გლობალურ საფონდო ბირჟაზე ორშაბათს დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შედეგად, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიათა აქციათა ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. აქციათა ფასის ვარდნა უმდიდრეს ადამიანთა ქონებაზეც აისახა.
საფონდო ბირჟაზე კომპანიათა აქციების ფასების ვარდნის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების შვიდი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის – Amazon-ის, Apple-ის, Meta-ს, Google-ის მფლობელი Alphabet-ის, Microsoft-ის, Nvidia-სა და Tesla-ს – საბაზრო კაპიტალიზაცია კოლექტიურად $1 ტრილიონით შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა იმ მილიარდერთა ქონების წმინდა ღირებულებაც, რომელთა სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კომპანიების აქციებზე მოდის.
Forbes-ის ანგარიშით, ერთ დღეში ყველაზე მეტი Amazon-ის თავმჯდომარემ და თანადამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაკარგა. ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ღირებულება 5%-ზე მეტით დაეცა, რის შედეგადაც ამერიკელი ბიზნესმენის ქონება $8 მილიარდით, $179 მილიარდამდე შემცირდა. ამჟამად ბეზოსი, $180.7 მილიარდით, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია.
ქონების დანაკარგით კი რიგით მეორე Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგია. AI-ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის აქციათა ფასი, საფონდო ბირჟაზე ვარდნის შედეგად, 7%-ით შემცირდა. ჰუანგის ქონებამ კი $7.9 მილიარდით, $87 მილიარდამდე იკლო. ამჟამად ჰუანგი $91.8 მილიარდით Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა.
შემდეგი მარკ ცუკერბერგია – Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი. ცუკერბერგის ქონება $7 მილიარდით $164 მილიარდამდე შემცირდა, ახლა კი ამერიკელი მილიარდერი თითქმის $171.8-მილიარდიანი ქონებით რეიტინგის მეოთხე პოზიციაზეა. Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის ხუთეულს ლარი ელისონი ასრულებს. Oracle-ის დამფუძნებლის ქონება $6 მილიარდით, $161.6 მილიარდამდეა შემცირებული.
რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, Forbes-ის რეიტინგში ლიდერობას კვლავ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ინარჩუნებს. თუმცა საფონდო ბირჟაზე გლობალურმა ვარდნამ გავლენა მის ქონებაზეც იქონია. Tesla-ს აქციათა ღირებულების 5%-იანი ვარდნით, მასკის ქონების წმინდა ღირებულება $6 მილიარდით $221 მილიარდამდე შემცირდა. Forbes-ი, ბოლო მონაცემებით, მასკს $221.4 მილიარდად აფასებს.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის, რომელთა ქონებაც გლობალურ საფონდო ბირჟაზე ვარდნის შედეგად შემცირდა ასევე მოხვდნენ Google-ის თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, რომელთაც ცალ-ცალკე $4-$4 მილიარდი იზარალეს. $3 მილიარდით ღარიბია Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, ხოლო კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა $4 მილიარდი დაკარგა.
ყველაზე დიდი ვარდნა იაპონიის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირდა, სადაც Nikkei 225-ის ინდექსი დაახლოებით ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მეტით – 12%-ით დაეცა. Europe-ის Stoxx 600 – დაახლოებით 2%-ით, ხოლო აშშ-ის S&P 500-ის 3%-ით დავარდა.