რომელ ქვეყნებს აქვს ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგები?

რომელ ქვეყნებს აქვს ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგები?

ბუნებრივი აირი გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ელექტროენერგიის წარმოებაში, გათბობისთვის, ასევე სამრეწველო ნედლეულის სახით გამოიყენება.

Visual Capitalist-მა, Oil & Gas Journal-ში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ არის მოწოდებული, დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა გამოავლინა.

რეიტინგში პირველ ადგილს, 1,688 ტრილიონი კუბური ფუტით, რუსეთი იკავებს. ეს 40%-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფ ირანის ბუნებრივი აირის მარაგზე და თითქმის სამჯერ მეტია აშშ-ის მარაგზე, რომელიც ჩამონათვალში მეოთხე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველი სამი ქვეყანა — რუსეთი, ირანი და კატარი — ერთად მსოფლიოს ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგების 51%-ს (3.7 კვადრილიონი კუბური ფუტი) ფლობს. აქვე გეტყვით, რომ ეს ქვეყნები სიაში პოზიციას 2023 წლიდან უცვლელად ინარჩუნებენ.

საერთო ჯამში, ტოპ-10 ქვეყანა გლობალური რეზერვების 83%-ს, ანუ ოთხ მეხუთედზე მეტს ფლობს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკური დაპირისპირების მთავარ იარაღად იქცა. ევროპა, რომელიც ოდესღაც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, მას შემდეგ ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ცდილობს.

ამასთან, გლობალური მოთხოვნა კვლავ მაღალია, რადგან ქვეყნების ნაწილი ბუნებრივ აირს ქვანახშირისა და ნავთობისგან თავის დაღწევის პროცესში გარდამავალ საწვავად მიიჩნევს.

მსოფლიოს 10 ქვეყანა ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი დადასტურებული მარაგით:
ქვეყანადადასტურებული მარაგი (ტრილიონი კუბური ფუტი)რეგიონი 🌍
რუსეთი1,688ევროპა/აზია
ირანი1,200ახლო აღმოსავლეთი
კატარი843ახლო აღმოსავლეთი
აშშ615ჩრდილოეთი ამერიკა
თურქმენეთი400აზია
საუდის არაბეთი336ახლო აღმოსავლეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები290ახლო აღმოსავლეთი
ჩინეთი265აზია
ნიგერია209აფრიკა
ვენესუელა195სამხრეთი ამერიკა