წარმატებული სტარტაპისთვის მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა. სასურველი შედეგის მისაღწევად მრავალწლიანი ძალისხმევა და, ხშირ შემთხვევაში, კარგი აკადემიური განათლებაც საჭიროა. განსაკუთრებით კი, თუ საქმე ძლიერი რეპუტაციის, გავლენისა და მაღალი კლასის მქონე სასწავლებელს ეხება, რაც დამწყებებს დამატებით უპირატესობას ანიჭებს.
Visual Capitalist-მა იმ უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო სკოლების ათეული წარმოადგინა, რომელთაც ყველაზე მეტი „სტარტაპერი“ კურსდამთავრებული ჰყავს. პლატფორმამ PitchBook-ის მონაცემები გამოიყენა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს – კურსდამთავრებული მეწარმეების რაოდენობის მიხედვით. ანგარიში იმ კურსდამთავრებულებს მოიცავს, რომელთაც ბოლო ათწლეულში სტარტაპის დასაარსებლად ფინანსები მოიზიდეს.
რეიტინგში ასახული მონაცემები 2024 წლის 30 აგვისტოსთვისაა განახლებული. ანგარიშში შემავალი „სტარტაპერების“ ნაწილს შესაძლოა არა ერთი, არამედ რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა ჰქონდეთ დასრულებული.
სამაგისტრო პროგრამებში პირველ, და საბაკალავრო სკოლებში მეორე პოზიციას სტენფორდის უნივერსიტეტი იკავებს. უკანასკნელ ათწლეულში „სტენფორდის“ 5 ათას კურსდამთავრებულზე მეტმა დააარსა საკუთარი სტარტაპი. „სტენფორდის“ სტუდენტებს შორისაა OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენი – თუმცა მან უნივერსიტეტი დასრულებამდე მიატოვა – და Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლადიმირ ტენევი.
საბაკალავრო პროგრამებს შორის, „სტარტაპერების“ რაოდენობით, ლიდერი „კალიფორნიის უნივერსიტეტია“ (UC Berkeley). სამაგისტრო სკოლებს შორის მეხუთე პოზიციას კი UC Berkeley იკავებს. „კალიფორნიის უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შორის იყვნენ DoorDash-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტონი სუ და მიწოდების ჯაჭვის მმართველი კომპანია Flexport-ის დამფუძნებელი და CEO რაიან პეტერსენი.
საინტერესოა, რომ „სტარტაპერი“ კურსდამთავრებულების რაოდენობით , საბაკალავრო პროგრამების პირველი ათეულიდან ცხრა აშშ-ის უნივერსიტეტებზე მოდის, ხოლო ერთიც – ისრაელზე („თელ-ავივის უნივერსიტეტი“). რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქ პირველ ათეულში რვა ამერიკული და ორი ბრიტანული უნივერსიტეტია.
წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ათეულს, საბაკალავრო სკოლების მიხედვით:
უნივერსიტეტი | „სტარტაპერების რაოდენობა“ | ქვეყანა | სტატუსი | |
---|---|---|---|---|
1 | კალიფორნიის უნივერსიტეტი | 1,811 | საჯარო | |
2 | სტენფორდის უნივერსიტეტი | 1,547 | კერძო | |
3 | ჰარვარდის უნივერსიტეტი | 1,352 | კერძო | |
4 | პენსილვანიის უნივერსიტეტი | 1,197 | კერძო | |
5 | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | 1,175 | კერძო | |
6 | კორნელის უნივერსიტეტი | 933 | კერძო | |
7 | თელ-ავივის უნივერსიტეტი | 893 | საჯარო | |
8 | მიჩიგანის უნივერსიტეტი | 860 | საჯარო | |
9 | ტეხასის უნივერსიტეტი | 842 | საჯარო | |
10 | ილინოისის უნივერსიტეტი | 739 | საჯარო |
წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ათეულს, სამაგისტრო სკოლების მიხედვით:
უნივერსიტეტი | „სტარტაპერების რაოდენობა“ | ქვეყანა | სტატუსი | |
---|---|---|---|---|
1 | სტენფორდის უნივერსიტეტი | 4,214 | კერძო | |
2 | ჰარვარდის უნივერსიტეტი | 3,716 | კერძო | |
3 | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | 2,834 | კერძო | |
4 | კოლუმბიის უნივესიტეტი | 1,885 | კერძო | |
5 | კალიფორნიის უნივერსიტეტი | 1,804 | საჯარო | |
6 | პენსილვანიის უნივერსიტეტი | 1,740 | კერძო | |
7 | კემბრიჯის უნივერსიტეტი | 1,391 | საჯარო | |
8 | ოქსფორდის უნივერსიტეტი | 1,307 | საჯარო | |
9 | ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი | 1,286 | კერძო | |
10 | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი | 1,063 | კერძო |