რომელი ბანკები გასცემენ საქართველოში ყველაზე მეტ მწვანე სესხს?

რომელი ბანკები გასცემენ საქართველოში ყველაზე მეტ მწვანე სესხს?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მდგრადი დაფინანსების 2023 წლის ანგარიშით ირკვევა, რომ 2022 წელს არსებული მწვანე სესხების მთლიანმა მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი (530 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 13 კომერციული ბანკიდან მხოლოდ შვიდმა წარმოადგინა ინფორმაცია მწვანე სესხების შესახებ.

სებ-ის თანახმად, ამ ტიპის სესხების წილი 2022 წელს გაცემული სესხების მთლიან მოცულობაში 1.2%-ს შეადგენს, ეს კი წინა წლის მონაცემს 0.2 პროცენტული პუნქტით აღემატება.

„წინა წელთან შედარებით გაიზარდა დოლარში გაცემული სესხების წილი და მან 65% შეადგინა. 2022 წლის ბოლოსთვის მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის 3.2%-ია. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 2.9%, ხოლო 2020 წელს 2.2%-ს შეადგენდა.

ბანკების დონეზე, მწვანე სესხების წილი მთლიან პორტფელში საშუალოდ 6% იყო, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ს აღწევდა”, – წერია ანგარიშში.

საქართველოში მწვანე დაკრედიტების ხელშეწყობაში სამი ფინანსური ინსტიტუტი ლიდერობს: “თიბისი ბანკი” მწვანე პორტფელის ყველაზე დიდი წილს, 45%-ს ფლობს, “საქართველოს ბანკი” 35%-იანი წილით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე “პროკრედიტ ბანკია” 13%-იანი წილით.

“თიბისი ბანკმა” 2022 წელს მწვანე სესხის 55 პროცენტი გასცა, ხოლო “საქართველოს ბანკმა” და “პროკრედიტ ბანკმა”, შესაბამისად, 19 და 18 პროცენტი.

ცნობისთვის, მწვანე ეწოდება სესხს, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში.

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, თავის მხრივ, წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსასაზღვრად, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება.