როგორია სავაჭრო ბალანსი აშშ-სა და ევროკავშირს შორის?

როგორია სავაჭრო ბალანსი აშშ-სა და ევროკავშირს შორის?

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროკავშირის ექსპორტი 44%-ით გაიზარდა. 2024 წელს ევროკავშირიდან აშშ-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ €584 მილიარდს მიაღწია. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მონაცემებით, იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპრილის, ივლისისა და ნოემბრის თვეებში დაფიქსირდა.

მეორე მხრივ, აშშ-მა 2024 წელს ექსპორტზე ევროკავშირში დაახლოებით €357 მილიარდი ევროს საქონელი გაიტანა. ამ მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელი მარტში, აგვისტოსა და ნოემბერში დაფიქსირდა.

2014 წელს აშშ-მა ევროკავშირში €266 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელი გაიტანა, რომლის მოცულობაც 10-წლიან ინტერვალში 34%-ით გაიზარდა.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, აშშ-ში საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორები გერმანია და იტალია არიან. 2023 წელს გერმანიამ აშშ-ში ექსპორტზე €157 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა, ხოლო იტალიამ – €67 მილიარდის. აშშ-ში ევროკავშირის მიერ გატანილ საექსპორტო საქონელში ყველაზე დიდი წილი სამედიცინო და ფარმაცევტულ პროდუქციას, ავტომობილებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს უკავია.

იმავდროულად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, აშშ-იდან ყველაზე მეტი საქონელი ნიდერლანდებს შეაქვს – 2023 წლის მონაცემებით, €76 მილიარდის ღირებულების. მას მოჰყვება გერმანია 71 მილიარდი ევროთი და საფრანგეთი 43 მილიარდი ევროთი.

თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, შესაძლოა არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ტრამპმა რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, მათ შორის ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით. ტრამპის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება. ახალი ტარიფები ძალაში 4 მარტიდან შევა და ეს ყველა ქვეყანას შეეხება.

ეს განცხადება გავლენას მოახდენს ევროკავშირზე, განსაკუთრებით გერმანიაზე, რომელიც აშშ-ში EU-დან ფოლადის მთავარი ექსპორტიორია. გერმანიის ავტომწარმოებლებს სავარაუდოდ მექსიკისადმი დაწესებული ტარიფებიც დააზარალებთ, რადგან ბევრი მათგანი ამ ქვეყანაში მნიშვნელოვან საწარმოებს ფლობს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ლაიენის თქმით, ევროკავშირის მიმართ დაწესებული არასამართლიანი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება: „ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამუშაო ძალას, ბიზნესსა და მომხმარებლებს”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა 11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.