დედამიწაზე სიმდიდრის გლობალური განაწილება უთანასწოროა. 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში არსებული მილიონერები შინამეურნეობების ქონების თითქმის ნახევარს ფლობდნენ. ათეულობით წლების განმავლობაში შენარჩუნებულმა დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა საფონდო ბირჟებზე აქციებისა და უძრავი ქონების ღირებულების ზრდა განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის ზრდამ აღნიშნული აქტივების მოცულობა საგრძნობლად შეამცირა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების წილი გლობალურ განაწილებაში კვლავაც მაღალი რჩება. სტატიაში გაეცნობით, თუ როგორია სიმდიდრის განაწილების გლობალური პირამიდა. სტატისტიკა დაფუძნებულია UBS Global Wealth-ის 2023 წლის ანგარიშზე.
UBS Global Wealth-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მთლიანმა წმინდა სიმდიდრის მაჩვენებელმა გლობალურად $454.4 ტრილიონი შეადგინა. სიმდიდრე ისეთ მაჩვენებლებს აერთიანებს, როგორიცაა: უძრავი ქონება, ნაღდი ფული, აქტივები და სხვა.
$1 მილიონზე მეტ ქონებას მსოფლიო მოსახლეობის 1.1% ფლობს. 59.4 მილიონი ადამიანის ჯამურმა ქონებამ 2022 წელს $208.3 ტრილიონი შეადგინა, რაც გლობალური სიმდიდრის 45.8%-ს შეადგენს. $100,000-დან $1 მილიონამდე მოცულობის ქონება ჯამში 642 მილიონ ადამიანს აქვს, რაც გლობალური მოსახლეობის 12%-ია. ამ ადამიანების ჯამური სიმდიდრე $178.9 ტრილიონია. ეს კი გლობალური სიმდიდრის 39.4%-ს შეადგენს.
$10,000-დან $100,000-მდე ღირებულების სიმდიდრეს მსოფლიო მოსახლეობის 34.4%, 1.8 მილიარდი ადამიანი ფლობს. ეს ადამიანები ჯამურად $61.9 ტრილიონს ფლობენ, რაც გლობალური სიმდიდრის 13.6%-ია. საინტერესოა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ე.წ. „საშუალო ფენის“ წარმომადგენლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მკვლევრები ამის მიზეზად ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას ასახელებენ.
ანგარიშის თანახმად, 2.8 მილიარდი ადამიანი $10,000-მდე ღირებულების სიმდიდრეს ფლობს. ეს რიცხვი გლობალური პოპულაციის 52.5%-ია და ჯამში $5.3 ტრილიონის ქონებას აერთიანებს. თუმცა, სანაცვლოდ, ის სიმდიდრის გლობალური განაწილების ყველაზე მცირე წილს, 1.2%-ს შეადგენს.
ქონება | ადამიანების რაოდენობა | % გლობალურ ზრდასრულ მოსახლეობაში | ჯამური ქონება | % წილი გლობალურ სიმდიდრეში |
$1 მილიონზე მეტი | 59.4 მლნ | 1.1% | $208.3 ტრილიონი | 45.8% |
$100,000 – $1 მილიონი | 642 მლნ | 12.0% | $178.9 ტრილიონი | 39.4% |
$10,000 – $100,000 | 1.8 მლრდ | 34.4% | $61.9 ტრილიონი | 13.6% |
$10,000-ზე ნაკლები | 2.8 მლრდ | 52.5% | $5.3 ტრილიონი | 1.2% |
საინტერესოა, რომ UBS Global wealth-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2027 წელს გლობალური სიმდიდრის მაჩვენებელი $629 ტრილიონს მიაღწევს. ამ პერიოდისათვის გლობალურად მილიონერების რაოდენობა ამჟამინდელი 59.4-დან 86 მილიონამდე გაიზრდება. არსებული პროგნოზით მილიონერების რაოდენობა მეტად, 112%-ით, ჩინეთში გაიზრდება და 2027 წლისთვის 13.2 მილიონს შეადგენს.