რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებულ რეიტინგში?

რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებულ რეიტინგში?

პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. სიაში სულ 20 ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში ადგილი შეინარჩუნა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა ის სიაში ორი პოზიციით დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა Goal.com-ის რეიტინგში წინა განახლების შემდეგ ოთხი პოზიციით — მე-11 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა. თუმცა ბოლო განახლების შემდეგ ის სიაში მე-9 ადგილს დასჯერდა. კვარაცხელია ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი), ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი) და სხვა.

2024-2025 წლების სეზონში ქართველმა მთლიანობაში 15 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. თუმცა, როგორც Goal.com-ი წერს, მხოლოდ გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშის დონეს ნათლად ვერ ასახავს.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1-ის თასი, საფრანგეთის თასი და იტალიის სერია A მოიგო. შეგახსენებთ, ის პარიზულ კლუბს „ნაპოლიდან“ იანვარში შეუერთდა, შესაბამისად, ნახევარი სეზონი იტალიაში გაატარა და გუნდის ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებაშიც შეიტანა წვლილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას აგვისტოში სუპერ-თასის მოგების შანსიც აქვს, რისთვისაც მისი კლუბი ევროპის ლიგის გამარჯვებულს, „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ დაუპირისპირდება.

ხვიჩას გარდა, ტოპ-20-ში „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ რვა ფეხბურთელია. პირველ ადგილსაც სწორედ პარიზული კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე იკავებს. 2024-2025 წლების სეზონში მის ანგარიშზე 37 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება: 

  1. უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი)
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
  3. ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი)
  4. რაფინია (ბარსელონა)
  5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  6. კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)
  7. დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი)
  8. აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი)
  9. ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი)
  10. ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
  11. პედრი (ბარსელონა)
  12. ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)
  13. კოულ პალმერი (ჩელსი)
  14. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  15. ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
  16. ვიქტორ გიოკერესი (სპორტინგი)
  17. ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი)
  18. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
  19. მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი)
  20. ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი)