იტალიაში, 8-9 ივნისს დანიშნული რეფერენდუმი, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას შეეხებოდა, დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა. ცვლილებები იტალიაში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიგრანტებისთვის, მოქალაქეობის მინიჭებამდე სავალდებულო საცხოვრებელი პერიოდის 10-დან 5 წლამდე შემცირებას ითვალისწინებდა.
ჩავარდნის მიუხედავად, რეფერენდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ფართო დებატების მიზეზად იქცა. მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი, მატეო სალვინი და სხვა პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათი ქვეყანა, ევროპის სხვა სახელმწიფოებს შორის, მოქალაქეობის ყველაზე მეტ ნებართვას გასცემდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და ამის გადამოწმება ოფიციალური მონაცემებითაც შესაძლებელია. Eurostat-ის თანახმად, 2023 წელს, ევროკავშირის წევრთა შორის ყველაზე მეტი 240,000 ნებართვა ესპანეთმა გასცა – ეს რიცხვი ევროკავშირში მთლიანად გაცემული მოქალაქეობების 22.9%-ია.
ესპანეთის შემდეგ, 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი მოქალაქეობის ნებართვა გაცემული ჰქონდა იტალიას – 214,000, შემდეგ არის გერმანია – 200,000, საფრანგეთი – 97,000 და შვედეთი – 68,000. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ქვეყანამ მოქალაქეობა 202,000 პირს მიანიჭა.
თუმცა რეიტინგში თანამიმდევრობა მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუ ანალიზს ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებით გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში, ლუქსემბურგი ევროკავშირში პირველ ადგილზეა 2023 წელს, ათას ადამიანზე 8.8 მოქალაქეობით, შემდეგ მოდის შვედეთი (6.4), ესპანეთი (5), ბელგია (4.7) და იტალია (3.6). Eurostat-ის მონაცემებით, სლოვაკეთი, ბულგარეთი და ლიეტუვა 1,000 ადამიანზე ყველაზე ნაკლებ მოქალაქეობას გასცემენ, თითოეულ შემთხვევაში ეს მონაცემი 0.5-ზე ნაკლებია.
Eurostat-ი თითოეული ქვეყნისთვის ნატურალიზაციის მაჩვენებელსაც ითვლის – თუ რამდენი პირი იღებს მოქალაქეობას ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების საერთო რაოდენობასთან შედარებით. ამ შემთხვევაში, ნატურალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში (7.9) დაფიქსირდა, შემდეგ რუმინეთსა (5.9) და იტალიაში (4.1).
მიუხედავად გამარტივების მცდელობისა, იტალიას ამჟამად ევროპის სხვა ქვეყნებს შორის, მოქალაქეობის გაცემის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა აქვს. იმიგრანტებს მოქალაქეობაზე მოთხოვნის გაკეთებამდე, უწევთ ქვეყანაში სულ მცირე 10 წელი იცხოვრონ. მსგავსი მოთხოვნები მოქმედებს შვეიცარიაში, ლიეტუვასა და სლოვენიაში, ხოლო ფინეთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სავალდებულო მოთხოვნა ხუთი წელია.
წესების გამკაცრებაზე მუშაობს გაერთიანებული სამეფო და მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთებამდე, საცხოვრებელი ვადის 5-დან 10 წლამდე გაზრდას განიხილავს – იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მსურველი პირის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ საკითხებში მის მიერ შეტანილ წვლილი ნებართვის გასაცემად საკმარისი არ აღმოჩნდება. ბელგიამ კი ცოტა ხნის წინ მოქალაქეობაზე განაცხადის საფასური 150 ევროდან 1,000 ევრომდე გაზარდა.