რომელი პროფესიებია AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკისგან ყველაზე დაცული?

რომელი პროფესიებია AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკისგან ყველაზე დაცული?

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ცვლის სამუშაო გარემოს და გარკვეულ სფეროებში ადამიანურ რესურსსაც ანაცვლებს. თუმცა AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკი ყველა პროფესიის წინაშე ერთნაირი სიმძაფრით არ დგას. ზოგი სამუშაო პოზიცია – განსაკუთრებით ის, რომელიც ადამიანურ ურთიერთობას, ემოციურ ინტელექტსა და რთული გადაწყვეტილებების რეალურ დროში მიღებას მოითხოვს – დღემდე ხელოვნური ინტელექტისგან ყველაზე დაცულად მიიჩნევა.

Esquimoz-მა სწორედ ასეთი პროფესიები გამოავლინა და მათ AI-ისგან დაცულობის ქულა მიანიჭა. მაქსიმალური ქულა 100-ს შეადგენს და რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო მეტად არის ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებისგან დაცული სამუშაო პოზიცია, რომელსაც ეს ქულა მიენიჭა.

იმის გასარკვევად, თუ რომელი სამუშაოებია ყველაზე დაცული ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცლებისგან, კვლევის დროს, თითოეული პროფესიის შემთხვევაში, ავტომატიზაციის რისკისა და საზოგადობრივი ურთიერთობის აუცილებლობის პროცენტული მაჩვენებლები განისაზღვრა.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ AI-ისგან ჩანაცვლება ყველაზე ნაკლებად საგანგებო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ემუქრებათ. ამ პროფესიას, მიუხედავად ავტომატიზაციის რისკის 7%-ით შეფასებისა, დაცულობის მხრივ 100 ქულა მიენიჭა. მეორე ადგილზე ჯანდაცვის სოციალური მუშაკის პოზიციაა, რომელსაც 98 ქულა აქვს მინიჭებული. მესამე ადგილზე კი, 86 ქულით, იურისტის პროფესიაა, რომლის ავტომატიზაციის რისკი 29%-ით ფასდება.

პროფესიასაზოგადოებრივ ურთიერთობაზე დამოკიდებულება (%)ავტომატიზაციის რისკი (%)დაცულობის საერთო ქულა (100-დან)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები100%7%100
ჯანდაცვის სოციალური მუშაკები100%11%98
იურისტები100%29%86
სამედიცინო და ჯანდაცვის მენეჯერები90%26%82
მშენებლობისა და მოპოვებითი სექტორის ზედამხედველები79%17%80
ადამიანური რესურსების (HR) მენეჯერები83%26%78
გენერალური და საოპერაციო დირექტორები80%36%70
სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების სპეციალისტები72%35%65
ადმინისტრაციული პერსონალის ზედამხედველები82%50%62
ტრენინგისა და კადრების განვითარების სპეციალისტები58%29%60

მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რატომ არ ექუმრება ამ პროფესიებს ხელოვნური ინტელექტისგან ჩანაცვლების მაღალი რისკი? ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაო პოზიციების დიდი ნაწილი ადამიანურ ურთიერთობებზე დგას, იქნება ეს პაციენტთან, თანამშრომელთან თუ კლიენტთან ემოციური კავშირის დამყარება. მაგალითად, სიაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და სოციალური მუშაკები ლიდერობენ, რადგან მათი სამუშაო გადაწყვეტილების რეალურ დროში მიღებასა და ადამიანურ ურთიერთობას მოითხოვს, რასაც AI ჯერჯერობით თავს ვერ ართმევს.

შედარებით მდგრადია მენეჯმენტთან დაკავშირებული პოზიციებიც, რადგან ის ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, რისი ავტომატიზაციაც რთულია. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტისგან ჩანაცვლების დაბალი რისკის ქვეშაა ფიზიკური, პრაქტიკული სამუშაო პოზიციები.