Visual Capitalist-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალ ქვეყნებში არსებული საშუალო წლიური ხელფასები ერთმანეთს შეადარა.
ქვეყნებს შორის განსხვავებული ხელფასების არსებობა მრავალი მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის ეკონომიკური განვითარების დონით, ცხოვრების ღირებულებით, შრომის კანონებითა და სხვა ფაქტორებით. აქედან გამომდინარე, მონაცემები მსყიდველობითი უნარის პარიტეტზეა (PPP) მორგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია განსხვავებები ცხოვრების ღირებულებასა და ინფლაციაში.
Visual Capitalist-ის ცნობით, მონაცემები OECD-დან არის მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას 38 წევრი ქვეყანა ჰყავს, თუმცა მხოლოდ 30 მათგანის მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, ისიც 2022 წლის მდგომარეობით.
მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ხელფასი ლუქსემბურგში, აშშ-სა და შვეიცარიაშია. სამივე ქვეყანა მაღალგანვითარებულ ეკონომიკას წარმოადგენს, კარგად ჩამოყალიბებული მომსახურების სექტორებით, რაც, როგორც წესი, უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს წარმოქმნის.
საპირისპიროდ, რეიტინგის ბოლოში მექსიკასა და საბერძნეთს ვხვდებით, სადაც ყველაზე დაბალი წლიური საშუალო ხელფასებია. მექსიკის შემთხვევაში დაბალი ანაზღაურება, ძირითადად, სოფლის მეურნეობასა და წარმოებაშია. რაც შეეხება საბერძნეთს, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ქვეყანა მუდმივად ებრძვის უმუშევრობის მაღალ დონეს. ეს კი ხელფასებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან დასაქმების მსურველთა ჭარბი რაოდენობაა.
OECD-ის ქვეყნებში საშუალო წლიური ხელფასი (აშშ დოლარი, PPP-ზე მორგებული):
- ლუქსემბურგი – 78,310
- აშშ – 77,463
- შვეიცარია – 72,993
- ბელგია – 64,848
- დანია – 64,127
- ავსტრია – 63,802
- ნიდერლანდები – 63,225
- ავსტრალია – 59,408
- კანადა – 59,050
- გერმანია – 58,940
- დიდი ბრიტანეთი – 53,985
- ნორვეგია – 53,756
- საფრანგეთი – 52,764
- ირლანდია – 52,243
- ფინეთი – 51,836
- შვედეთი – 50,407
- სამხრეთ კორეა – 48,922
- სლოვენია – 47,204
- იტალია – 44,893
- ისრაელი – 44,156
- ესპანეთი – 42,859
- იაპონია – 41,509
- პოლონეთი – 36,897
- ესტონეთი – 34,705
- ჩეხეთი – 33,476
- პორტუგალია – 31,922
- უნგრეთი – 28,475
- სლოვაკეთის რესპუბლიკა – 26,263
- საბერძნეთი – 25,979
- მექსიკა – 16,685