რომელ ენერგორესურსებს მოიხმარენ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით?

რომელ ენერგორესურსებს მოიხმარენ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით?

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარი ენერგოპოლიტიკის გადახედვა თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ დაიწყო. პოლიტიკის დონეზე მათი უმეტესობა შეთანხმდა, რომ ნავთობსა და რუსულ გაზზე დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებისა და ეკომიზნების შესასრულებლად წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევას და ამავდროულად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, ევროპული სახელმწიფოებისათვის მთავარ ენერგორესურსებს კვლავ წიაღისეული საწვავი წარმოადგენს. გამონაკლისს მხოლოდ შვედეთი და ნორვეგია წარმოადგენს, სადაც მთავარი ენერგორესურსი წყალი და, შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურებია.

World Energy-ს უახლესი ანგარიშის თანახმად, ევროპაში ყველაზე გავრცელებული ენერგორესურსი ნავთობია. ნავთობი წამყვან წიაღისეულ საწვავს ისეთი ქვეყნებისათვის წარმოადგენს, როგორებიც არიან: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, ავსტრია და საბერძნეთი. საგულისხმოა, რომ 2021 წლამდე საფრანგეთისათვის მთავარ ენერგოწყაროს ბირთვული ენერგია წარმოადგენდა. ბირთვული ენერგია ქვეყნის საერთო მოხმარების 70%-ზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა რეაქტორების სერვისისა და სარემონტო სამუშაოების გამო, საფრანგეთისათვის დომინანტური ენერგორესურსი ნავთობი გახდა. ამ უკანასკნელზე ქვეყნის ენერგორესურსების 34.7% მოდის.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება ენერგოგანაწილება ევროპულ სახელმწიფოთა მიერ რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმის შემდეგ. ამჟამად ბუნებრივი აირი ევროპაში მთავარი ენერგორესურსი ისეთი ქვეყნებისთვისაა, როგორებიცაა: უკრაინა, ბელარუსი და თავად რუსეთი. ანგარიშის თანახმად კი, 2021 წლამდე ის მთავარ ენერგორესურსს დიდი ბრიტანეთისათვის, იტალიის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და თურქეთისთვისაც წარმოადგენდა.

რაც შეეხება ქვანახშირს, ის წამყვან ენერგორესურსს ამჟამად ევროპაში მხოლოდ პოლონეთისა და ჩეხეთისთვის წარმოადგენს. წარსულში ქვანახშირზე, ისევე როგორც ბუნებრივ აირზე, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული გერმანიაც. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სახელმწიფომ საკუთარი ენერგოპოლიტიკა შეცვალა.

როგორც ხედავთ, განახლებადი ენერგიის წყაროები დომინანტური მხოლოდ შვედეთსა და ნორვეგიაშია. ამ მაჩვენებელთან ახლოსაა ფინეთიც, სადაც ნავთობისა და ჰიდროენერგორესურსების მოხმარების მხრივ თითქმის თანაბარი მდგომარეობაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *