ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, გლობალურად სუიციდით გარდაცვალების რაოდენობა 2020-2021 წლებში 762,000-დან 717,000-მდე შემცირდა, რაც თითქმის 6%-იანი კლებაა.
მაღალშემოსავლიან განვითარებულ ქვეყნებში, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, ქალებისა და კაცების სუიციდის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება – ქალები სუიციდური აზრების მიმართ უფრო მდგრადები არიან, კაცებში კი სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, რასაც „ჩუმ ეპიდემიად“ აღწერენ.
2021 წელს, მსოფლიოში ყოველ 100,000 კაცზე 12.3 ასრულებდა სიცოცხლეს სუიციდით, ქალებში კი მაჩვენებელი 5.9 იყო. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ქალებისა და კაცების მაჩვენებლებს შორის განსხვავება სხვადასხვაგვარია რეგიონების მიხედვით და, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მხოლოდ 1.4-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სუიციდის შემთხვევების 73% დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. მთავარ მიზეზებს შორის სოციალური, კულტურული, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები სახელდება.
სუიციდის ყველაზე მაღალი დონე ლესოთოში, გაიანასა და ესვატინშია, ყველაზე დაბალი კი ანტიგუა და ბარბუდაში, ბარბადოსსა და გრენადაში.
რაც შეეხება ევროკავშირს, 2021 წელს სუიციდი 47,346 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, რაც მთლიანი სიკვდილიანობის დონის 0.9%-ს შეადგენდა. გამოდის, რომ სტატისტიკურად ყოველ 100,000 ადამიანზე 10.2 ადამიანი ასრულებდა სიცოცხლეს სუიციდით.
თუ შევადარებთ 2011 წელს, როდესაც მონაცემების აღწერა დაიწყო, ევროკავშირში სუიციდის დონე 13.3%-ით (7,277-ით) შემცირდა.
2021-ში, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ყოველ 100,000 ადამიანზე 19.8 გარდაცვალება, იყო სლოვენიაში, რომელსაც მოჰყვებოდა ლიეტუვა (19.5) და უნგრეთი (15.7).
საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა კვიპროსში (2.7 ყოველ 100,000-ზე), საბერძნეთსა (4.2) და იტალიაში (5.9).
აღსანიშნავია, რომ, როგორც წინა წლებში, ევროკავშირშიც სუიციდის დონე უფრო მეტად მაღალი იყო კაცებში, ვიდრე ქალებში. კაცებზე ამ მიზეზით სიკვდილიანობის 76.7% მოდიოდა.
საქართველოში, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს თვითმკვლელობის შედეგად სიკვდილიანობის კოეფიციენტი (მოსახლეობის 100 000 კაცზე) 5.6 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.3-ით მეტია.
კაცების მაჩვენებელი შეადგენს 9.7-ს, ხოლო ქალების – 1.8-ს, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა.
საქსტატის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 7.0, საქართველოში 2019 წელს იყო. მცირედით განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს WHO, რომლის თანახმადაც ამავე წელს კოეფიციენტი საქართველოში 9.2-ს შეადგენდა.
შენიშვნა: ბევრ ქვეყანაში სუიციდის შემთხვევები სოციალური სტიგმის, კულტურული თუ სხვა ცვლადების გამო არ აღიწერება და, შესაბამისად, მოცემული მაჩვენებლები შესაძლოა ბევრ ქვეყანაში რეალურ სურათს არ აღწერდეს.