ქვეყნებში სიმდიდრის გადანაწილების შესაფასებლად ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა ჯინის კოეფიციენტის გამოყენებაა. ამ ინდექსში, ნულთან მიახლოებული ქულა სიმდიდრის შედარებით თანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ხოლო 100 ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიმდიდრის აბსოლუტური წილი ერთი პირის ხელშია.
Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, ქვეყნებს შორის, სიმდიდრის გადანაწილების უთანასწორობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სამხრეთ აფრიკაშია. სამხრეთ აფრიკაში ქვეყნის სიმდიდრის დაახლოებით 80%, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ის საკუთრებაშია. სიმდიდრის გადანაწილების უთანასწორობა, განსაკუთრებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში გაიზარდა. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2008 წელს 20%-ს შეადგენდა, დღეს კი 32%-ს უტოლდება.
მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ქვეყნის სიმდიდრის ნახევარს მოსახლეობის 10% აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ 2023-დან 2024 წლამდე, ბრაზილიაში მილიარდერთა რაოდენობა 51-დან 64 პირამდე გაიზარდა. შედეგად, მილიარდერთა რაოდენობით, ქვეყანა დღეს მეათე ადგილზეა.
სიმდიდრის გადანაწილების უთანასწორობით, რეიტინგის მეხუთე ადგილზე შვედეთია. ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მილიარდერთა რაოდენობითაც გამოირჩევა. კონკრეტულად, შვედეთის მოსახლეობიდან, ყოველ 250,000 კაცში ერთი მილიარდერია. შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 500,000 პირზე ერთი მილიარდერია. შვედეთში სიმდიდრის მთავარი წყარო ტექნოლოგიური სექტორია. ქვეყანაში 40-ზე მეტი უნიკორნია, მათ შორისაა Spotify და Skype-ი.
რეიტინგში შვედეთს ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყვება. ჯინის ინდექსით მისი ქულა 75-ით განისაზღვრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ათეულის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც 2008 წლის შემდეგ უთანასწორობა შემცირებულია. სიმდიდრის გადანაწილებაზე უთანასწორობა 2008-2023 წლებში აშშ-ში 2.4%-ით, გაერთიანებულ საამიროებში – 12.4%-ით, ხოლო საუდის არაბეთში -13.3%-ით შემცირდა.
მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც – გერმანია (-5.4%), შვეიცარია (-4.6%), ავსტრია (-5%) – ასევე სამხრეთ კორეასა (-8.1%) და ჰონგ-კონგში (-5.9%). აქვე გეტყვით, რომ გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ნიდერლანდები და ფინეთი, სიმდიდრის გადანაწილების უთანასწორობით, რეიტინგში მე-10-დან მე-15 პოზიციებს ინაწილებენ, ჯინის კოეფიციენტით შემდეგი ქულებით: 72 ქულა, 70 ქულა, 69 ქულა, 67 ქულა და 53 ქულა.
სიმდიდრის გადანაწილების უთანასწორობით, ქვემოთ წარმოდგენილი ქვეყნების ათეული, UBS-ის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური სიმდიდრის 2024 წლის ანგარიშს“ ეფუძნება:
ქვეყანა | Gini Index 2023 | Gini Index 2008 | ცვლილება 2008-2023 |
---|---|---|---|
სამხრეთი აფრიკა | 82 | 70 | +17.7% |
ბრაზილია | 81 | 70 | +16.8% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 77 | 88 | -12.4% |
საუდის არაბეთი | 77 | 89 | -13.3% |
შვედეთი | 75 | 74 | +1.3% |
აშშ | 75 | 76 | -2.4% |
ინდოეთი | 73 | 62 | +16.2% |
მექსიკა | 72 | 68 | +6.5% |
სინგაპური | 70 | 57 | +22.9% |
ინდონეზია | 68 | 59 | +15.1% |