2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ხელფასების სიდიდე და წლიური კლება/ზრდის მაჩვენებლები ამგვარია:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958 ლარი (18.8%);
- მშენებლობა – 3 033 ლარი (31.6%);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 807 ლარი (13.4%);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 616 ლარი (17.3%);
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 2 099 ლარი (17.4%);
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2 078 ლარი (23.8%);
- ტრანსპორტირება და დასაწყობება – 2 066 ლარი (17.6%);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 055 ლარი (-4.1%);
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1 854 ლარი (20.9%);
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – 1 764 ლარი (17.8%);
- დამამუშავებელი მრეწველობა – 1 706 ლარი (14.2%);
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების, მოტოციკლების რემონტი – 1 655 ლარი (10.6%);
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1 530 ლარი (8.5%);
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 435 ლარი (26%);
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 413 ლარი (14.9%);
- სხვა სახის მომსახურება – 1 411 ლარი (24.9%);
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 234 ლარი (7.6%);
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 150 ლარი (17.5%);
- განათლება – 1 039 ლარი (12.9%).
ცნობისთვის, მიმდინარე წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა.
ქალებისთვის ხელფასის წლიურმა ზრდამ 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებისთვის – 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი კვლავ ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 293 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება არასამეწარმეო და საფინანსო სექტორს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 199.2 ლარით (14.4%) გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა.