ფოტო: Getty Images
Energy Institute-ის მსოფლიო ენერგიის სტატისტიკური მიმოხილვა აჩვენებს, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში წამყვანი ეკონომიკების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებას შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. მონაცემები ცხადყოფს, რომ 2014-2024 წლებში განსაკუთრებით სწრაფი ზრდა დაფიქსირდა აზიის ქვეყნებში, მაშინ როცა დასავლურ ქვეყნებში ზრდის ტემპი შედარებით ზომიერი იყო.
მიმოხილვის თანახმად, ჩინეთი ამჟამად პლანეტის ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით მინიმუმ ორჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 2014-2024 წლებში მის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 74%-ით გაიზარდა, 5,794.5 ტერავატ/სთ-დან 10,086.9 ტერავატ/სთ-მდე.
ელექტროენერგიის წარმოებით 2014 წელს ჩინეთი უკვე ლიდერი იყო, თუმცა 10 წელიწადში სხვა ქვეყნებთან სხვაობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ზრდის მთავარ ფაქტორებად ქვეყნის მრეწველობის მასშტაბი, ურბანიზაცია და წარმოებაში ლიდერობა სახელდება. ელექტროენერგიის წარმოების ზრდა და შედარებით დაბალი ფასი სტრატეგიულ უპირატესობად განიხილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა AI-მოდელები და მონაცემთა ცენტრები ბევრ ენერგიას მოითხოვს.
ამავე პერიოდში აშშ-ში ელექტროენერგიის გამომუშავება 4,363 ტერავატ/სთ-დან 4,635 ტერავატ/სთ-მდე გაიზარდა, რაც შედარებით მოკრძალებული, 6%-იანი ზრდაა.
2014-2024 წლებში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის კუთხით დიდი წინსვლა აჩვენა ინდოეთმა. მისი გამომუშავება 2014 წლის 1,258.7 ტერავატ/სთ-დან 2024 წლისთვის 2,030.2 ტერავატ/სთ-მდე გაიზარდა, რაც 60%-იან მატებას გულისხმობს.
შედარებით ზომიერი მატება აღინიშნა რუსეთის შემთხვევაში. მაჩვენებელი 2014 წლის 1,064 ტერავატ/სთ-დან 2024 წელს 1,209 ტერავატ/სთ-მდე გაიზარდა. ამის მიზეზად ინდუსტრიული და ექსპორტით განპირობებული მოთხოვნის ეტაპობრივი ზრდა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის შემთხვევაში ათწლეულის განმავლობაში მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა. 2014 წელს გამომუშავებამ 1,062.7 ტერავატ/სთ შეადგინა, 2024 წლისთვის კი – 1,016.4 ტერავატ/სთ. სფეროს ექსპერტების შეფასებით, ამას შედარებით ნელი ეკონომიკური ზრდა, დემოგრაფიული ფაქტორები და ენერგეტიკული ნაზავის ცვლილება განაპირობებს.
ელექტროენერგიის გამომუშავება (ტერავატ/სთ), 2014-2024 წლები:
| ქვეყანა | 2014 | 2016 | 2018 | 2020 | 2022 | 2024 |
| ჩინეთი | 5,794.5 | 6,133.0 | 7,166.0 | 7,779.1 | 8,848.7 | 10,086.9 |
| აშშ | 4,363.3 | 4,348.9 | 4,464.5 | 4,287.6 | 4,537.7 | 4,634.8 |
| ინდოეთი | 1,258.7 | 1,394.9 | 1,572.0 | 1,571.0 | 1,806.1 | 2,030.2 |
| რუსეთი | 1,064.2 | 1,091.0 | 1,109.2 | 1,085.4 | 1,166.9 | 1,209.3 |
| იაპონია | 1,062.7 | 1,063.7 | 1,082.9 | 1,011.0 | 1,040.6 | 1,016.4 |












