვითარებაში შრომის ხარჯების გაწევა უფრო ნაკლებმა კომპანიამ მოახერხა. თუმცა, ისტორიულად, უნგრეთის ცხოვრების დაბალი ღირებულება შესაძლოა ხელფასების სუსტი ზრდის საკვანძო ფაქტორი იყოს.