BarthHaas-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთი ლუდის წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. როგორც ირკვევა, 2022 წელს ქვეყნის წარმოებამ 360 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი შეადგინა. ცნობისთვის, ჰექტოლიტრი ასი ლიტრის ეკვივალენტია.
ლუდის ტოპ მწარმოებლებს შორის მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მან გასული წლის განმავლობაში 194 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოება შეძლო. როგორც ხედავთ, რეიტინგის პირველ და მეორე ადგილის მფლობელ ქვეყნებს შორის წარმოების მოცულობაში განსხვავება საკმაოდ დიდია, 166 ჰექტოლიტრი.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ვხედავთ ვიეტნამს, რომელიც 39 მილიონი ჰექტოლიტრით მეცხრე ადგილს იკავებს და მცირედ სჯობს მეათე ადგილზე მყოფ პოლონეთს. გასული წლის განმავლობაში ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული ლუდის მოცულობამ 38 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა.
აქვე გეტყვით, რომ 2022 წელს ევროპის მასშტაბით ლუდის წარმოება 3 მილიონი ჰექტოლიტრით გაიზარდა. ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ესპანეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა, პირველის შემთხვევაში 3 მილიონი ჰექტოლიტრით, მეორეს შემთხვევაში კი 2.4 მილიონი ჰექტოლიტრით. ლუდის წარმოებაში მკვეთრი კლება აღინიშნა უკრაინაში, სადაც 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 4.8 მილიონი ჰექტოლიტრით ნაკლები ლუდი აწარმოვეს.
რაც შეეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ამ შემთხვევაში ზრდამ 6.1 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა. მიუხედავად საერთო ზრდისა, გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წელთან შედარებით 10.1 მილიონი ჰექტოლიტრით ნაკლები ლუდი აწარმოვა. მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა ბრაზილიამ და მექსიკამ. პირველი მათგანის წარმოება 4.4 მილიონი ჰექტოლიტრით, მეორის კი 6.3 მილიონი ჰექტოლიტრით გაიზარდა.
გასული წლის განმავლობაში ლუდის წარმოების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა აფრიკაში. კონტინენტმა წინა წელთან შედარებით მთლიანობაში 6.6 მილიონი ჰექტოლიტრით მეტი სასმელი აწარმოვა. ლუდის წარმოების კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა სამხრეთ აფრიკამ, ეთიოპიამ და ანგოლამ, შესაბამისად, 2.8, 1.5 და 1 მილიონი ჰექტოლიტრით.
საერთო ჯამში 2022 წელს მსოფლიოში ლუდის წარმოება 25 მილიონი ჰექტოლიტრით, ანუ 1.3 %-ით გაიზარდა და 1.89 მილიარდ ჰექტოლიტრს მიაღწია.
ლუდის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა, 2022 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით:
#1 ჩინეთი – 360.4 მილიონი ჰექტოლიტრი
#2 აშშ – 194.1 მილიონი ჰექტოლიტრი
#3 ბრაზილია – 147.43 მილიონი ჰექტოლიტრი
#4 მექსიკა – 141 მილიონი ჰექტოლიტრი
#5 გერმანია – 87.83 მილიონი ჰექტოლიტრი
#6 რუსეთი – 81.7 მილიონი ჰექტოლიტრი
#7 იაპონია – 45.88 მილიონი ჰექტოლიტრი
#8 ესპანეთი – 41.1 მილიონი ჰექტოლიტრი
#9 ვიეტნამი – 39 მილიონი ჰექტოლიტრი
#10 პოლონეთი – 38 მილიონი ჰექტოლიტრი