როგორია საცხოვრებელი ხარჯები მთელი მსოფლიოს მასშტაბით

როგორია საცხოვრებელი ხარჯები მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ყოველდღიური საცხოვრებელი ხარჯები არათუ ქვეყნების, არამედ ქალაქების მიხედვითაც განსხვავდება. ზოგიერთი ქალაქი საცხოვრებლად განსაკუთრებით ხარჯიან ადგილადაა მიჩნეული, ზოგიერთში ცხოვრება კი უფრო შეღავათიანია. თუმცა, დედამიწის ორ სხვადასხვა წერტილში მყოფი ნიუ-იორკისა და ბეირუთის საცხოვრებელი ხარჯების შედარება საკმაოდ რთულია და მას სპეციალური მეთოდოლოგია სჭირდება.

Visual Capitalist-ის მიერ შემოთავაზებული ინფოგრაფიკა მსოფლიოს 578 ქალაქის საცხოვრებელ ხარჯებსა და მსიყდველობითუნარიანობას უყრის თავს და თითოეულ მაჩვენებელს შაბლონად აღებულ ნიუ-იორკს ადარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკი ერთ-ერთ ყველაზე მაღალდანახარჯიან ქალაქად მიიჩნევა, Numbeo-ს მონაცემებით, მასზე უფრო ხარჯიანი ადგილებიც არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ბერმუდას ქალაქი ჰამილტონია, რომლის საცხოვრებელი ხარჯების ინდექსიც ნიუ-იორკის მაჩვენებელს 49%-ით აღემატება. ათი ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ხარჯის მქონე ქალაქები რეიტინგში 7 ადგილს შვეიცარიული ქალაქი: ციურიხი, ბაზელი, ცუგი, ლუგანო, ბერნი, ჟენევა და ლოზანა იკავებს. მათი საცხოვრებელი ხარჯების ინდექსი 114.1-დან 131.2-მდე მერყეობს. საინტერესოა, რომ ნიუ-იორკზე მაღალი საცხოვრებელი ხარჯებია ლიბანში, კერძოდ კი ბეირუთშიც. მათ შორის სხვაობა 20%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი ლიბანში არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისით შეიძლება აიხსნას.

შესაბამისად, ყველაზე დიდი საცხოვრებელი ხარჯებით უდავოდ შვეიცარია გამოირჩევა. თუმცა, ამ ცვლადის მსიყდველობითუნარიანობასთან შეთავსება უფრო ნათელ სურათს დაგვანახებს.

მსყიდველობითუნარიანობა, მსყიდველობითი ძალა – ეს გახლავთ საზომი, რომელიც გამოიყენება იმ საქონლისა და მომსახურების გასაზომად, რომელიც კონკრეტულ ქალაქში საშუალო ხელფასითაა შესაძლებელი მიიღო. შესაბამისად, აღნიშნულ ცვლადს საცხოვრებელი ხარჯების განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ციურიხის მსყიდველობითუნარიანობა ნიუ-იორკისაზე 30%-ით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ციურიხში უფრო მაღალი საცხოვრებელი ხარჯებია. ყველაზე მაღალი მსყიდველობითუნარიანი ქალაქის რეიტინგში მოწინავე ადგილები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებს უკავია.

ინფლაციის ზრდასა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატებასთან ერთად საცხოვრებელი ხარჯები ადამიანების მთავარი საზრუნავი გახდა. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე კი ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი.

წყარო: Visual Capitalist