ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. ტრამპის განცხადებით, ქვეყნებს შორის თავდაცვის, ავიაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებებია მიღწეული.
ტრამპის მიერ ახალი, მაღალი ღირებულების გარიგებების დაანონსებამ გავლენა აშშ-ის საფონდო ბირჟაზეც იქონია. ოთხდღიანი ვიზიტის ფონზე, გაიზარდა ისეთი მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ფასები, როგორიც, მაგალითად, Nvidia, Alphabet-ი და Amazon-ია. თუმცა ხუთშაბათის მდგომარეობით, ბაზარზე საერთო ვარდნამ ამ კომპანიების აქციების ღირებულების ზრდაც შეანელა.
Super Micro Computers: საინფორმაციო ტექნოლოგიების ფირმის აქციების ღირებულება ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში თითქმის 30.6%-ით გაიზარდა. მატება სამშაბათს, საუდის არაბეთის მონაცემთა ცენტრ DataVolt-თან მიღწეული $20-მილიარდიანი პარტნიორობის გავლენით მოხდა. თუმცა ხუთშაბათის საღამოს მდგომარეობით, Super Micro-ს აქციების ღირებულება 0.2%-მდე დავარდა.
Nvidia: Nvidia-ს აქციების ღირებულება ხუთშაბათს მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სამშაბათსა და ოთხშაბათს მატებამ დაახლოებით 11%-ს მიაღწია. Nvidia-ს შედეგები ამერიკულ კომპანიასა და საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის საკუთრებაში არსებულ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Humain-ს შორის შემდგარ შეთანხმებას უკავშირდება. პარტნიორობის ფარგლებში, Nvidia საუდის არაბეთში გასაყიდად ხელოვნური ინტელექტის ასიათასობით ჩიპს გაიტანს. Blackwell-ის ჩიპების პირველი ტრანში კი Humain-ს გადაეცემა.
AMD: Humain-თან $10-მილიარდიანი თანამშრომლობა დააანონსა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანია Advanced Micro Devices-მაც (AMD). შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება 7.4%-ით გაიზარდა.
Palantir: Palantir-ის აქციების ღირებულება ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ხუთშაბათს კი თითქმის 1%-ით დაეცა. Palantir-ი ერთ-ერთი იყო იმ კომპანიებს შორის, რომლებიც აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმს ესწრებოდნენ.
Boeing: თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის აქციების ღირებულებამ ხუთბაშათს უკანასკნელი 52 კვირის მაქსიმუმს მიაღწია. Boeing-მა Qatar Airways-თან $96 მილიარდის ღირებულების გარიგებას მიაღწია, რომლის ფარგლებშიც კატარულ კომპანიას 210 თვითმფრინავს მიაწოდებს.
Alphabet: Google-ის მშობელი კომპანია Oracle-ს, Salesforce-ს, AMD-სა და სხვა მსხვილ კომპანიებს $80-მილიარდიან ინვესტიციაში უერთდება, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთსა და აშშ-ში „უახლესი ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების“ განვითარება იგეგმება. გარიგების დაანონსების შემდეგ, ოთხშაბათის მდგომარეობით, Alphabet-ის აქციების ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა.
Amazon: Amazon-ის აქციების ღირებულება სამშაბათს 1.3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ საუდის არაბეთში „ხელოვნური ინტელექტის ზონის“ განსავითარებლად $5 მილიარდის პარტნიორობა დააანონსა. თუმცა აქციების დადებითი დინამიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ერთ აქციაზე კომპანიის ფასი ოთხშაბათს 0.5%-ით და ხუთშაბათს 2.3%-ით დაეცა.
Tesla: Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი იმ მილიარდერებს შორის იყო, ვინც ტრამპს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისას შეუერთდა. ამან, როგორც ჩანს ჩანს, Tesla-ს აქციების ფასი ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში 8.6%-ით გაზარდა.
ხუთშაბათს შუადღისთვის საფონდო ბირჟებზე ზრდა კვლავ განახლდა. თუმცა მანამდე, დილის საათებში, ვარდნა დაფიქსირდა, რაც ძირითადად Walmart-ის აქციების ღირებულების 3%-ითა და UnitedHealth-ის აქციების ფასის 14%-იანი ვარდნით იყო გამოწვეული. მოგვიანებით, S&P 500-ის საფონდო ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა, Nasdaq-მა და Dow Jones-მა კი, შესაბამისად, 0.2%-იანი და 0.4%-იანი მატება დააფიქსირეს. ექსპერტების ვარაუდით, დილის საათებში ვარდნა შესაძლო რეცესიისადმი ინვესტორთა სიფრთხილეს უკავშირდებოდა, თუმცა ამ კვირის დასაწყისში აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეულმა სავაჭრო შეთანხმებამ სიტუაცია გამოასწორა.