რომელ გენერაციულ AI-პლატფორმებზე გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად ივლისში?

რომელ გენერაციულ AI-პლატფორმებზე გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად ივლისში?

Similarweb-ის გლობალური მონაცემებით, 2025 წლის ივლისში გენერაციულ AI-პლატფორმებზე ვიზიტების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა სერვისებმა ახალი ფუნქციების, პარტნიორობებისა და ინტეგრაციების საშუალებით პოზიციები გააძლიერეს, მაშინ როდესაც ჩინეთის წამყვანმა პლატფორმამ პოზიცია დაკარგა.

ყველაზე დიდი ზრდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის xAI-ის მიერ შექმნილ Grok.com-ზე დაფიქსირდა — ივლისში პლატფორმაზე ვიზიტების მატებამ 27.27% შეადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პლატფორმა X-ის პრემიუმ-პაკეტში ინტეგრირდა და მსუბუქი მობილური ინტერფეისი მიიღო, რომელიც პასუხების მიღებას აჩქარებს.

მეორე ადგილზე Amazon-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანია Anthropic-ის Claude.ai მოხვდა თვიურ ჭრილში 10.47%-იანი ზრდით, რაც ახალ, გაფართოებული კონტექსტის ფუნქციებს უკავშირდება, რომლებიც დეველოპერებზეა გათვლილი. გასულ თვეში Perplexity.ai-მ ვიზიტორების რაოდენობა 8.60%-ით გაზარდა, რაც გარკვეულწილად AI-ით აღჭურვილი ძიების სისტემების მიმართ მზარდი ინტერესის დამსახურებაა.

ამავე პერიოდში, Google-ის მიერ შექმნილ Gemini.Google.com-ზე ვიზიტებმა 7.88%-ით მოიმატა, მას შემდეგ, რაც Google Workspace-ის ბიზნესისა და განათლების მიმართულების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

რაც შეეხება ყველაზე ცნობილ გენერაციულ AI-პლატფორმას, OpenAI-ის მიერ შექმნილ ChatGPT.com-ზე ტრაფიკი 6.03%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად პროფესიული გამოყენების სტაბილური ზრდის დამსახურებით მოხდა. ცნობისთვის, ChatGPT.com-ს დღეში საშუალოდ 187.91 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

ივლისში კლება მხოლოდ ჩინურმა DeepSeek.com-მა აჩვენა, რომლის შემთხვევაშიც წინა თვესთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა 9.17%-ით შემცირდა. ჩინეთის წამყვანი გენერაციული AI-პლატფორმის ვარდნას ფუნქციების განახლების შეზღუდვას, ამერიკელი კონკურენტების გაძლიერებასა და უცხოურ ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებულ შეფერხებებს მიაწერენ.

გენერაციულ AI-პლატფორმებზე ვიზიტების ცვლილება 2025 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით: 

პოზიციაპლატფორმავიზიტების ცვლილება
1Grok.com+27.27%
2Claude.ai+10.47%
3Perplexity.ai+8.60%
4Gemini.Google.com+7.88%
5ChatGPT.com+6.03%
6DeepSeek.com-9.17%