2025 წელი ოქროსთვის რეკორდული წელი აღმოჩნდა. ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ისტორიული ნიშნული არაერთხელ გადალახა და ბოლოს უნციაზე 4,400 დოლარსაც გადააჭარბა.
მიმდინარე წელს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის მატებამ, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინმა და ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს მარაგების აქტიურად შევსებამ განაპირობა. გლობალური ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაცია, რაც ბაზრის დინამიკაზე პირდაპირ აისახა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოქროს რეზერვების ჯამურმა ღირებულებამ 4.67 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ოქროს მარაგებით მსოფლიოში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც 8,133.46 ტონა ძვირფასი ლითონი აქვს. მიმდინარე წელს აშშ-ის ოქროს მარაგების ღირებულებამ, ისტორიაში პირველად, 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ამჟამად 1.16 ტრილიონს შეადგენს.
მეორე ადგილზე გერმანიაა 3,350.25 ტონა ოქროთი, რომლის ამჟამინდელი ღირებულება 477.29 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მესამე პოზიციაზე კი იტალიაა 2,451.84 ტონა ოქროთი, რომლის ღირებულებაც 349.30 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
ათეულის ბოლო ადგილს თურქეთი იკავებს, რომელმაც 2025 წელს მარაგებში 26.68 ტონა ოქრო დაამატა. ამჟამად ქვეყნის რეზერვებში 644.28 ტონა ოქროა, რომლის ღირებულება 91.79 მილიარდი აშშ დოლარია.
2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, ოქროს ყველაზე დიდი მარაგის მქონე ქვეყნები:
- ამერიკის შეერთებული შტატები: 8,133.46 ტონა, 1.16 ტრილიონი აშშ დოლარი
- გერმანია: 3,350.25 ტონა, 477.29 მილიარდი აშშ დოლარი
- იტალია: 2,451.84 ტონა, 349.30 მილიარდი აშშ დოლარი
- საფრანგეთი: 2,437.00 ტონა, 347.18 მილიარდი აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია: 2,326.52 ტონა, 331.44 მილიარდი აშშ დოლარი
- ჩინეთი: 2,304.44 ტონა, 328.30 მილიარდი აშშ დოლარი
- შვეიცარია: 1,039.94 ტონა, 148.15 მილიარდი აშშ დოლარი
- ინდოეთი: 880.18 ტონა, 125.40 მილიარდი აშშ დოლარი
- იაპონია: 845.97 ტონა, 120.52 მილიარდი აშშ დოლარი
- თურქეთი: 644.28 ტონა, 91.79 მილიარდი დოლარი









