რომელ ქვეყნებს აქვთ დეფოლტის ყველაზე მაღალი რისკი? - რეიტინგი

რომელ ქვეყნებს აქვთ დეფოლტის ყველაზე მაღალი რისკი? - რეიტინგი

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომისა და მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, სახელმწიფოების მიერ დეფოლტის გამოცხადების რისკები მკვეთრად იზრდება.

ტერმინი დეფოლტი აღებული ვალების ვერ ან არ დაბრუნებას გულისხმობს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად კი აღნიშნული ტერმინი სწორედ სახელმწიფოებთან მიმართებით გამოიყენება.

როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, ანუ ვალს ვეღარ იხდის, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. დეფოლტი, უმეტესწილად, ეკონომიკური კრიზისით ან გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებითაა გამოწვეული, მაგალითად, ომით ან რევოლუციით.

ბოლო ათი წლის განმავლობაში დეფოლტი შემდეგ სახელმწიფოებში გამოცხადდა: საბერძნეთი, არგენტინა, ვენესუელა, ბარბადოსი, ეკვადორი, ლიბანი, რუსეთი და შრი-ლანკა.

რუსეთისა და შრი-ლანკის მიერ დეფოლტირება კი სწორედ მიმდინარე წელს მოხდა.

დეფოლტის მოსალოდნელ რისკებს Bloomberg-ის სუვერენული ვალის მოწყვლადობის რეიტინგი აფასებს, რომელიც ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ვალის მოცულობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით; სამთავრობო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთები; 5-წლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპების მაჩვენებლები და საპროცენტო ხარჯები მშპ-სთან მიმართებით.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, Bloomberg-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ელ-სალვადორია, ანუ ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა ამჟამად მსოფლიოში დეფოლტის ყველაზე მაღალი რისკის წინაშე დგას. სახელმწიფო ვალის მოცულობა ელ-სალვადორის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 82.6%-ს შეადგენს; 5-წლიანი სვოპების სპრედი 33%-ია; სამთავრობო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი კი 32%-ს აღწევს.

გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანას დე-ფაქტო დიქტატორი, ნაიიბ ბუკელე მართავს, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა ბიტკოინსა და კრიპტოვალუტის მაინინგს შეუძლია. სწორედ ბუკელეს ბრძანებით, 2021 წელს ბიტკოინი ელ-სალვადორის ოფიციალური ვალუტა და ანგარიშსწორების საშუალება გახდა, ქვეყნის ბიუჯეტიდან კი 150 მილიონ დოლარამდე გამოიყო კრიპტოაქტივების შესაძენად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, აღნიშნული ქმედებით ელ-სალვადორში ეკონომიკური რისკები გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი კრიპო-ბირჟისათვის დამახასიათებელ რყევებსა და ვოლატილობაზე გახდა დამოკიდებული.

დეფოლტის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგში მეორე ადგილს განა იკავებს, ამ აფრიკული ქვეყნის სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 84.6%-ს შეადგენს.

რეიტინგში მესამე ადგილს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან 87.3%-იანი მოცულობით ტუნისი იკავებს. მეოთხე ადგილზე ვალის 71.3%-ით პაკისტანია, სადაც აგრეთვე უჩვეულოდ მაღალია მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის გამწვავების რისკები; ხოლო სარისკო ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილზე ეგვიპტეა, ამ შემთხვევაში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 94.0%-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ დეფოლტის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მერვე ადგილზე უკრაინაა, სადაც უჩვეულოდ მაღალი სამთავრობო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთები გვხვდება, კერძოდ, 60%-ის ფარგლებში – აღნიშნული მოვლენა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანა ომშია ჩართული, შესაბამისად, ინვესტორების მხრიდან უკრაინული ობლიგაციების შეძენის სურვილი იკლებს, რისკების ზრდის ფონზე კი, საპროცენტო განაკვეთები იმატებს. საგულისხმოა, რომ უკრაინის სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 49%-ს შეადგენს, რაც დეფოლტის მაღალი რისკის მქონე ქვეყნისათვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

აგრეთვე ხაზგასასმელია ისიც, რომ Bloomberg-ი ჩვენს მეზობელ სახელმწიფო თურქეთს დეფოლტის შედარებით მაღალი რისკის მქონე ქვეყნად აფასებს. ამჟამად თურქეთი რეიტინგში მეოცე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ვალის მოცულობა 43.7%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალია, ქვეყანა უმწვავესი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემის წინაშეა, რაც, თავის მხრივ, ზრდის იმის რისკებს, რომ ქვეყანამ ვალდებულებების მომსახურება ვერ შეძლოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.