რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში?

რომელ ადგილზეა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში?

პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 20 ფეხბურთელია, რომელთა შორის „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

Goal.com-ის 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის ხვიჩასთან ერთად მისი ექვსი თანაგუნდელია: უსმან დემბელე, ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნუ მენდეში, ვიტინია, აშრაფ ჰაკიმი და დეზირე დუე. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე ტურით ადრე საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის თასთან ძალიან ახლოსაა — პარიზელები ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის სიაში ოთხ თანაგუნდელს, ასევე ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი და ვინისიუს ჯუნიორი მადრიდის „რეალიდან“ და დეკლან რაისი „არსენალიდან“.

ხვიჩამ 2024-2025 წლების სეზონში 11 გოლის გატანა და ასევე 11 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. „კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა ზოგჯერ ვერ ასახავს მისი თამაშის რეალურ დონეს მიმდინარე სეზონში, თუმცა ჩემპიონატების ბოლო თვეში ქართველმა გარემარბმა შესაძლოა ორი სხვადასხვა ტიტულის მოგებაში შეიტანოს წვლილი — როგორც „პსჟ“-სთვის, ისე „ნაპოლისთვის“, ამავდროულად კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ფრანგული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში,“ — წერს Goal.com-ი.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება: 

  1. უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი)
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
  3. რაფინია (ბარსელონა)
  4. ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
  5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  6. პედრი (ბარსელონა)
  7. ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)
  8. კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)
  9. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
  10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  11. ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი)
  12. ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
  13. ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი)
  14. ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
  15. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
  16. ვიქტორ გიოკერესი (სპორტინგი)
  17. აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი)
  18. დენზელ დუმფრისი (ინტერი)
  19. დეკლან რაისი (არსენალი)
  20. დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი)