კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელზეც კობალტის გლობალური წარმოების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის და რომელიც აფრიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოებს შორისაა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლითაც მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა. მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემებით, კონგოში 111-მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 85.3%-ს დღიურად $3-ზე ნაკლებით უწევს არსებობა.
კონგოს უკიდურესი სიღარიბის გამომწვევ მიზეზებს შორის მრავალი ურთიერთდაკავშირებული მიზეზია, მათ შორისაა სახელმწიფოს სუსტი მმართველობა და შეიარაღებული კონფლიქტები. ქვეყანაში პერიოდულად აქტიურდება დაპირისპირებები, მიუხედავად იმისა, რომ რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 2024 წლის აგვისტოში ზავი გაფორმდა. შეთანხმების მიუხედავად, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში მუდმივად ერთმანეთს ადანაშაულებენ, ხოლო M23-ის ამბოხებულები სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლით იმუქრებიან.
რეალურად, მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემებით, დღეს აფრიკის კონტინენტზე რვა სახელმწიფოა, რომელთა მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – მათ შორისაა მოზამბიკი, მალავი, ბურუნდი, ზამბია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ა.შ.
აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, უკიდურესი სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოსოვოში ფიქსირდება. 1.6-მილიონიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, ოთხიდან ერთი ადამიანი დღიურად $3-ზე ნაკლებით ცხოვრობს. ხოლო სამხრეთ ამერიკაში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰონდურასშია. ქვეყანა გლობალურ რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებს და ბოლო წლებშიც სიღარიბის შემცირების მიუხედავად, რეგიონში სხვა ქვეყნებთან კვლავ უთანასწორო პოზიციაში რჩება.
რაც შეეხება აზიას, კონტინენტის უღარიბეს ქვეყნებს შორისაა ფილიპინები, სადაც 110-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 11%-ს უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ 1985 წლის შემდგე ფილიპინებში სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის ორი მესამედით შემცირდა, მოქალაქეების დიდ ნაწილს კვლავ არა აქვს მუდმივი წვდომა ელექტროენერგიაზე, სუფთა წყალსა და განათლებაზე.
სახელმწიფოები, სადაც მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილი დღიურად $3-ზე ნაკლებით ცხოვრობს:
ქვეყანა | მოსახლეობის წილი, რომელიც დღიურად $3-ზე ნაკლებით ცხოვრობს (%) | |
---|---|---|
1 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 85.3% |
2 | მოზამბიკი | 82.2% |
3 | მალავი | 75.4% |
4 | ბურუნდი | 74.2% |
5 | ზამბია | 71.7% |
6 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 71.6% |
7 | ნიგერი | 60.5% |
8 | უგანდა | 59.8% |
9 | ზიმბაბვე | 49.2% |
10 | კენია | 46.4% |