რომელ ქვეყნებს აქვს ნავთობის უდიდესი დადასტურებული რეზერვები?

რომელ ქვეყნებს აქვს ნავთობის უდიდესი დადასტურებული რეზერვები?

ნავთობი ათწლეულების განმავლობაში როგორც ეკონომიკური ძალაუფლების, ისე გეოპოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ყველაზე დიდი რეზერვების მქონე ქვეყნები კი ხშირად გლობალურ ენერგეტიკულ დინამიკას განსაზღვრავენ.

დღეს მსოფლიოს 10 ქვეყანას 1.5 ტრილიონი ბარელის ნავთობის დადასტურებული მარაგი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს შორის რეზერვების სიდიდით ვენესუელა ლიდერობს, მაღალი ინფლაცია და მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მის ეკონომიკას ანგრევს. საერთო ჯამში, გლობალურად ნავთობის წარმოების თითქმის 14% სანქციების ქვეშაა – ძირითადად OPEC+ ქვეყნებში.

ნავთობის უდიდესი დადასტურებული რეზერვების მქონე ქვეყნების რეიტინგი Oil & Gas Journal-ის მიერ, EIA-ს მონაცემების საფუძველზე შემუშავდა და 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობას ასახავს.

როგორც აღვნიშნეთ, ჩამონათვალს, ნავთობის დადასტურებული რეზერვებით, ვენესუელა ლიდერობს, რაც 1920-იან წლებში ამ ბუნებრივი რესურსის მნიშვნელოვანი აღმოჩენის შედეგია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანას მთლიანობაში 303 მილიარდი ბარელის მარაგი აქვს.

2024 წელს ნავთობის ექსპორტით მთავრობის ბიუჯეტის 58% ფინანსდებოდა, თუმცა წარმოება მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, ქვეყანა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს ეკონომიკურ შეკუმშვას განიცდის. 2013 წლიდან მოყოლებული, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 68%-ით არის შემცირებული.

შედარებისთვის, საუდის არაბეთმა 2023 წელს დღეში 11 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი მოიპოვა, რითაც მხოლოდ ამერიკას ჩამორჩა. ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, მისი მარაგი 267 მილიარდ ბარელს შეადგენს. სიაში მესამე ადგილზე 209 მილიარდი ბარელი ნავთობის რეზერვებით ირანია, შემდეგ კი მოდის კანადა – 163 მილიარდი ბარელით.

ნავთობის ღირებულებაზე გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული პროცესები დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ირანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ გაიზარდა, ის ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.

ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ანალიტიკოსების აზრით დღემდე რჩება, ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა. სრუტე გლობალური ნავთობის 20%-ის ტრანზიტის გზაა. თუმცა ექსპერტები ასეთ ნაბიჯს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რადგან ეს შეიძლება მხოლოდ „ერთჯერადი ბერკეტი“ იყოს და მისი გამოყენების შემდეგ მოლაპარაკებებში ირანის პოზიცია შესუსტდეს.

ტოპ-10 ქვეყანა ნავთობის დადასტურებული რეზერვების მიხედვით:
ადგილიქვეყანარეზერვები (მლრდ ბარელი)OPEC-ის წევრი
1ვენესუელა303დიახ
2საუდის არაბეთი267დიახ
3ირანი209დიახ
4კანადა163არა
5ერაყი145დიახ
6არაბთა გაერთიანებული საამიროები113დიახ
7ქუვეითი102დიახ
8რუსეთი80OPEC+
9აშშ74არა
10ლიბია48დიახ