ფოტო: Reuters
მცენარეული კულტურები ადამიანის კვების რაციონის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. მარცვლეული, ლერწმოვანი თუ სხვა სახის მცენარეები გადამუშავების შედეგად სასურსათო ასორტიმენტის მრავალფეროვნებას განაპირობებს. სტატიაში წარმოგიდგენთ სწორედ იმ მცენარეული კულტურებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით მოჰყავთ.
მონაცემები აღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2024 წლის ანგარიშიდან და სწორედ ამ წლის მდგომარეობით არსებულ მოცემულობას ასახავს.
ცნობისათვის, მცენარეულ კულტურებს ძირითადი საკვები პროდუქტების მთავარი ინგრედიენტის გარდა, მსხვილი ინდუსტრიების, მათ შორის ბიოსაწვავისა და დამატკბობლების წარმოებაშიც დიდი როლი უკავია.
მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით მოყვანილი მცენარეული კულტურა შაქრის ლერწამია. FAO-ს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, გლობალურად ყოველწლიურად თითქმის 2 მილიარდ ტონა შაქრის ლერწმის მოსავალს იღებენ. შაქრის ლერწმის დომინაცია მნიშვნელოვნად აჭარბებს სიაში შემდგომ მცენარეულ კულტურებს. აღნიშნული კულტურის გამოყენება საკმაოდ ფართოა, მისგან ამზადებენ როგორც ჩვეულებრივ საკვებ შაქარს, ისე დამატკბობლებსა და ბიოსაწვავსაც.
მეორე ყველაზე პოპულარული მცენარეული კულტურა სიმინდია. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გლობალურად 1.22 მილიარდი ტონა სიმინდის მოსავალი აიღეს. საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში, რომელიც სიმინდის უმსხვილესი მწარმოებელია, ამ მცენარეულ კულტურას უმეტესწილად ცხოველების საკვებად ან ბიოსაწვავის, ეთანოლის დასამზადებლად იყენებენ.
მსოფლიოში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული საკვები მცენარეული კულტურა, ბრინჯი და ხორბალი, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გლობალურად 820 მილიონი ტონა ბრინჯის და 798 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალი აიღეს. აღნიშნული კულტურების როგორც მოხმარება, ისე გავრცელება თითქმის თანაბარია.
თუკი მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, დიდწილად აზიის მოსახლეობა ძირითად მცენარეულ საკვებ პროდუქტად ბრინჯს იყენებს, მეორე ნახევარი სწორედ ხორბლის პროდუქტებს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი და მისი ნაწარმი ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, აღნიშნული კულტურის სამი მთავარი მწარმოებელი ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი არიან.
სიაში მეხუთე პოზიციაზე ზეთის პალმის ნაყოფია. აღნიშნული მცენარეული კულტურა პატარა, მოწითალო-ნარინჯისფერი ნაყოფია, რომელსაც პალმის ზეთის დასამზადებლად იყენებენ და ის ძირითადად ტროპიკულ კლიმატში იზრდება. პალმის ზეთი კი თავის მხრივ გამოიყენება როგორც საკვებ მრეწველობაში, ისე კოსმეტიკურ ინდუსტრიასა და ბიოსაწვავის სახითაც. 2024 წელს 419 მილიონი ტონა ზეთის პალმის ნაყოფის მოსავალი აიღეს.
| რეიტინგი | მცენარეული კულტურა | მოსავალი 2024 წელს (ტონა) |
| 1 | შაქრის ლერწამი | 1,939,782,021 |
| 2 | სიმინდი | 1,218,205,574 |
| 3 | ბრინჯი | 820,223,277 |
| 4 | ხორბალი | 798,481,711 |
| 5 | ზეთის პალმის ნაყოფი | 418,696,914 |
| 6 | სოიას მარცვალი | 397,671,688 |
| 7 | კარტოფილი | 390,428,972 |
| 8 | მანიჰოტი | 341,905,934 |
| 9 | შაქრის ჭარხალი | 293,624,598 |
| 10 | პომიდორი | 188,498,383 |
















