ავიახაზები საკვების სერვისით წარსულში ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, დროის გასვლასთან ერთად ამ მიმართულებით ინვესტიციები გაიზარდა, რაც სერვისის ხარისხზეც მნიშვნელოვნად აისახა. ავიახაზების კვებითი მომსახურება Ask Chef Dennis-ის ბლოგერმა და შეფ-მზარეულმა, დენის ლიტლიმ შეაფასა.
„ავიაკომპანიების საკვებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი რევოლუცია განიცადა. ადგილობრივი ინგრედიენტებით დაწყებული, შეკვეთით დამზადებული მენიუთი დასრულებული, ავიახაზები ფრენის დროს კერძებს უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებად გარდაქმნის“, ამბობს ლიტლი. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი წამყვანი მაგალითი Singapore Airlines-ია, რომელიც საკვების მიმართულებით მრავალ, მათ შორის Farm-to-Plane-ინიციატივას ნერგავს, რის ფარგლებშიც მგზავრებს ადგილობრივი ფერმებიდან მიღებულ პროდუქციას სთავაზობს. ამავდროულად, Book the Cook-ის სერვისი, 1.5-საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენებისას, პირველი და ბიზნესკლასის მგზავრებს, ყოვლისმომცველი მენიუდან წინასწარ კერძების შეკვეთის საშუალებასაც აძლევს.
„მსგავსი ავიახაზები ქმნიან განსაცვიფრებელ კვებით გამოცდილებას, რომელიც ბორტზე ასვლის მომენტიდან იწყება“, – დასძენს ლიტლი და თითოეული მათგანის დახასიათებას გვთავაზობს.
Singapore Airlines – „ავიახაზების Book the Cook-ი მოიცავს კერძების მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან, მათ შორისაა: ლობსტერ თერმიდორი, შემწვარი საქონლის ფილე ან ნასი ლემაკი, ტრადიციული მალაიზიური კერძი“.
Qatar Airways – „აღნიშნული ავიახაზებით მგზავრობისას მრავალჯერადი კერძების არჩევანი გელით, არაბული მეზეთი დაწყებული, დესერტით დასრულებული. Qatar Airways-ის ბიზნესკლასში სადილის მოთხოვნის სერვისიც არსებობს, რომელიც მგზავრებს ნებისმიერ დროს კვების საშუალებას აძლევს“.
Emirates – „ავიახაზები მგზავრებს ფრენის დანიშნულების მიხედვით, შესაბამისი რეგიონით ინსპირირებულ კერძებს სთავაზობს, როგორიცაა არაბული, იაპონური ან ინდური კერძები“.
Turkish Airlines – „მფრინავი შეფ-მზარეულის პროგრამის საშუალებით, ბიზნესკლასის მგზავრებს გამორჩეული კერძების დაგემოვნების და ღრუბლების მიღმა, რესტორანში სადილობის შესაძლებლობა აქვთ. ავიახაზები თურქული მრავალფეროვანი სამზარეულოთიც გამოირჩევა“.
ANA (All Nippon Airways) – „ANA მგზავრებს კერძების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის ტრადიციულ იაპონურ სამზარეულოს სთავაზობს, რომელიც შედგება აპეტაიზერისგან, მთავარი კერძისგან და დესერტისგან“.
Cathay Pacific – „კერძები უმეტესწილად ადგილობრივი და მდგრადი პროდუქციით მზადდება. ავიახაზები მგზავრებს აზიური და დასავლური კერძების მრავალფეროვან არჩევანს და დაჯილდოებულ ღვინოებს სთავაზობს“.
Etihad Airways – „ავიახაზები მრავალჯერადი კვებით ეკონომკლასის მგზავრებსაც ემსახურება, მენიუშია სალათი, ძირითადი კერძი და ყველი. შედარებით მაღალი კლასის მგზავრებს სამ ძირითად კურსს შორის არჩევანის, „სადილის მოთხოვნის“ საშუალება აქვთ“.
EVA Air – „ცნობილი “Star Chef”-კერძებით Royal Laurel-კლასში (ბიზნესკლასი), ავიახაზები მგზავრებს დასავლურ და აზიურ სამზარეულოს სთავაზობს. გარდა ამისა, EVA Air-ზე Hello Kitty-ის თემატურ კერძებსაც შეხვდებით“.
Qantas – „ფრენის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, Qantas-ის მგზავრებს მრავალფეროვანი მენიუ ხვდებათ, მსუბუქი გამაგრილებელი სასმელებით დაწყებული, სადილის სრული სერვისით დასრულებული. ავიახაზებზე ხშირად სეზონურ მენიუსაც შეხვდებით, ავსტრალიური ინგრედიენტებითა და ძვირად ღირებული, მათ შორის ავსტრალიური და ახალზელანდიური ღვინოებით“.
Lufthansa – „ავიახაზების მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული მენიუ ხშირად მოიცავს გერმანულ სამზარეულოს, სოსისებს, მჟავე კომბოსტოსა და ბრეცელს. ამავდროულად კი, Lufthansa-ზე საერთაშორისო კერძების არჩევანსაც შეხვდებით“, აღნიშნავს შეფ-მზარეული ლიტლი.