რომელ ქვეყნებს აქვთ ოქროს ყველაზე დიდი რეზერვები?

რომელ ქვეყნებს აქვთ ოქროს ყველაზე დიდი რეზერვები?

2024 წელს ოქროს ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა, რაც რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური გარემოების – მათ შორის ცენტრალური ბანკების მხრიდან რეკორდული შესყიდვების, ჩინეთში მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის დამსახურებაა. ისტორიულად, ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს – $2531.70-ს მიმდინარე წლის აგვისტოში მიაღწია.

ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი ოქრო თავის ღირებულებას ინარჩუნებს და ქვეყნის სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება. მსოფლიოში არსებული ოქროს დიდი ნაწილი სხვადასხვა ადგილას ინახება, მათ შორის ცენტრალური ბანკების საცავებში, საიუველირო საწყობებში, ასევე არის კერძო დეპოზიტორების საკუთრებებშიც.

მსოფლიოში ოქროს უდიდესი მარაგი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ჯამში 8,133 ტონა ოქრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 ფედერალურ სარეზერვო ბანკში ინახება. თუმცა აშშ-ის რეზერვის თითქმის ნახევარი ერთ დეპოზიტარში, Fort Knox-შია წარმოდგენილი. აშშ-ის ოქროს რეზერვის საერთო ღირებულება $628 მილიარდია.

მსოფლიო ოქროს საბჭოს ანგარიშით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, მარაგებით ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე გერმანიაა. ევროპის უდიდესი ეკონომიკის რეზერვში 3,351 ტონა ოქრო ინახება, გერმანიას იტალია მოჰყვება – 2,452 ტონა ოქრო. ხუთეულს ასრულებენ საფრანგეთი და რუსეთი შესაბამისად, 2,437 ტონა და 2,336 ტონა ოქროს რეზერვით. ცნობისთვის, ჩინეთთან ერთად რუსეთიც, ბოლო ორი ათწლეულია, რაც ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველია.

მსოფლიოში არსებული ოქროს რეზერვების უმეტესი ნაწილი ცენტრალური ბანკების საკუთრებაშია. ეს ინსტიტუტები ისტორიულად მოპოვებული ოქროს დაახლოებით ერთ მეხუთედს ფლობენ. მხოლოდ 2024 წლის პირველ ნახევარში ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული 483 ტონა ოქრო შეიძინეს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფოების მიხედვით, ოქროს უმსხვილსი შემსყიდველი თურქეთი იყო. პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 37 ტონა ოქრო შეისყიდა. ტრადიციულად, წამყვან შემსყიდველებს შორისაა ჩინეთიც, თუმცა ქვეყანამ ოქროს შესყიდვა მაისისა და ივნისის თვეში შეაჩერა. მანამდე, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ თითქმის 18 თვის განმავლობაში ზრდიდა ოქროს მარაგს.

მაისის თვის მდგომარეობით, ოქროს ყველაზე დიდი რეზერვი შემდეგ 10 ქვეყანას აქვს:

ადგილიქვეყნებირეზერვი (ტონა)
1🇺🇸 აშშ8,133
2🇩🇪 გერმანია3,351
3🇮🇹 იტალია2,452
4🇫🇷 საფრანგეთი2,437
5🇷🇺 რუსეთი2,336
6🇨🇳 ჩინეთი2,264
7🇨🇭 შვეიცარია1,040
8🇯🇵 იაპონია846
9🇮🇳 ინდოეთი831
10🇳🇱 ნიდერლანდები612