ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და კომპანიების ციფრული გარდაქმნის ფონზე, გლობალური შრომითი ბაზარი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. შედეგად, ჩნდება ახალი სამუშაო პოზიციები, უკვე არსებული პოზიციების ნაწილზე კი მოთხოვნა მკვეთრად მცირდება.
Visual Capitalist-მა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშზე — Future of Jobs Report 2025 — დაყრდნობით, იმ სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომლებზე მოთხოვნაც 2025 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში საგრძნობლად შემცირდება. ჩამონათვალი გლობალური კომპანიების 1043 უნიკალური პასუხის საფუძველზე შედგა. ეს კომპანიები მსოფლიო მასშტაბით მთლიანობაში 14.1 მილიონზე მეტ თანამშრომელს ასაქმებენ.
სიის სათავეში ტრადიციული საოფისე პოზიციებია — ფოსტის თანამშრომლები, რომლებზე მოთხოვნაც, WEF-ის ვარაუდით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე დრამატულ, 40%-იან კლებას განიცდის. შემდეგ მოდის ბანკის მოლარის პოზიცია, რომელზე მოთხოვნაც 2025 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, სავარაუდოდ, 35%-ით შემცირდება. სიაში მესამე მონაცემთა შეყვანის თანამშრომლებია, მოთხოვნის 34%-იანი კლების პროგნოზით.
ეს სამუშაოები ყველაზე მეტად შეიძლება დაექვემდებაროს ავტომატიზაციასა და დიგიტალიზაციას, რადგან მათი ამოცანების დიდი ნაწილის შესრულება ხელოვნური ინტელექტის წყალობით გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი.
ელექტრონული კომერციისა და თვითმომსახურების ტექნოლოგიების გავრცელების გამო, საცალო და ადმინისტრაციული თანამდებობები, მაგალითად მოლარეების, ადმინისტრაციული ასისტენტების და ბილეთების გამყიდველების პოზიციები ასევე შემცირების მაღალი რისკის ქვეშაა.
# | პოზიციის დასახელება | შემცირება (%) |
---|---|---|
1 | 📬 საფოსტო სამსახურის თანამშრომლები | -40% |
2 | 🏦 ბანკის მოლარეები და მასთან დაკავშირებული თანამშრომლები | -35% |
3 | ⌨️ მონაცემთა შეყვანის ოპერატორები | -34% |
4 | 🧾 ბილეთების გამყიდველები და მოლარეები | -30% |
5 | 🗂️ ადმინისტრაციული ასისტენტები და აღმასრულებელი მდივნები | -28% |
6 | 🖨️ ბეჭდვისა და მასთან დაკავშირებული სპეციალობების თანამშრომლები | -26% |
7 | 📒 ბუღალტერიის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ხელფასების მუშაკები | -24% |
8 | 📦 საწყობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის თანამშრომლები | -22% |
9 | 🛤️ ტრანსპორტირების თანამშრომლები და კონდუქტორები | -21% |
10 | 🚪 კარდაკარ გაყიდვების თანამშრომლები, ქუჩაში გაზეთის გამყიდველები და ა.შ. | -20% |
11 | 🎨 გრაფიკოსი დიზაინერები | -20% |
12 | 📋 სადაზღვევო შემთხვევების შემფასებლები და სხვა დაკავშირებული თანამშრომლები | -19% |
13 | ⚖️ იურიდიული თანამდებობის პირები | -18% |
14 | 📝იურიდიული მდივნები | -17% |
15 | 📞 ტელემარკეტერები | -16% |
მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ დამსაქმებლები, ამ სექტორებში სამუშაო ადგილების შემცირება შეიძლება არც ისე სერიოზული იყოს. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ Amazon-ის გადახდის სისტემა — „Just Walk Out“. როგორც ცნობილი იყო, ის სრულად ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნებოდა, თუმცა 2024 წლის დასაწყისში რამდენიმე მედიასააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „Just Walk Out“ სინამდვილეში ტრანზაქციების ხელით გადახედვისთვის, სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ინდოეთში მომუშავე კადრებს ეყრდნობოდა.
იმავე წელს, McDonald’s-მა განაცხადა, რომ წყვეტდა ხელოვნური ინტელექტის გამოსაცდელ პერიოდს დაბნეულობის, რთული შეკვეთების დამუშავების შეუძლებლობისა და რიგ შემთხვევებში წარმოქმნილი აუდიოპრობლემების გამო.